საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.05.2026
საქმის ნომერი
2კ-84აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123008207395

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №84აპ-26 5 მაისი, 2026 წელი

ც–ი ბ., №84აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ც–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ს. ჯ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. ც–ი (პირადი ნომერი: .......... ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. თ–ში მოქმედმა შპს „ჩ–ს“ რეალურმა ხელმძღვანელმა ბ. ც–მა, 2018 წლის 1 იანვრიდან განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 261972 ლარის ძირითადი გადასახადის გადახდას. კერძოდ, ბ. ც–ი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში არასრულად ასახავდა დამატებითი ღირებულების გადასახადითა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას, რამაც დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში გამოიწვია 149398 ლარის, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 112574 ლარის ოდენობით ძირითადი გადასახადის დარიცხვა. შპს ,,ჩ–ს“ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემულ 2021 წლის 28 მაისის N..... საგადასახადო მოთხოვნას, ბ. ც–ი გაეცნო 2021 წლის 19 ივნისს, რაც არ გაუსაჩივრებია. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ. ც–მა კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში – 2021 წლის 16 აგვისტომდე, არ გადაიხადა გადასახადად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება და გადახდის ვალდებულების შეჩერება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ბ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით, 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ც–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ჯ–ემ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ბ. ც–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2026 წლის 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ც–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ჯ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორთა პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ც–ის სარჩელი, რომლითაც სადავოდ არის გამხდარი ის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრა საგადასახადო დავალიანების მოცულობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში უნდა დადგინდეს სადავო აქტების კანონიერება, რის საფუძველზეც ბრალდების მხარე ბ. ც–ს ედავება გადასახადებისგან განზრახ თავის არიდებას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება მინიმუმ უნდა შეჩერებულიყო ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. დაცვის მხარის პოზიციით ზემოხსენებული გარემოება ბ. ც–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველია, ვინაიდან, არ არის გამორიცხული, რომ ბათილად იქნას ცნობილი ის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო ბ. ც–ის ბრალდებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს სადავო პერიოდში ბ. ც–ის მიერ შპს ,,ჩ–ს“ ხელმძღვანელობის ფაქტი. საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მინიმუმ უნდა შეეჩერებინა საქმის განხილვა, ვინაიდან მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი ის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრა საგადასახადო დავალიანების მოცულობა.

5.3. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის – ი. ჯ–ს და მოწმეების – ე. კ–ს, ლ. ც–ს, ნ. ი–ს, ე. კ–ს, ი. ზ–ს, შ. ა–ს, თ. ფ–სა და ნ. ლ–ს გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, შპს ,,ჩ–ს“ საგადასახადო შემოწმების აქტით და მის შედეგებზე გამოცემული N..... საგადასახადო მოთხოვნით, აუდიტის დეპარტამენტის N..... ბრძანებით, შემოსავლების სამსახურიდან, კომერციული ბანკებიდან, მობილური ოპერატორებიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდება, ბ. ც–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა.

5.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, ასევე სისხლის სამართლის საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერდება კანონის საფუძველზე. სწორედ ზემოხსენებული დათქმა ემსახურება მიზანს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლებრივი უხერხულობა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პირობებში გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების შემოწმებამდე პირს არ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან თუ გასაჩივრდა საგადასახადო შემოწმების აქტი/მოთხოვნა, თეორიულად და პრაქტიკულად არსებობს შესაძლებლობა, რომ დაკორექტირდეს ან გაუქმდეს დარიცხული თანხა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებით „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში, სასამართლოში დავის გაგრძელება აჩერებს გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულებას და შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.

5.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე; ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

5.6. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მოთხოვნა (საგადასახადო შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით) გადამხდელს, ჩაბარდა 2021 წლის 19 ივნისს, რომლის შემდგომაც მას არ უსარგებლია 45 დღიანი საშეღავათო პერიოდით. მან საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა 2025 წელს. ამდენად, სასამართლოს, მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ითვლება აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებად, რაც არ აჩერებს/აჩერებდა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულებას.

5.7. მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული სარჩელი განსახილველად არის წარმართული პირველი ინსტანციის სასამართლოში, შპს „ჩ–ს“ დავალიანება წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას. ამასთან, არ არსებობს სისხლის სამართლის საქმის განხილვის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საქმის განხილვის შეჩერების საფუძველს, როგორც ამას დაცვის მხარე მოითხოვს.

5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ც–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე