საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2026
საქმის ნომერი
2კ-115აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100125011835887

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №115აპ-26 11 მაისი, 2026 წელი

ს. დ., №115აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ს–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ს–ში, ..... ქუჩა N..- ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას შენიშვნის მიცემით გამოწვეული უეცარი გაბრაზების ნიადაგზე, დ. ს–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ნ. ჯ–ას, კერძოდ, მას უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდა და არ გაჩერდებოდა, მოკლავდა, რის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2025 წლის 2 ივლისს, ქ. ს–ში, .....ის ქუჩა N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას შენიშვნის მიცემით გამოწვეული უეცარი გაბრაზების ნიადაგზე, დ. ს–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქარა დედას ნ. ჯ–ას, კერძოდ, მას უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდა და არ გაჩერდებოდა, მოკლავდა, რის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2025 წლის 1 ივლისს, ქ. ს–ში, .... ქუჩა N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას შენიშვნის მიცემით გამოწვეული უეცარი გაბრაზების ნიადაგზე, დ. ს–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქარა დედას ნ. ჯ–ას, კერძოდ, მას უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდა მოკლავდა, რის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა დ. ს–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენით, დ. ს–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ დარიკო ვადაჭკორიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. ს–ას წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2026 წლის 22 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ დარიკო ვადაჭკორიამ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა დ. ს–ას წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლო არ დაეყრდნო უდავო და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მართალია დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოში, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე დ. ხ-ს გამოკითხვის ოქმით, შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და შემაკავებელი ორდერით დადასტურდა დ. ს–ას მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. კასატორის აზრით ზემოხსენებული მტკიცებულებები ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენენ, მომხდარ ფაქტებს. კასატორმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ. ს–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, დ. ს–ას მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებულ მოწმეზე და განმარტავს, რომ ის არ არის ფაქტის თვითმხილველი. აღნიშნული მოწმე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს თავად დაზარალებულის მონათხრობიდან. შესაბამისად, მისი ჩვენება ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად დ. ს–ას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. ბრალდების მხარე, საკასაციო საჩივარში დ. ს–ას მიმართ ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებად ასევე მიუთითებს, შეტყობინებაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შემაკავებელ ორდერზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეტყობინებაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში და შემაკავებელ ორდერში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, არასაკმარისია მუქარის ფაქტის და აღნიშნულის შედეგად შიშის განცდის დასადასტურებლად. დ. ს–ას მიერ ნ. ჯ–ას სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულისგან მომდინარე მტკიცებულებები, რაც არ არის საკმარისი აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. სხვა მტკიცებულება, კი რაც დაადასტურებდა დ. ს–ას მხრიდან ნ. ჯ–ას მიმართ მუქარას და შედეგად შიშის განცდას წარმოდგენილი არ არის.

5.8. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიში – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებით უნდა დადგინდეს. მან უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი საფუძვლიანი შიში. მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე.

5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებულ გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე