საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.06.2026
საქმის ნომერი
2კ-224აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №224აპ-26 8 ივნისი, 2026 წელი

ა. გ., №224აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ა. ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია – (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

გ. ა-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 3,73133 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ (α-PVP), რასაც გ. ა-ე 2024 წლის 8 დეკემბერს, ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად თ-ი, მ-ის მ-ა სანაპირო, თ. მ-ის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2024 წლის 8 დეკემბერს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ.თ-ი, მ-ის მ-ა სანაპირო, თ. მ-ის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული გ. ა-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ა-ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 აგვისტოს განაჩენით, გ. ა-ე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა და მოითხოვა გ. ა-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2026 წლის 24 მარტს, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენის გაუქმება, გ. ა-ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი გ. ა-ის გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურება მისი ბრალეულობა, კერძოდ: პოლიციის თანამშრომლების – გ. ხ-ას, ა. კ-ის, ლ. ტ-ის, გ. ლ-ის, გ. კ-ის, ასევე, ექსპერტების – პ. წ-ის, შ. კ-ის ჩვენებები, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N- დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის --- დასკვნა, გ. ა-ის პირადი ჩხრეკის ოქმი და სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს გ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქმის განმხილველმა სასამართლომ კი, არასწორად დაადგინა, რომ არ არსებობდა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ. ა-ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი. ამასთან, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა გ. ა-ის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების: ლ. ტ-ის, რ. ზ-ისა და ა. კ-ის ჩვენებები, ასევე გ. ა-ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ექსპერტიზის დასკვნები. მართალია, პოლიციის თანამშრომელბმა იდენტურად აღწერეს ოპერატიული ინფორმაციის მიღების, შესაბამისი ოპერატიული ჯგუფის შემთხვევის ადგილზე გასვლის ფაქტები და განვითარებული მოვლენები, ასევე დაადასტურეს, გ. ა-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი ჯინსის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ოთხი ცალი წებოვანი ლენტით გადახვეული მომწვანო-მოყვითალო მასის ამოღება. თუმცა, საგულისხმოა, რომ პოლიციელებისგან განსხვავებით აღწერა ფაქტობრივი გარემოებები გ. ა-ემ და მისმა თანმხლებმა პირმა.

5.4. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ იქნა თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებები, რომელთა შორის არის არსებითი ურთიერთწინააღმდეგობა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჭიროებდა დამატებით ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებას, რომელსაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა მინიჭებოდა მტკიცების საგანთან დაკავშირებით, რაც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, გ. ა-ის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ტექნიკური საშუალებები არ გამოუყენებიათ.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა.... აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის ---- წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106). „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“ (იქვე, II-108). „როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს“ (იქვე, II-107).

5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც სახეზე არ არის დანაშაულზე წასწრების შემთხვევა და, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდა ერთგვარი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა და დაიგეგმა ღონისძიების ჩატარება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №--- გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ვალდებულები იყვნენ და შეეძლოთ კიდეც, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, როგორიცაა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სრული სიზუსტით იქნებოდა ასახული ჩხრეკის მიმდინარეობა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული საგნები, მსგავსი სახის მტკიცებულება, კი დააზღვევდა იმ რისკს, რაც შეიქმნა ჩხრეკებში მონაწილე საგამოძიებო ორგანოს თანამშროლებსა და ბრალდებულისა და მისი თანმხლები პირის მიერ მოწოდებულ ინფრომაციებს შორის არსებული წინააღმდეგობებით.

5.7. ამასთან, საკასაციო სასამართლო ერთმნიშვნელოვნად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს კვალიფიციურ მსჯელობას, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საქმის მასალებით არ გამოკვეთილა, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს მხრიდან იქნებოდა ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ცალმხრივი შეფასება, ვინაიდან გ. ა-ისა და მისი თანმხლები პირის ჩვენებებით შეიქმნა ეჭვი, რაც ვერ იქნა გაბათილებული სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით.

5.8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, აპელანტს არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გ. ა-ის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე