საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.05.2026
საქმის ნომერი
2კ-4აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№4აპ-26 თბილისი

ა–ი ნ., 4აპ-26 7 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ხ–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის, ე. ი. მისი ფსიქიკური იძულებისთვის, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ნ. ა–ს – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის, ე. ი. მისი ფსიქიკური იძულებისთვის, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 9 აგვისტოს, შუადღის საათებში, თ–ში, ...... ქუჩის №.. „..“-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–მა, წინასწარი შეცნობით ორსულ რძალს, ე. ხ–ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ერთხელ შეაფურთხა სახეში და ბოთლი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც, ე. ხ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 10 აპრილიდან 2022 წლის მაისამდე ს–ს რაიონში, ...ის გ...ს კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი და ნ. ა–ი, ჯგუფურად, სისტემატურად ამცირებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ თავიანთ რძალს, ე. ხ–ს, კერძოდ, ორივე მათგანი ე. ხ–ს მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით, ასევე, თითქოსდა ოჯახის ფინანსების დაზოგვის მიზნით, არ აძლევდნენ შესაძლებლობას, სურვილისამებრ მოეხმარა ელექტროენერგია, გაზი და მისთვის სასურველ დროს ეჭამა საჭმელი, რის შედეგადაც, ე. ხ–მა განიცადა ტანჯვა.

· 2022 წლის 10 აპრილიდან 2022 წლის მაისამდე, ს–ს რაიონში, ...ის გ...ს კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი და ნ. ა–ი თავიანთი რძლის – ე. ხ–ის – მიმართ ჯგუფურად ახორციელებდნენ ფსიქიკურ იძულებას, კერძოდ, იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, როგორც გათხოვილ ქალს, არ შეეძლო მეუღლისგან დამოუკიდებლად ქუჩაში გადაადგილება, აიძულებდნენ, თავი შეეკავებინა სურვილისამებრ საცხოვრებელი სახლიდან გასვლისგან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ: გ. ხ–ი (პირადი №...), დაბადებული ... წელს, ნასამართლობის არმქონე, – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ. ა–ი (პირადი №.........), დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულებს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ხ–ის – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ. ა–ის – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.

6. გამართლებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. წ–ი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ. ხ–ისა და ნ. ა–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ხ–ისა და ნ. ა–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №1155აპ-24, №1182აპ-24, №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №451აპ-20 №746აპ-19, №674აპ-20, N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).

9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდებოდა გ. ხ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ. ა–ის – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან ბრალდებულთა მიერ დანაშაულების ჩადენაზე უშუალოდ მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული ე. ხ–ი, თუმცა, მისი ჩვენების გარდა, სასამართლოში არ წარმოდგენილა სხვა, პირდაპირი ხასიათის თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებდა.

10. სასასმართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ არის საკმარისად გამყარებული წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამასთან, დაზარალებულის ჩვენების გარკვეული დეტალები ეწინააღმდეგება მის მიერვე კონფლიქტის თვითმხილველ პირებად დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებს (2023 წლის 9 აგვისტოს ბრალდების ნაწილში), რაც მომხდართან დაკავშირებით წარმოშობს გაუქარწყლებელ ეჭვებს. კერძოდ, ე. ხ–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2022 წლის 9 აგვისტოს, თავისი მეუღლის – ს. ა–ის – ნათესავის სახლში სტუმრობისას, მაშინ, როდესაც გ. ხ–ი შეუვარდა მას ოთახში, შეაფურთხა და ლიმონათის ორლიტრიანი ბოთლი ჩაარტყა თავში, თავდაცვის მიზნით აიღო თეფში და დაიწყო ყვირილი; მის ყვირილზე ოთახში ს. ა–ი, ა. ს–ი, ზ. ს–ი და ხ–ს რძალი ი. შევიდნენ. მისივე ჩვენებით, ყვიროდა, რომ ეშველათ და სასწრაფოში დაერეკათ. არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია მოვლენათა ამგვარი განვითარება.

11. გარდა ამისა, არ დაზუსტებულა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თარიღი – 2023 წლის 9 აგვისტო. მოწმეთა უმრავლესობამ (მათ შორის –დაზარალებულმაც) მიუთითა, რომ ეს იყო 2022 წლის (და არა – 2023 წლის) 9 აგვისტო. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ გაეცა პასუხი კითხვას – გ. ხ–ი და ე. ხ–ი შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს 2023 წლის 9 აგვისტოს.

12. რაც შეეხება მოწმე ზინაიდა ხუდოიანის ჩვენებას, მას სასამართლო პირდაპირი ხასიათის დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ განიხილავს, რადგან იგი მოცემულ საქმეზე საჭირო ინფორმაციას ფლობს ე. ხ–ისაგან მონაყოლის საფუძველზე, თვითონ კი ბრალდებულების მხრიდან დაზარალებულის მიმართ რაიმე აგრესიის გამოვლინებას არასდროს შესწრებია და არ არის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, ე.ი. მისი ჩვენება ირიბია. ამასთან, ზ. ხ–მა განმარტა, რომ, როდესაც იგი სტუმრობდა თავის შვილს ....ს რაიონში, არასდროს შესწრებია რაიმე სახის სიტყვიერ/ფიზიკურ შეურაცხყოფას ან იძულების რაიმე ფორმით გამოხატვას ე. ხ–ის მიმართ, არც ამ საკითხებთან დაკავშირებით უსაუბრია გ. ხ–თან.

13. მართალია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 27 დეკემბრის N.... დასკვნის თანახმად (რომლის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. მ–მა), საექსპერტო კვლევის შედეგებით, ე. ხ–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ფასდება ფსიქოლოგიურ ტანჯვად, მაგრამ საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიდგომას სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შეფასების ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დასკვნის გამცემმა ექსპერტმა მ. მ–მა სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა დასკვნის კატეგორიული ხასიათი და ის გარემოებაც, რომ დედამთილის და მულის ძალადობრივმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ე. ხ–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა, დასკვნით ნაწილში არ არის მითითებული, თუ როდის, ვისი და როგორი სახის ქმედებებით განიცადა ამგვარი ტანჯვა ე. ხ–მა. არც ფსიქოლოგიური კვლევის დროს დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია შეიცავს მითითებას მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებზე. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დაზარალებულის ექსპერტთან ვიზიტი შედგა 2023 წლის 20 დეკემბერს, როდესაც ბრალდების მხარე გ. ხ–ს და ნ. ა–ს ედავება 2022 წლის აპრილ-მაისის თვეებში ჩადენილ დანაშაულებს, რომლებმაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია. იმპერატიულად ვერ დადგინდა ე. ხ–ის ტანჯვის განცდაზე გავლენის მქონე ფაქტორები; ასევე არ დგინდება, რომ სწორედ გ. ხ–ის და ნ. ა–ის ქმედებების შედეგია დაზარალებულის მდგომარეობის ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასება, მაშინ, როდესაც დაზარალებული საუბრობს მეუღლის მხრიდან გამოვლენილ აგრესიაზეც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ცალსახად იმის მტკიცება, რომ აღნიშნული დასკვნა მიემართება ე. ხ–ის მიმართ დედამთილისა და მულის მხრიდან ძალადობრივი დამოკიდებულების დადასტურებას, შეუძლებელია.

14. ამრიგად, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. ხ–ისა და ნ. ა–ის დამნაშავეებად ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულთა სასარგებლოდ და გ. ხ–ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ. ა–ი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ ვლინდება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

17. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე