საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125010748151
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1162აპ-25 20 მაისი, 2026 წელი
გ–ი ა., №1162აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის, ასევე მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ც–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. გ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თ–ში, .....ს გამზირზე გამართული აქციის დროს, ა. გ–ი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა პატრულ-ინსპექტორ ვ. გ–ას, რა დროსაც ა. გ–მა პატრულ-ინსპექტორ ვ. გ–ას დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. ა. გ–ის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ვ. გ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. გ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თ–ში, ....ს გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, ა. გ–მა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა პატრულ-ინსპექტორ ვ. გ–ას. შელაპარაკებისას ხელი ჩაავლო ქურთუკში, რის შემდეგაც გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, ფეხი მიარტყა ფეხში, რის გამოც ვ. გ–ა და თანმხლები პატრულ-ინსპექტორები იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენით, ა. გ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ და მოითხოვა ა. გ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.4. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერსების დამცველმა ადვოკატმა ლ. ც–ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენი.
3.2. 2025 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ და მოითხოვა ა. გ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2025 წლის 18 დეკემბერს, მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ც–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ა. გ–ის უდანაშაულოდ ცნობა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ა. გ–ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში უკანონოა, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია დასკვნისთვის, რომ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ვ. გ–ას თავს დაესხა ა. გ–ი. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2025 წლის 24 ნოემბერს, ქ. თ–ში, ....სის გამზირზე ვ. გ–ა ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას. შემთხვევის დროს პატრულ-ინსპექტორი ვ. გ–ა აღჭურვილი იყო საპატრულო პოლიციის ფორმით და შესაბამისად, იყო სრულად იდენტიფიცირებადი, როგორც პოლიციის თანამშრომელი. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომელი ვ. გ–ა პირდაპირ კომუნიკაციაში არ არის ა. გ–თან. უფრო მეტიც, ვ. გ–ა მსჯავრდებულის მიმართ დგას ზურგშექცევით, რა დროსაც ა. გ–ი მიჰყვება მას, ატრიალებს მისკენ და სახეში ურტყავს ხელს. შესაბამისად, მისი ქმედება წარმოადგენს თავდასხმას. რის გამოც არ არსებობდა წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. კასატორი ასევე უთითებს, რომ განსახილველ საქმეზე გამოტანილი განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს N468აპ-20 სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ პრაქტიკას.
4.2. დაცვის მხარის, მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ც–ის პოზიციით გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. ვინაიდან, ა. გ–ი მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებდა, რადგან იგი იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ანუ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას, თავისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად დააზიანა ხელმყოფი. ა. გ–მა იმოქმედა ურთიერთდაჭიდების ფარგლებში, რასაც ადგილი ჰქონდა ვ. გ–ას მხრიდან. ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, დაკავებამდე და დაკავების შემდეგაც პოლიციელებმა იძალადეს ა. გ–ის მიმართ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდეგნილმა მოწმეებმა კი, სასამართლოს მისცეს ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები, რაც მათი გაუზიარებლობის უპირობო საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს ა. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2024 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თ–ში, ....ს გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პატრულ-ინსპექტორი ვ. გ–ა ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. რა დროსაც ა. გ–მა მას შელაპარაკებისას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. ბრალდების მხარე სადავოდ მიიჩნევს ქმედების კვალიფიკაციას, ხოლო დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ქმედების განხორციელების დროს ა. გ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
5.3. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მხარეთა არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ა. გ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის კანონიერება. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ: 2024 წლის 25 ნოემბრის ინტერნეტგვერდის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №..... დასკვნით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის №.... სამედიცინო ბარათით, საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №..... ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №..... სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №..... ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, საქართველოს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის წერილით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით და მოწმეთა ჩვენებებით.
5.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, პირველ ყოვლისა, უნდა დადასტურდეს: პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს თუ არა შესაბამისი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს. თუკი შემადგენლობის არსებობა დადგინდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის – აუცილებელი მოგერიების ვითარება და შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის №424აპ-16 გადაწყვეტილება). შესაბამისად, საკასაციო პალატა თავდაპირველად იმსჯელებს ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ ა. გ–ის ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
5.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ კვალიფიკაციას და მიუთითებს, რომ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან, მის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას და ა.შ. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს კვალიფიციურ მსჯელობას, რომ როგორც გამოკვლეული, ისე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, რომლებიც ამხელენ მსჯავრდებულ ა. გ–ს დანაშაულის ჩადენაში, არის თანმიმდევრული, თანხვედრაშია ერთმანეთთან და არ იწვევს ეჭვის შეტანის საფუძველს. ამასთან, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია ისეთი უტყუარი მტკიცებულებებით, როგორიცაა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად დააკვალიფიცირა ა. გ–ის ქმედება.
5.6. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა კონკრეტული მიზანი – ავტომობილებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წინ არსებულ ტერიტორიამდე მიღწევა. ა. გ–ი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, გზა განეგრძო ავტომობილების გარეშე, რაც გახდა კონფლიქტის მიზეზი. ვიდეო-ჩანაწერში ცალსახად ჩანს, რომ ა. გ–ი აწვება პატრულ-ინსპექტორ ვ. გ–ას, ცდილობს მის უკან დახევას, რა დროსაც მისგან გათავისუფლების მიზნით დაზარალებული, ისე რომ არ ბრუნდება ა. გ–ისკენ, ხელს იქნევს ზევით. აღნიშნულიდან რამდენიმე წამში ა. გ–ი ხელს ურტყამს სახეში ვ. გ–ას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მიმდინარეობდა ისეთი კანონიერი ქმედებები, რაც ამ უკანასკნელს ხელს უშლიდა, ავტომობილებთან ერთად, დანიშნულების ადგილამდე მისვლაში, რაც გახდა კონფლიქტისა და შემდგომში პოლიციელისთვის სახეში ხელის დარტყმის მიზეზი. მას შემდეგ, კი რაც მსჯავრდებულს მიეცა გზის გაგრძელების შესაძლებლობა, ა. გ–ს პოლიციელთა მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განუხორციელებია.
5.7. გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ მსჯავრდებულის ქმედება მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით და სახეზე არ გვაქვს პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ა. გ–ის მოსაზრებით, პოლიციელთა მოქმედებით მას ეზღუდებოდა თავისუფალი აზრის გამოხატვისა და გადაადგილების უფლება, რის გამოც იმოქმედა პოლიციელის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ა. გ–ის ქმედება თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.8. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის, ხოლო რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მასში ასახული გარემოებები განსხვავდება მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან.
5.9. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ა. გ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ანალიზიდან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N593აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ „პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N862აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი “.
5.10. საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანეს ობიექტურ მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელთა შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ა. გ–ს, რომელიც არ ემორჩილებოდა დაზარალებულის მითითებას და ხელი ეკიდა პატრულ-ინსპექტორის ქურთუკზე, მისგან გათავისუფლების მიზნით, ხელი აუქნია ვ. გ–ამ, რა დროსაც შეეხო ა. გ–ის კეპიან ქუდს. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას, რომ დაზარალებულის მიერ განხორციელებული ფიზიკური კონტაქტი არ იყო იმ ხასიათისა და ინტენსივობის, რაც წარმოშობდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას. მსჯავრდებულს სუბიექტურად ვერ ექნებოდა საკუთარი თავის დაცვის მიზანი, მით უფრო იმ პირობებში, როცა ზურგშექცეული ვ. გ–ა ხელის ზემოთ აქნევის შემდეგ უკან იხევს, ა. გ–ი კი უბიძგებს მას და აგრესიულად ესაუბრება, დაზარალებული ამ დროს რაციით საუბრობს და ცდილობს გარიდებას, მსჯავრდებულის მიერ, კი დაზარალებულისთვის ხელის გარტყმა ხდება იმ დროს, როცა ხალხით გარშემორტყმული დაზარალებული რაიმე ქმედებას აღარ ახორციელებს. შესაბამისად, არ დგინდება აუცილებელი მოგერიების წინაპირობების არსებობა, რადგან ვ. გ–ას მხრიდან ა. გ–ის მიმართ რაიმე ხელყოფას არ ჰქონია ადგილი.
5.11. დაცვის მხარის მითითება, რომ საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს ვიდეოჩანაწერებს და რომ სასამართლოების შეფასებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია – არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო, რადგან აღნიშნული არ დგინდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების განაჩენებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი, რის გამოც, ისინი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს მათი ჩვენებები, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. ამასთან, შესაძლოა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. მათ მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
5.12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.13. რაც შეეხება ა. გ–ის განცხადებას, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მის კომპეტენციას წარმოადგენს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო გარემოებები დადასტურდება, აღნიშნული გარდამტეხ მნიშვნელობას ვერ იქონიებს ა. გ–ის მსჯავრდებაზე, ვინაიდან არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას, არ დაყდნობია უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს, მით უფრო, რომ ა. გ–ი სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა ბრალს და დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა არ ეფუძნება მის მიერ ბრალის აღიარებას.
5.14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ.
5.15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძისა და მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ც–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე