საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.05.2026
საქმის ნომერი
2კ-126აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №126აპ-26 25 მაისი, 2026 წელი

კ-ე ნ., №126აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ბ. ც-ასა და ს. ფ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. კ-ე (პირადი ნომერი: 37001057271) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ. ჯ-ში, ნ. კ-ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუხდა მეზობელთან, ბ. ჩ-ესთან, ურთიერთშეპალარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა ნ. კ-ემ, შურისძიების მოტივით, განიზრახა ბ. ჩ-ის განზრახ მკვლელობა, ამ მიზნით მან თავისი საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახიდან აიღო საოჯახო ტიპის დანა, მივიდა ბ. ჩ-ესთან და მარჯვენა ხელში მომარჯვებული დანა, დაარტყა გულმკერდის არეში, რა დროსაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც ბ. ჩ-ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენით ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ს-მ, რომლმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენი.

3.2. 2026 წლის 17 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ბ. ც-ამ და ს. ფ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს ნ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორების, მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ბ. ც-ას და ს. ფ-ას მიერ წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა ნ. კ-ის მიერ ბ. ჩ-ის განზრახ მკვლელობის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადგინდა, რომ 2023 წლის 24 ივლისს, საღამოს 17:00-21:00 საათამდე პერიოდში ბ. ჩ-ე სამჯერ დაესხა თავს ნ. კ-ესა და მის ოჯახს. კერძოდ, ბ. ჩ-ის მიერ მისი კუთვნილი სანადირო თოფიდან განხორციელებულ იქნა სამი გასროლა ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. გასროლიდან დაახლოებით ერთ საათში, ბ. ჩ-ე ნაჯახით შეიარაღებული შეუვარდა ნ. კ-ეს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში და მოკვლით ემუქრებოდა, როგორც მას, ასევე მსჯავრდებულის დედას ა. კ-ეს. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში ბ. ჩ-ე კვლავ შეიჭრა ნ. კ-ის სახლში და მათ შორის ისევ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მოწმე ი. ჩ-ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გარდაცვლილმა მსჯავრდებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ნ. კ-ე წაიქცა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენდა ნ. კ-ის ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება. მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რომელსაც გადააცილა, შესაბამისად, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით. კასატორთა აზრით, გასაჩივრებული განაჩენი ვერ უძლებს კრიტიკას და ვერ პასუხობს შიდა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ნ. კ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით კვალიფიკაცია და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კვალიფიკაციის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2023 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ. ჯ-ში, ნ. კ-ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუხდა მეზობელთან – ბ. ჩ-ესთან, რის შემდეგაც გულმკერდის არეში დანა დაარტყა ბ. ჩ-ეს და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც ბ. ჩ-ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

5.4. დაცვის მხარის პოზიციით, ნ. კ-ეს ბ. ჩ-ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, დაზარალებული თავად დაესხა თავს და მას და მსჯავრდებულის დედას ემუქრებოდა მოკვლით, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ამდენად იგი იცავდა, საკუთარ ოჯახს და თავის სიცოცხლეს მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა – სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე.

5.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება: დანაშაულის იარაღი (მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი), დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, რა ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, ის, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, ასევე დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება და დანაშაულის ჩადენის შემდგომ მსჯავრდებულის ქმედებები.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურესი მდგომარეობით, უკიდურესობით გამოწვეულო მოქმედებითა და თავდაცვის სურვილით. ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, ასევე რელევანტური, ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. იმისათვის, რომ სახეზე გვქონდეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება – აუცილებელი მოგერიება აუცილებელია დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური მდგომარეობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს მხოლოდ სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით და არა – შურისძიებით.

5.8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს ბ. ჩ-ის მოკვლა არ სურდა და მხოლოდ თავდაცვის მიზნით დაარტყა დანა, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. განსაკუთრებით საგულისხმოა, ფაქტის თვითმხილველი მოწმის ი. ჩ-ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ წინა კონფლიქტიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ კვლავ დაინახა ნ. კ-ისკენ მიმავალი ბ. ჩ-ე, რის გამოც თავადაც წავიდა მათი მიმართულებით. გარდაცვლილი და მსჯავრდებული, ჭიშკართან ერთმანეთს აგინებდნენ, რა დროსაც ბ. ჩ-ეს ხელში რაიმე საგანი არ ჰქონია. ნ. კ-ემ კი, ხელის მოძრაობით მათ დაანახა დანა. ბ-იმ მოუქნია ხელი ნ. კ-ეს, რაც ნ.ს მოხვდა სახეში და წაბორძიკდა, თუმცა მალევე გასწორდა და ბ-ის დაარტყა დანა, რომელიც გამოაძრო სხეულიდან და წავიდა სახლის მიმართულებით. ი. ჩ-ის განმარტებით, ადგილი, სადაც ნ.მ ბ-ის დანა დაარტყა, ნ. კ-ის ჭიშკრიდან არის დაახლოებით 7-8 მეტრის მანძილზე. მან ბ. ჩ-ე იქვე დააწვინა ასფალტზე, ხოლო თავად გაიქცა სახლში ტელეფონის ასაღებად, რათა დაერეკა „112-ში“. უკან დაბრუნებულმა დაინახა, რომ ბ. ჩ-ესთან იმყოფებოდნენ ვ. ჩ-ე და ს. ც-ი, რომლებიც ცდილობდნენ მის დახმარებას, თუმცა იგი უკვე გარდაცვლილი იყო. ასევე, გასათვალისწინებელია მიყენებული ჭრილობის ადგილმდებარეობა, მისი საშიშროება და სიღრმე (ხარისხი), კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი ჭრილობა თავისი ხასიათით, მოცულობით, მიმართულებით, ადგილმდებარეობითა და სიღრმით (ჭრილობის არხი სიღრმით - 10,5სმ, ჭრილობის არხის სიღრმის უფრო ზუსტად აღება შეუძლებელია, ვინაიდან იგი შემავალია ღრუში), მიუთითებს არა მსჯავრდებულის თავდაცვის მიზანსა და საჭიროებაზე, არამედ მიზანმიმართულ და გააზრებულ ქმედებაზე. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის N-- დასკვნით არ დადასტურდა ნ. კ-ის სხეულზე დაზიანებების არსებობა, რაც თავისთავად გამორიცხავს დაზარალებულის მხრიდან თავდასხმას და ფიზიკური დაპირისპირების რეალურობასა და იმწუთიერობას.

5.9. საკასაციო სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნ. კ-ის უდანაშაულობას ადასტურებს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მხრიდან დანის ჩარტყმას წინ უსწრებდა ბ. ჩ-ის მხრიდან სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტი, მანამდე მათ შორის მომხდარი დაპირისპირება და მოწმეების – ვ. ჩ-ისა და ს. ც-ის მხრიდან მსჯავრდებულზე განხორცილებული ძალადობა. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ ერთი შეხედვით შესაძლოა ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდეს ვარაუდი, რომ ნ. კ-ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგორეობაში, რასაც გადააცილა, თუმცა მსჯავრდებულის ქმედებების სიღრმისეული ანალიზით ნათელია, რომ მოვლენების ამგვარი შეფასება საფუძველსაა მოკლებული, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ განმარტებული გარემოებები წინ უსწრებდა მკვლელობას და ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის ი. ჩ-ს ჩვენებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლითაც დადასტურებულია, რომ ბ. ჩ-ის გვამი ესვენა ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ჭიშკრიდან 8,9 მეტრში, გზის სავალ ნაწილზე გულაღმა მდგომარეობაში. გვამის თავიდან 2,6 მეტრში N1 ნიშნულთან და გვამის თავიდან 2,1. მეტრში N2 ნიშნულთან, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუშები.

5.10. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ობიექტურად დანის მომარჯვება და დაპირისპირებულ მხარესთან ამგვარად დახვედრა/შეხვედრა, უკვე ადასტურებს დაზარალებულისათვის დაზიანების მიყენების განზრახვის არსებობას და ქმნის სულ მცირე ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობას, ხოლო უშუალოდ დანის დარტყმის ვითარება და ლოკალიზაცია გამორიცხავს ნ. კ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ბ. ც-ასა და ს. ფ-ას საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე