საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.07.2026
საქმის ნომერი
2კ-45აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122006207137

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №45აპ-26 თბილისი

კ-ი გ, 45აპ-26 6 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. კ-ისა და დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. კ-ს წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 10 აგვისტოს, ღამით, დაახლოებით, 23:50 საათზე, თ-ში, დ. ა-ის გამზირის N...-ში მდებარე კაფე-რესტორანში „თ-მა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, გ. კ-მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა ადგილში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა ლიბანის მოქალაქეებს: ჰ. ა-ს (პასპორტის ნომერი: .....), ბ. ხ-ს (პასპორტის ნომერი: .....), დ. ნ. ჩ-სა (პასპორტის ნომერი: ...) და ა-ის მოქალაქე რ. ჯ-ს მ-ს (პასპორტის ნომერი: ....). გ. კ-მა, ასევე სცადა განზრახ მოკვლის მიზნით ლ-ის მოქალაქეების ა. ა-ისა (პასპორტის ნომერი: ...) და ჰ. ჰ-ის (პასპორტის ნომერი: ...) ჭრილობების მიყენება და რამდენჯერმე მოუქნია დანა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ხელი შეუშალეს გ. კ-ს განზრახვის ბოლომდე აღსრულებაში და იგი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

გ. კ-ის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად ჰ. ა-ი გარდაიცვალა, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს დ. ნ. ჩ-მ, ბ. ხ-მა და რ. ჯ-ს მ-მა, რომლებსაც გაეწიათ სამედიცინო დახმარება და თავიდან აიცილეს მათი სიკვდილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის განაჩენით:

გ. კ-ის მიმართ, დაბადებული ... წლის .... ოქტომბერს, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილსა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 12 წლით, რაც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 11 აგვისტოდან.

ამავე განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურორ ლევან ჟორჟოლაძესა და ბრალდებულ გ. ჯ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ჯ-ი, დაბადებული - .... წლის .. აპრილს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 4 წელი. გ. ჯ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 11 აგვისტოდან – 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

2022 წლის 10 აგვისტოს, ღამით, დაახლოებით 23:50 საათზე თ-ში, დ. ა-ის გამზირის N...-ში მდებარე კაფე-რესტორანში „თ-მა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, გ. კ-მა სხეულის სხვადასხვა ადგილას დანის გამოყენებით დაჭრა ლ-ის მოქალაქეები: ჰ. ა-ი (პასპორტის ნომერი: ...), ბ. ხ-ი (პასპორტის ნომერი: ...) დ. ნ. ჩ-ა (პასპორტის ნომერი: ...) და ა-ის მოქალაქე რ. ჯ-ს მ-ი (პასპორტის ნომერი: ....). გ. კ-მა, ასევე სცადა ლ-ის მოქალაქეების ა. ა-ის (პასპორტის ნომერი: ...) და ჰ. ჰ-ის (პასპორტის ნომერი: ....) ჭრილობების მიყენება და რამდენიმეჯერ მოუქნია დანა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ხელი შეუშალეს, რის შემდეგაც იგი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. გ. კ-ის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად ჰ. ა-ი გარდაიცვალა, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს: დ. ნ. ჩ-მ, ბ. ხ-მა და რ. ჯ-ს მ-მა, რომლებსაც გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს – მ. კ-სა და დ. მ-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი;

პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის განაჩენი გ. კ-ის მიმართ შეიცვალა:

გ. კ-ის ქმედება განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტიდან, ამავე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე;

გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 11 აგვისტოდან.

5. კასატორები – მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები, მ. კ-ძე და დ. მ-აძე – ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმებას, გ. კ-ის ქმედების აუცილებელ მოგერიებად შეფასებასა და მის გამართლებას. პალატამ ვერ დათვალა ჰ. ა-ის სხეულზე მიყენებული ჭრილობები. არ გაუჩნდა შეკითხვა, თუ როდის მიიღო მან ეს ჭრილობები. დაზიანებათა სიმრავლე და მათი ადგილმდებარეობა ვერ განვითარდებოდა იმ პირობებში, როგორც ამას დაზარალებული მოწმეები აღწერენ. მოწმეები არ მიუთითებენ, რომ გ. კ-ი და მისი ოჯახის წევრები უმოწყალოდ სცემეს, რასაც ადასტურებს მათ მიმართ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. ვიდეოკამერაში ჩანს, რომ რ. კ-ის მიმართ რ. ჯ-სი იქცევა გამომწვევად, ხელს უსვამს მუხლებზე. რ. კ-ი ანიშნებს, რომ თავი დაანებოს, რასაც ა-ი მოქალაქე არ იზიარებს.

6. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, პროკურორმა – გრიგოლ ბიბილაშვილმა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა, რომ დაცვის მხარეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენი.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა ადვოკატთა საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მხოლოდ მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატები.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. კ-ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას (საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი), კერძოდ:

11. გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებითა და დაზარალებულთა ჩვენებებით (რომლებიც დეტალურად მიმოხილულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში) დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, 2022 წლის 10 აგვისტოს, ჰ. ა-ი და ა. ა-ი მეგობრებთან – ბ. ხ-ან, დ. ნ. ჩ-ნ, ჰ. ჰ-ან, ასევე იმავე საღამოს გაცნობილ, რ. ჯ-ს მ-ან ერთად, იმყოფებოდნენ თ-ში, კაფე-რესტორანში „თ-მა“. იმავდროულად, იქ იყვნენ: გ. კ-ი, რ. კ-ი, გ. ჯ-ი, ნ. კ-ძე და ზ. ე-ი (კ-ი). აღნიშნული პირები ისხდნენ მაგიდასთან ცალ-ცალკე. დადგენილია აგრეთვე, რომ კონფლიქტს წინ უსწრებდა რ. კ-სა და რ. ჯ-ს მ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება. როგორც ვიდეოჩანაწერით დგინდება, „კ-ის“ მაგიდასთან მყოფმა რ. ჯ-ს მ-მა დააპირა წასვლა, თუმცა რ. კ-მა მის მიმართ ხელით გარკვეული ჟესტიკულაცია გააკეთა, რის შემდეგაც რ. ჯ-ს მ-სი დაბრუნდა მათ მაგიდასთან, სადაც, „კ-ბის“ გარდა, იჯდა გ. ჯ-იც. მცირეხნიანი საუბრის შემდეგ რ. ჯ-ს მ-მა კვლავ დააპირა წასვლა, რა დროსაც გ. ჯ-მა მიმართა მას და რ. ჯ-ს მ-ი დაბრუნდა უკან. იმავდროულად, რ. კ-ი ადგა ფეხზე, რომლის დამშვიდებასაც შეეცადნენ, როგორც ნ. კ-ძე, ასევე მსჯავრდებულები – გ. კ-ი და გ. ჯ-ი. დაზარალებული – რ. ჯ-ს მ-სი კი მსჯავრდებულ – გ. კ-ის მეუღლის თანხლებით დაშორდა მათ, თუმცა გ. კ-ი უკან დაედევნა მათ და შარვლის ჯიბიდან დანა ამოიღო. რ. ჯ-ს მ-ს ესაუბრებოდა ზ. ე-ი და ცდილობდა მის შეჩერებას. გ. კ-ი გამოიქცა რესტორნის ეზოს შუაგულში, მას მოსდევდა ქალბატონი (ნ. კ-ძე) და შეეცადა მისთვის ხელიდან საგნის (დანის) წართმევას; მის შეჩერებას ასევე ცდილობდა სხვა ქალბატონიც, რომელიც მანამდე რ. ჯ-ს მ-ის ესაუბრებოდა, თუმცა გ. კ-მა ხელი ჰკრა მას. პარალელურად, რესტორნის ეზოს შუაგულში იდგნენ დაზარალებულები, რ. ჯ-ს მ-სი და რ. კ-ი, რა დროსაც რ. ჯ-ს მ-ის გარკვეული მოძრაობების შედეგად რ. კ-ი დაეცა ძირს. ამის შემდეგ გ. კ-მა გაშალა ხელში არსებული დანა, გაიწია დაზარალებულების მიმართულებით და მოუქნია დანა. თავდაპირველად, დანა დაარტყა ჰ. ა-ის, შემდეგ დ. ნ. ჩ-ას. ყველანი გაიქცნენ რესტორნის გასასვლელისკენ. ჩანაწერიდან იკვეთება, რომ გ. კ-მა რ. ჯ-მს მ-ს დანა ორჯერ მუცლის არეში დაარტყა. ვიდეოჩანაწერით ასევე დგინდება, რომ რ. კ-მა წაქცევისა და წამოდგომის შემდეგ, ხელში აიღო სკამი და დაარტყა რ. ჯ-ს მ-ს, რომელიც ასევე დაეცა ძირს და თავადაც დაარტყა რ-ს. რ. ჯ-ს მ-სი მივიდა რესტორნის გასასვლელისკენ, ასევე დაზარალებულმა ჰ. ჰ-მა ხელში აიღო სკამი და გაიქცა.

12. ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ თავი დაეცვათ დანით შეიარაღებული თავდამსხმელისგან და ხელი შეეშალათ გ. კ-ის.

13. საყურადღებოა, დაზარალებულ ა. ა-ის ჩვენების ის ნაწილიც, რომელშიც განმარტავს, რომ: „გ. კ-მა გასაშლელი დანა თავდაპირველად მის ძმას, ჰ. ა-ს დაარტყა გულმკერდში, ხოლო შემდეგ დაედევნა დ. ჩ-ას, რომელიც გაქცევისას დაეცა იქვე, რესტორნის ეზოში და დანა მოხვდა ფეხის არეში, რის შემდეგაც მის დასახმარებლად მისვლა სცადეს მან (ა. ა-იმ) და ჰ. ჰ-მა, რომლებსაც გ. კ-ი ასევე უქნევდა დანას. შემდეგ დაინახა, რომ გ. კ-ი წავიდა ბ. ხ-ის მიმართულებით და მასაც სხეულის სხვადასხვა ადგილში დაუწყო დანის დარტყმა, მათ შორის, წაქცეულსაც დაარტყა. ხელის შეშლის მიზნით, მიწიდან აიღო მცირე ზომის კენჭები, რომლებიც ესროლა გ. კ-ს, რომელმაც თავი დაანება ბ. ხ-ს და დაიძრა მისი მიმართულებით, რა დროსაც მისმა თანმხლებმა მამაკაცმა შეაჩერა ის, რის შემდეგაც გ. კ-ი და მისი თანხმლები მამაკაცი წავიდნენ“.

14. გ. კ-ის განზრახვას, რომ მას ჩაედინა ორზე მეტი პირის მკვლელობა, ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება (დანა), ქმედების ინტენსივობა (დროის მოკლე პერიოდში არაერთი პირის დანით დაზიანება), მიყენებული დაზიანების განლაგება და მათი სიმძიმე, რაც, რიგ დაზარალებულებთან მიმართებით, სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებია, კერძოდ:

15. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რ. ჯ-ს მ-ს მარცხნივ, თირკმლის საპროექციოდ აღენიშნებოდა ორი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლივად, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს; სხვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დ. ნ. ჩ-ს/დ. შ-ას/ დაესვა დიაგნოზი: მარცხენა ბარძაყის ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: ,,...გასინჯვით ინახა ორი სისხლმდენი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მიყენებული ბასრი საგნით, სიგრძით დაახლოებით, 1,5სმ დიამეტრის. პირველი ჭრილობა არის ბარძაყის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში, მეორე ჭრილობა არის ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში...“. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აგრეთვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ბ. ხ-ის (ხ-ი) დაესვა დიაგნოზი: ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა, ფილტვის სხვა ტრავმები, ტრავმული კანქვეშა ემფიზემა, ბარძაყის ღია ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შუა უკანა აქსილარულ ხაზებს შორის მე-6 ნეკნთაშუა სივრცესა და მარჯვენა ბარძაყის მედიალურ ზედაპირზე ზედა მესამედში. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და ერთობლივად მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. მარჯვენა ბარძაყის მიდამოში არსებული ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად: ჰ. ა-ის (ჰ. ა-ი) სიკვდილის მიზეზია – გულის ტამპონადა, განვითარებული გულმკერდის მარცხენა ნახევრის გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად.

16. საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების ანალიზზე დაყრდნობით, რომელიც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დეტალურად არის გადმოცემული (მათ შორის, ვიდეოჩანაწერები უშუალოდ შეაფასა საკასაციო პალატამაც), სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებული გ. კ-ი მოქმედებდა განზრახ და მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულთა სიცოცხლის მოსპობისაკენ.

17. გ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, დაზარალებულებისთვის მიყენებული სხეულის დაზიანებათა რაოდენობა და ადგილმდებარეობა სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში ადასტურებს იმას, რომ იგი შედეგს, დაზარალებულთა სიკვდილის სახით, უცილობლად ითვალისწინებდა, სურდა კიდეც, რაც, დაზარალებულ ჰ. ა-ის შემთხვევაში აღსრულდა და მოჰყვა მისი გარდაცვალება, ხოლო სხვა დაზარალებულებთან მიმართებით, მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, ამგვარი შედეგი არ დადგა.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების ხელშეშლის გამო, რომლებიც მათი შესაძლებლობების ფარგლებში აკავებდნენ გ. კ-ს, ამ უკანასკნელს არ დარჩა რეალური შესაძლებლობა, დამატებით დაეზიანებინა დაზარალებულები.

19. მაშასადამე, საკასაციო პალატა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ გ. კ-ის ქმედებით ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობა და დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია ისეთი სახის არგუმენტზე, რომელიც მოცემული საჩივრის დასაშვებობის საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო.

20. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას გ. კ-ის მიერ აუცილებელ მოგერიებაზე, წარმოდგენილი საქმის მასალები არ მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ცდილობდა დაზარალებულთაგან გათავისუფლებას; პირიქით, ვიდეოჩანაწერებით ცხადად იკვეთება დაზარალებულთა თავდაცვითი ქმედებები, რათა შეეწყვიტათ გ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება.

21. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად მიმოიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამასთანავე საფუძვლიანად შეაფასა და დაასაბუთა გ. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. კ-ისა და დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე