საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2026
საქმის ნომერი
2კ-146აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №146აპ-26 3 ივნისი, 2026 წელი

თ. მ., №146აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. თ-ე - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 1 ნოემბერს, დაახლოებით 10:54 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N- დაწესებულების მე-- სარეჟიმო კორპუსის N--ე საკანში მოთავსებულ პატიმრებს: მ. თ-ესა და გ. ზ-ს შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც მ. თ-ემ რამდენჯერმე დაარტყა ხელი მუცლისა და სახის არეში გ. ზ-ს, რის გამოც ეს უკანასკნელი შეეცადა მ. თ-ისგან თავის დაღწევას, რა დროსაც მ. თ-ემ ხელი ჰკრა გ. ზ-ს, რომელიც წაიქცა, თავი დაარტყა საკანში არსებულ სკამს და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, კეფის არეში დაჟეჟილი, ნახეთქი, სისხლმდენი ჭრილობის სახით, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, მ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. თ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. შ-ამ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2026 წლის 27 თებერვალს, მსჯავრდებულ მ. თ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. შ-ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მ. თ-ის მიერ ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენას. საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურებულა, რომ გ. ზ-მა მ. თ-ის დარტყმის შედეგად მიიღო დაზიანება. კერძოდ, მოწმე ა. მ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი უშუალოდ არ შესწრებია დაზარალებულის წაქცევის ფაქტს, ასევე მოწმე არ აკონკრეტებს თუ როდის შევიდნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები საკანში, გ. ზ-ის წაქცევამდე თუ მის შემდეგ. გ. ზ-ის წაქცევის ფაქტს ასევე არ შესწრებიან №- პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები: პ. ბ-ე, თ. ა. და გ. ბ.. ისინი მოგვიანებით შევიდნენ საკანში, ხოლო მოწმე ვ. მ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება მისი გამოკითხვის ოქმს. ამასთან, არც თავად დაზარალებული ადასტურებს მ. თ-ის მიერ მისთვის დაზიანების მიყენების ფაქტს. ის თავს დაზარალებულად არ ცნობს და განმარტავს, რომ მ. თ-ესთან მოუვიდა კონფლიქტი, რის შემდეგაც გამოდიოდა უკან, რკინის სკამს ფეხი წამოკრა, წაიქცა და სწორედ ამ დროს მიიღო თავის არეში დაზიანება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. თ-ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. თ-ის მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.4. საკასაციო საჩივარი მ. თ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ეყრდნობა დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოწმეები არ ადასტურებენ მ. თ-ის მიერ გ. ზ-ისათვის ხელის კვრის შედეგად დაზარალებულისათვის დაზიანების მიყენების ფაქტს. დაცვის მხარის პოზიციით მ. თ-ეს და გ. ზ-ს მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდათ და თავად დაზარალებულიც კი არ ადასტურებს ფიზიკურ დაპირისპირებას.

5.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. თ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.6. მართალია დაზარალებულმა არ დაადასტურა მ. თ-ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზიანების მიყენების ფაქტი, თუმცა მ. თ-ისა და გ. ზ-ის ფიზიკური დაპირისპირებისა და ამ ფონზე მ. თ-ის მიერ გ. ზ-ისთვის ხელის კვრის შედეგად თავის არეში ჭრილობის მიყენების ფაქტი დადასტურებულია, მოწმეების – ვ. მ-ის, ე. ჩ-ის ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ მ. თ-ემ ჩხუბის დროს, ხელი ჰკრა გ. ზ-ს, რის შედეგადაც იგი დაეცა და მიიღო დაზიანება. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია №- პენიტენციური დაწესებულების №--ე საკნის პატიმრის, ა. მ-ის უდავოდ ცნობილ ჩვენებასთან. ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები სრულად თანხვდება გ. ზ-ის სხეულის დაზიანების ფაქტზე შედგენილი სამედიცინო შემოწმების ცნობასა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N- დასკვნასთან, რომლის თანახმად „გ. ზ-ს კეფის მიდამოში აღენიშნებოდა დაჟეჟილი ნახეთქი სისხლმდენი ჭრილობა ზომით 3/15 სმ-ზე. სისხლი შეჩერდა, გაიკერა კვანძოვანი ნაკერებით, დაედო ასეპტიური ნახვევი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.“ ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმა ვ. მ-მა და ე. ჩ-ემ დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას დააყენებდა ეჭვქვეშ.

5.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ მიუთითებს.

5.8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ-ის ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ-ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე