საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №214აპ-26 15 ივნისი, 2026 წელი
ბ. დ., №214აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ბ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ზ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ბ-ა - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენით, დ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
2.2. სასამართლომ დაადგინა შემდეგი: 2024 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ზ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფ ბ. ტ-ას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნიღბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე თავს დაესხა დ. ბ-ა და ამ ეტაპზე ასევე გამოძიებით დაუდგენელი ერთი პირი. დ. ბ-ამ და მასთან ერთად მყოფმა პირმა ბ. ტ-ას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მისი საცხოვრებელი სახლიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, თავდასხმის შედეგად გასტაცეს „რედმი ნოუთ 12“ ფირმის, „სამსუნგ A 21 s“, „LEXAND Mini LPH1“ მობილური ტელეფონის აპარატები, „Aser Aspire E1- 522 AMD RAM 4 GB, Hard disc 1 TB-ის“ ფირმის ლეპტოპი, „Makita DHP483SYE-ის“ ელექტრო ბურღი, „DEWALT IM-230928“ ფირმის ელექტრო ხერხი, „Dnipro-M“ კუთხსახეხი, „SAMSUNG“ ფირმის 25W ანდროიდის მობილური ტელეფონის სატენი და თანხა 300 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1580 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ბ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ზ-ამ, რომელმაც მოითხოვა დ. ბ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენით, მსჯავრდებულ დ. ბ-ას ინტერესების დამცველის ადვოკატ რ. ზ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2026 წლის 23 თებერვლის, მსჯავრდებულ დ. ბ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ზ-ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დ. ბ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ კი, დაზარალებულის ჩვენება. დ. ბ-ამ სასამართლოში განმარტა, რომ 2024 წლის 5 აგვისტოს ის იყო ნასვამი, საღამოს 21:00 საათზე მიდიოდა სახლისკენ, სოფელ ნ-ს მიმართულებით, სადაც გზად, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შენიშნა შუქი და ღია სახლის კარი. განიზრახა, სახლში შესვლა და სხვისი ნივთების ფარული დაუფლება. როგორც კი სახლში შევიდა გაიღვიძა საცხოვრებელი სახლის მეპატრონემ, ბ. ტ-ამ, რომელიც იქვე ოთახში წამოწოლილი იყო დივანზე და იმის შიშით, რომ ხელი არ შეეშალა განზრახვის სისრულეში მოყვანაში, გამოღვიძებულ ბ. ტ-ას ხელი ჰკრა, დაზარალებული წაბორძიკდა და წაიქცა. დ. ბ-ამ იხელთა დრო და აშკარად დაეუფლა დაზარალებულის ნივთებს. დ. ბ-ამ, ბ. ტ-ას საცხოვრებელი სახლის ოთახიდან, წამოიღო მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, 300 ლარის ოდენობით თანხა და გამოიქცა. 2024 წლის 9 სექტემბერს ბრალდებულ დ. ბ-ას საცხოვრებელი სახლის უკან შენობა-ნაგებობიდან ნებაყოფლობით იქნა ამოღებული მის მიერ ბ. ტ-ას სახლიდან დაუფლებული ნივთები. ამოღებული ნივთები მობილური ტელეფონი ,,რედმი ნოუთ 12“-ის ფირმის, ,,სამსუნგ-ა 21ს“, ,,ასერის“ ფირმის ლეპტოპი და 300 ლარის ოდენობით თანხა, რაც ნამდვილად ეკუთვნის ბ. ტ-ას, ხოლო ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ სხვა ნივთებს, როგორიცაა კუთხსახეხი, ელექტრობურღი და ელექტროხერხი მსჯავრდებული არ დაუფლებია. ამასთან, კასატორის აზრით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი გარემოებები საკმარისი არ არის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, ვინაიდან ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. დ. ბ-ას არ ჰქონდა რაიმე სახის იარაღი ან ბლაგვი საგანი. იგი იმყოფებოდა მარტო და არა სხვა პირთან ერთად. ის ფაქტი, რომ თითქოს დ. ბ-ამ ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა ბ. ტ-ას მიმართ ჯგუფურად, ეს იყო მხოლოდ ბ. ტ-ას ეჭვი. მან დ. ბ-ას ქმედება აღიქვა როგორც ყაჩაღური თავდასხმა და არა როგორც ძარცვა, რადგან თავადვე განმარტა სასამართლოში რომ არ ჰქონდა ნიღაბი, იარაღი ან ბლაგვი საგანი და მისი თანდასწრებით წაიღო ნივთები. დაზარალებულმა გამომძიებელს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რათა დაემძიმებინა ბრალდება დ. ბ-ასთვის. დ. ბ-ა არ უარყოფს ბ. ტ-ას კუთვნილი ნივთების აშკარა დაუფლებას. მსჯავრდებული და დაზარალებული განსხვავებულად აღწერენ ნივთების აშკარა დაუფლების ხერხს და მოტივს. ამასთან, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე, ოჯახურ გარემოებებზე. დ. ბ-ა არ არის ნასამართლევი, მისი წარსული არასოდეს ყოფილა შებღალული, ის ხასიათდება დადებითად, არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაბალი სარეიტინგი ქულით, ჰყავს მძიმე ავადმყოფი მამა, მუშაობდა რესტორანში მიმტანის პოზიციაზე და მიღებული შემოსავლით ეხმარებოდა ოჯახს. ამასთან, ძალიან განიცდის მომხდარს და ნანობს გულწრფელად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ბ-ას მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.3. საკასაციო საჩივარი დ. ბ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, ეყრდნობა დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დ. ბ-ას მიერ განხორციელებულ ქმედებებში არ არის ჯგუფურად ყაჩაღობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები, კერძოდ, ადგილი არ ჰქონია სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას, თავდასხმასა და თანხის მოთხოვნას.
5.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.5. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია ყაჩაღობისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში – თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. თავდასხმა არის დაზარალებულისთვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან/და ძალადობის მუქარასთან. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლებს თუ არა დამნაშავე სხვისი ქონების დაუფლებას. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს, თუმცა სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ – ბ. ტ-ას ჩვენებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა დ. ბ-ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენის ფაქტი. დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები სრულად თანხვდება ისეთი მაღალი სანდოობის ხარისხის მქონე მტკიცებულებებს, როგორიცაა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
5.7. ბ. ტ-ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს ზ-ის რაიონის სოფელ ნ-ში. 2024 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათისთვის იმყოფებოდა სახლში, შესასვლელი რკინის კარები არ ჰქონდა ჩაკეტილი, ტელევიზორის საყურებლად ტახტზე წამოწვა და ჩაეძინა, გაიგონა რკინის კარების ხმა, შევარდა ორი პიროვნება და მეგრულად დაიყვირეს ,,ფარა მოკო“, რაც ქართულად ნიშნავს ,,ფული მინდა“. ორივე პიროვნება ურტყამდა, მაგრამ ძირითადად დ. ბ-ა. მეგრულად ყვიროდნენ ,,სორე ფარა“, რაც ნიშნავს ,,სად არის ფული“, აღნიშნული დაახლოებით 5-7 წუთი გაგრძელდა, გონება დაკარგა და მოგვიანებით შეამჩნია დანის ნაჩხვლეტები ფეხზე, რაც არ უგრძვნია. თავდასხმის დროს ნახა დ. ბ-ას სახე, მეორე პირი, რომელიც მას ეხმარებოდა სახეზე არ უნახავს. გონზე მოსვლის შემდეგ ნივთები ჩამოყრილი იყო. ჯიბეში ედო 300 ლარი, მათ უთხრა, რომ ჯიბეში ჰქონდა ფული, ხოლო წაღების მომენტი არ ახსოვს, რადგან გონება ჰქონდა დაკარგული. ბრალდებული ამოიცნო ოდნავ მოგრძო სახით, წვერი იმ დროს უფრო დაბალზე ჰქონდა, გრძელი ცხვირით და ბრტყელი ტუჩებით, მას კუბოკრული პერანგი ეცვა. ხოლო, მეორე პიროვნება მასზე მაღალი იყო. მათ არც ხელთათმანი ეკეთათ და არც ნიღაბი – სახეზე. გონზე მოსვლის შემდეგ პირველად ,,რედმი 12“ და ,,სამსუნგის“ მობილური ტელეფონები მოიძია, ხოლო შემდეგ ნახა, რომ მობილურ ტელეფონებთან ერთად ლეპტოპიც არ იყო, ასევე არ იყო ელექტრო ბურღი, ე.წ ,,დრელი“ და ,,დრუჟბა“. აღნიშნული ნივთების ნაწილი განვადებით ჰქონდა შეძენილი, ხოლო ნაწილი გამოიწერა. მან კუთვნილი ნივთები პოლიციის სამმართველოში ამოიცნო და მიუთითა ის თანხა, რაც ჰქონდა გადახდილი. გონზე მოსვლის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში იყო, ვინაიდან მობილური ტელეფონები წაღებული ჰქონდათ, დაქოქა ავტომანქანა და მივიდა მეზობლად მცხოვრებ შ. ჯ-ასთან, საიდანაც დარეკეს ,,112-ში“, რის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში.
5.8. დამაჯერებლობასაა მოკლებული, დაცვის მხარის პოზიცია, რომ დ. ბ-ას მხრიდან ადგილი არ ჰქონია ყაჩაღობას, ჩადენილს ჯგუფურად. აღნიშნული დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 3 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N- დასკვნით, რომლის თანახმადაც, დაზარალებულს გარდა ტვინის შერყევისა, ასევე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე, ასევე ექსკორიაციები, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობები და ჰემატომები სახის არეში. საგულისხმოა, მოწმე შ. ჯ-ს ჩვენება, რომლითაც დადასტურებულია, რომ მომხდარიდან მალევე მან ნახა ბ. ტ-ა, რომელმაც უთხრა, რომ ორმა პიროვნებამ დააყაჩაღა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებულს სახეზე აღენშნებოდა სილურჯეები და სიწითლეები, ხოლო ფეხზე – სისხლი, ვინაიდან იყო დაჭრილი. ბ. ტ-ამ უთხრა, რომ ყაჩაღებმა მისგან ფულადი თანხა და მობილური ტელეფონები წაიღეს, მოგვიანებით კი, ასევე უთხრა, რომ ,,ბალგარკა“, ,,დრელი“ და პატარა ,,დრუჟბაც“ წაიღეს.
5.9. დაზარალებულმა ბ. ტ-ამ, ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად განმარტა, რომ მსჯავრდებული მარტო არ იმყოფებოდა და მას, ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე მიაყენა მსჯავრდებულთან ერთად მყოფმა პირმა. ფაქტი, რომ თავდამსხმელებმა იარაღისმაგვარი საგნით დაზარალებულს მიაყენეს დაზიანებები, დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც ბ. ტ-ას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე. ასევე, საგულისხმოა, დაზარალებულ ბ. ტ-ას მიერ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-ში“ განხორციელებული შეტყობინება.
5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით, განსაკუთრებით კი, დაზარალებულის მიერ განმარტებული გარემოებებით, დადგენილად მიაჩნია, დ. ბ-ას მიერ ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, რამდენადაც სახეზეა ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
5.11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ მიუთითებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ბ-ას ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ბ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ზ-ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე