საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1041აპ-25 23 აპრილი, 2026 წელი
რ-ე რ., №1041აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის, მსჯავრდებულ რ. რ-ისა და მისი ადვოკატის – ნ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. რ-ეს ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.2. რ. რ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, თ-ში, ნ-ს ქუჩის №--ში არსებული შპს „რ.ნის“ შენობაში, რ. რ-ე თანამშრომელს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე გ. ქ-ეს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ეპყრობოდა დისკრიმინაციულად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა ხელის არეში ერთხელ, ხოლო თავის არეში – ორჯერ, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით, რ. რ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე. რ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 7 000 ლარის ოდენობით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა: 2023 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, თ-ში, ნ-ს ქუჩის №--ში არსებული შპს „რ.ნის“ შენობაში, რ. რ-ე თანამშრომელს, გ. ქ-ეს, რომელსაც გარეგნობის და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ეპყრობოდა დისკრიმინაციულად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა ჯერ ხელის, შემდეგ – თავის არეში, ბოლოს კი ხელი ჰკრა, რა დროსაც ეს უკანასკნელი წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, რ. რ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და რ. რ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის, მსჯავრდებულ რ. რ-ის და მისი ადვოკატის, ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
3.2.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე – დავით ხვედელიძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი კვალიფიკაციის შეცვლას, რ. რ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენისას რ. რ-ეს შეცნობილი ჰქონდა გ. ქ-ის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მართალია, დაზარალებულს სამსახურში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ წარუდგენია, თუმცა მის სხეულზე არსებული დამწვრობის კვალი ყველასთვის თვალსაჩინო იყო. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან აპელირება მხოლოდ დოკუმენტის წარუდგენლობაზე და ამ საფუძვლით მაკვალიფიცირებელი ნიშნის ამორიცხვა ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას. აღნიშნულ შემთხვევაში დოკუმენტის წარდგენა მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის მატარებელი იქნებოდა და არა ერთადერთი დამადასტურებელი გარემოება. გარდა ამისა, რ. რ-ის მიერ სამუშაო ადგილას, თანამშრომელთა თანდასწრებით წარმოთქმული დამამცირებელი სიტყვები იყო დისკრიმინაცია წარმოშობისა და გარეგნობის ნიშნით, რამაც დაზარალებულში გამოიწვია უსუსურობის, ჩაგვრისა და არასრულფასოვნების განცდა. ამასთან, პროკურორის მოსაზრებით, რ. რ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არაპროპორციული და უსამართლოა.
3.2.2. მსჯავრდებული რ. რ-ე და მისი ადვოკატი ნ. მ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ რ. რ-ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: გ. ქ-ე მოქმედებდა შურისძიების მოტივით; გ. ქ-ესა და რ. რ-ეს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, რომელშიც დაზარალებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ცდილობს შპს „რ.ნის“ მიმართ სახელგამტეხი ცნობების გავრცელებას. აღნიშნული ფაქტი ცალსახად ადასტურებს, რომ გ. ქ-ეს რ. რ-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმისადმი აქვს მატერიალური დაინტერესება; გ. ქ-ემ სხეულზე დაზიანებები მიიღო არა რ. რ-ის ძალადობის, არამედ – ხის კონსტრუქციაზე ფეხის წამოკვრის შედეგად; მოწმე მ. მ-ი მიკერძოებულია, რის გამოც, მის ჩვენებას ვერ დაეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი; სასამართლოს ობიექტურად არ შეუფასებია საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. რ-ის მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა – გ. ქ-ემ – ჩვენების მიცემისას აღწერა 2023 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, თ-ში, ნ-ს ქუჩის №--ში მდებარე შპს „რ.ნის“ შენობაში, მისი თანამშრომლების თანდასწრებით განვითარებული მოვლენები და დამაჯერებლად ისაუბრა რ. რ-ის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე და, შედეგად განცდილ ტკივილზე, რის გამოც, დაეჭვების საფუძველი არც საკასაციო პალატას გააჩნია. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება აკმაყოფილებდა სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობდა კითხვებს, მოწმის სანდოობასთან დაკავშირებით.
4.4. დაზარალებულის ჩვენება შეესაბამება თვითმხილველი მოწმის – მ. მ-ის – ჩვენებას, რომელმაც ცალსახად დაადასტურა შემთხვევის დროს რ. რ-ის მიერ გ. ქ-ის როგორც სიტყვიერი, ისე – ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის ჩვენებით, რ. რ-ე სიტყვიერად შეურაცხყოფდა დაზარალებულს, რის გამოც, ამ უკანასკნელმა იგრძნო საფრთხე, ამოიღო ტელეფონი, დაიწყო გადაღება და უკუსვლით მოძრაობა, რ. რ-ე კი მიჰყვებოდა დაზარალებულს და შეურაცხყოფდა. მან დაინახა რ. რ-ის მიერ დაზარალებულისთვის ხელის ხელზე ჩარტყმა, რა დროსაც გ. ქ-ეს ძირს დაუვარდა ტელეფონი და მოიხარა; რ. რ-ე კვლავ იქნევდა ხელებს დაზარალებულის მიმართულებით და ეს უკანასკნელიც წაიქცა. თავად დაზარალებული წამოაყენა, ხოლო თანამშრომელმა – რ. ს-ამ – გაიყვანა რ. რ-ე, რომელიც გ. ქ-ისკენ ისევ დასარტყმელად იწევდა. მოწმემ ისაუბრა შემთხვევის დღეს დაზარალებულის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე (გ. ქ-ე კანკალებდა, ნერვიულობდა და დაცემის შემდეგ მუხლსა და იდაყვს იტკიებდა).
4.5. სასამართლოში მოწმედ დაიკითხა ინციდენტის შემსწრე მ. მ-ი, რომელმაც აღნიშნა, რომ 2023 წლის 14 ივნისს რ. რ-ემ რამდენჯერმე დაარტყა ხელი გ. ქ-ეს იმ მხარეს, სადაც ტელეფონი ეჭირა, რის შედეგადაც დაზარალებული წაიქცა.
4.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ზემოაღნიშნულ მოწმეთა მიკერძოებულობაზე, რადგან მათი ჩვენებები არც ეჭვის საფუძველს წარმოშობს და არც მათ სუბიექტურ დაინტერესებაზე მიუთითებს. ამასთან, მ. მ-ისა და მ. მ-ის გარდა, მოწმე ქ. გ-იც ადასტურებს გ. ქ-ის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნული მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ამსახველი მოვლენების ვიდეოგადაღებამ რ. რ-ე გააღიზიანა, რის შემდეგაც იგი უკუსვლით მიმავალ დაზარალებულს მისდევდა და ხელით ურტყამდა.
4.7. დაზარალებულ გ. ქ-ისა და ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს ამყარებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია 2023 წლის 14 ივნისს, შპს „რ.ნში“ განვითარებული მოვლენები და რ. რ-ის მიერ გ. ქ-ის ცემის ფაქტი. ჩანაწერში ნათლად და მკაფიოდ ჩანს რ. რ-ის ქმედებები, რომელიც მარჯვენა ხელს იქნევს გ. ქ-ის მისამართით, მის მიერ მოქნეული ხელი ხვდება გ. ქ-ეს მარცხენა ხელზე, რა დროსაც, გ. იხრება და ცდილობს ძირს დაგდებული ტელეფონის ხელში აღებას. ჩანაწერის მიხედვით, წელში მოხრილ გ. ქ-ეს რ. რ-ე ფეხს უდებს ფეხებს შორის და მარცხენა ხელს ურტყამს თავის არეში, ხოლო მარჯვენა ხელის იდაყვით დაყრდნობილია გ.ს ზურგზე და ძალადობრივად უბიძგებს ხელით, რის შემდეგაც, გ. ქ-ე ეცემა იატაკზე, რომელთანაც საშველად მიდის მ. მ-ი. აღნიშნული ჩანაწერი არ იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას, ადასტურებს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების საფუძვლიანობას და გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ რ. რ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაზარალებულზე ძალადობას.
4.8. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, რ. რ-ის მხრიდან დარტყმითი კონტაქტები გ. ქ-ის მიმართ არ ფიქსირდება. ექსპერტმა ერთმანეთისგან გამიჯნა შეხებითი და დარტყმითი კონტაქტები და აღნიშნა, რომ შეხებითი კონტაქტი, შესაძლოა, ყოფილიყო, თუმცა, ვინაიდან, შესახებმა ზედაპირმა არ განიცადა მოძრაობა, არ ყოფილა დარტყმითი კონტაქტი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსისა, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ განაჩენის დაფუძნება მხოლოდ აღნიშნულ დასკვნაზე არ შეიძლება, რადგან მის საფუძველზე უგულებელყოფილია ყველა სხვა მტკიცებულება, რომლებითაც ცალსახად დასტურდება რ. რ-ის მიერ გ. ქ-ის ცემის ფაქტი. უტყუარია, რომ რ. რ-ე იქნევს ხელებს; სწორედ მისი მოქმედებების შედეგად იხევს უკან და ეცემა ძირს გ. ქ-ე.
4.9. დაზარალებულის და თვითმხილველი მოწმეების თანმიმდევრული ჩვენებების უგულებელყოფა ვერც მოწმე ნ. ც-ის ჩვენებით მოხდება. აღნიშნულმა მოწმემ განმარტა, რომ რ. რ-ეს არ დაურტყამს გ. ქ-ისთვის, მას მხოლოდ ტელეფონის გამორთმევა სურდა და როდესაც ტელეფონს მისწვდა, გ. ქ-ემ ე.წ. „პალეტს“ წამოჰკრა ფეხი და წაიქცა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოწმე ნ. ც-ის ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება დაზარალებულისა და ინციდენტის უშუალო შემსწრე სხვა მოწმეთა ჩვენებებს, აგრეთვე – მტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენების შინაარსი ბადებს საფუძვლიან ეჭვს როგორც მოწმის სანდოობის, ისე მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის მიმართ, რაც ამცირებს მისი მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას.
4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის და რ. რ-ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტს ადასტურებს დაზარალებული. იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნით დადგინდა, რომ შემოწმების მომენტში, გ. ქ-ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და ნაჭდევი მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე საყურადღებოა, რომ დაზარალებული შემოწმების დროს უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში, რაც ლოკალიზაციის მიხედვით, ემთხვევა დაზარალებულის მიერ ჩვენებაში აღწერილს.
4.11. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ანალოგიურად დგინდება, რომ გ. ქ-ეს სხეულზე აღენიშნებოდა ორი დაზიანება – 2.0X1.0სმ ზომის სისხლნაჟღენთი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და ნაჭდევი მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე ზომით 0.6X0.3სმ. აღსანიშნავია, რომ არც თავად დაცვის მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ 2023 წლის 14 ივნისს დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა მიუთითებს აღნიშნული დაზიანებების სხვა გზით განვითარების თაობაზე და აღნიშნავს, რომ გ. ქ-ემ დაზიანებები მიიღო ე.წ „პალეტზე“ ფეხის წამორტყმის შედეგად დაცემის გამო და არა ძალადობის შედეგად.
4.12. საკასაციო პალატას საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ შემთხვევის დღეს, შპს „რ.ნის“ შენობაში, რ. რ-ემ გ. ქ-ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ეს უკანასკნელი წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას რ. რ-ის ქმედებაში გარეგნობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის არსებობის შესახებ და, არგუმენტაციის გამეორების გარეშე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მან გ. ქ-ის მიმართ სწორედ აღნიშნული მოტივით იძალადა.
4.13. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორი დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ აქვს მატერიალური გამორჩენის ინტერესი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო წესით სასამართლოში მიმდინარე დავა, რომლის ფარგლებშიც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, უტყუარად არ ადასტურებს, რომ იგი სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობს მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესით, რადგან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სამართალწარმოება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და განსხვავებული მიზნების მქონეა (ამ შემთხვევაში პირველი მიზნად ისახავს კომპენსაციის მიღებას, ხოლო, მეორე – დანაშაულზე რეაგირებას). შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს დაზარალებულის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციას, რაც თავისთავად ვერ ჩაითვლება ისეთ გარემოებად, რომელიც განსაზღვრავს მის სუბიექტურ მოტივაციას სისხლის სამართლის პროცესში ან ქმნის საფუძველს მისი პიროვნების სანდოობის ეჭვქვეშ დასაყენებლად.
4.14. ბრალდების მხარემ, რ. რ-ეს, ქმედების დამამძიმებელ გარემოებად წარუდგინა დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, თუმცა მსგავსად სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებისა, არც საკასაციო სასამართლო იზიარებს დანაშაულის ამ მაკვალიფიცირებელი ნიშნის არსებობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.15. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. ქ-ე სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიან სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულია სოციალური პაკეტის მიმღებად, როგორც ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი და სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული აქვს 2003 წლის 11 მარტიდან. ასევე, დადგენილია, რომ გ. ქ-ის მიერ მისთვის მინიჭებული სტატუსის დამდგენი დოკუმენტი შპს „რ.ნში“ წარდგენილი არ ყოფილა.
4.16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა გულისხმობს, რომ დამნაშავეს ქმედების განხორციელების მომენტში ცნობილი აქვს მსხვერპლის აღნიშნული მდგომარეობა. ასეთი ცოდნა შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც სტატუსის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტაციას, ისე – კონკრეტული გარემოებების ობიექტურ აღქმას, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობა ვიზუალურად აშკარა და ადვილად ამოსაცნობია. შესაბამისად, აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების შესახებ ცოდნის არსებობის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, არამედ იმასაც, თუ რამდენად იყო აშკარად და ობიექტურად აღქმადი დაზარალებულის მდგომარეობა გონივრული დამკვირვებლისთვის კონკრეტულ ვითარებაში.
4.17. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დაზარალებულის მიერ მისთვის მინიჭებული სტატუსის დამდგენი დოკუმენტის შპს „რ.ნში“ წარუდგენლობა ავტომატურად არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ დამნაშავეს აღნიშნული სტატუსის შესახებ ცოდნა შეიძლება ჰქონოდა. შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ ამ მიმართებით.
4.18. ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომლის თანახმად, მან რ. რ-ეს, დაზღვევასთან დაკავშირებით უთხრა, რომ იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხოლო ამ უკანასკნელმა გადაამისამართა ბუღალტერთან. ბრალდების მხარეს არც ბუღალტერი დაუკითხავს და არც სხვა რომელიმე მოწმე, რომელთაც ამ მიმართებით შეეძლოთ დაზარალებულის პოზიციის გამყარება. თავის მხრივ, რ. რ-ემ უარყო დაზარალებულის მიერ მისი ინფორმირებულობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
4.19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულს სხეულზე მართლაც ჰქონდა ხილული დამწვრობის კვალი, რომელიც მესამე პირისთვისაც ადვილად შესამჩნევი იყო, თუმცა მხოლოდ ვიზუალური დეფექტის არსებობა ავტომატურად ვერ ჩაითვლება გარემოებად, რომელიც მსჯავრდებულს დაავალდებულებდა, სცოდნოდა დაზარალებულის შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, რადგან აღნიშნული დაზიანება არ იწვევდა აშკარა ფუნქციურ შეზღუდვას – დაზარალებული ჩვეულებრივად საუბრობდა, აზროვნებდა და მოქმედებითა თუ ქცევით არ განსხვავდებოდა სხვა პირებისგან. ამგვარ მოცემულობაში, დაუსაბუთებელია პროკურორის პოზიცია მსჯავრდებულისთვის დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის – წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ – შერაცხვის თაობაზე.
4.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ რ. რ-ისთვის წარდგენილი ბრალდება – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან სწორად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ამასთან, რ. რ-ეს დაენიშნა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი სასჯელი, რისი გამკაცრებაც მიზანშეუწონელია.
4.21. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.23. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, მხარეთა საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის, მსჯავრდებულ რ. რ-ისა და მისი ადვოკატის – ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე