საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002541727
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №116აპ-26 ქ. თბილისი
ს. ა.,116აპ-26 29 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – ა. ს–ასა და ხ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ა. ს–ას, – პირადი ნომერი: .........., – ბრალად ედებოდა:
1.1.1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით.
1.1.1.1.ა. ს–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა. ს–ამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე 6600 ლარად ღირებული 11000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოტყუებით მოპოვების მიზნით, დაამზადა 04.05.2016 წლით დათარიღებული ყალბი განცხადება, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები, რომ თითქოს, თვითნებურად ფლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ზემოთ დასახელებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებული ჰქონდა 20 კვ.მ2 არასაცხოვრებელი შენობა. აღნიშნული განცხადება დაადასტურა თავისივე ხელმოწერით და 2016 წლის 4 მაისს განსახილველად წარუდგინა ზ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ამავე განცხადებას ა. ს–ამ დაურთო საკუთრების უფლების აღიარებისათვის საჭირო, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის, 02.03.2016 წლით დათარიღებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც შეიცავდა ყალბ ინფორმაციას ა. ს–ას მიერ ზ–ს რაიონის სოფელ რ–ის ტერიტორიაზე 11000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული 20 კვ.მ2 შენობა-ნაგებობის ფლობის შესახებ და სანოტარო წესით დამოწმებული 05.04.2016 წლით დათარიღებული მოწმეთა განცხადება, რომელშიც შეტანილი იყო ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს, ა. ს–ა ზ–სს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე 11000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 20 კვ.მ2 შენობა-ნაგებობას ფლობდა და სარგებლობდა 2002 წლიდან. ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, ზ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილმა, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ა. ს–ას საკუთრებად აღიარა ზ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე 11000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთი, როგორც თვითნებურად დაკავებული და მასზე განთავსებული 20 კვ.მ2 შენობა, ხოლო 2016 წლის 29 ივლისს ამავე პირის სახელზე გასცა N618 საკუთრების უფლების მოწმობა. დასახელებული მოწმობა ა. ს–ამ წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის შემდეგაც 2016 წლის 5 აგვისტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, მოტყუებით მოიპოვა საკუთრების უფლება 6600 ლარად ღირებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 11000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.1.2. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.1.2.1. ა. ს–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა. ს–ამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე 6600 ლარად ღირებული 11000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოტყუებით მოპოვების მიზნით, დაამზადა 04.05.2016 წლით დათარიღებული ყალბი განცხადება, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები, რომ, თითქოს, თვითნებურად ფლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ზემოთდასახელებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებული ჰქონდა 20 კვ.მ2 არასაცხოვრებელი შენობა. აღნიშნული განცხადება დაადასტურა თავისივე ხელმოწერით და 2016 წლის 4 მაისს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, განსახილველად წარუდგინა ზ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რის საფუძველზეც ა. ს–ამ მოტყუებით მოიპოვა საკუთრების უფლება ზ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 11000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.2. ხ. ხ–ს, – პირადი ნომერი: ........., – ბრალად ედებოდა:
1.2.1. თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით.
1.2.1.1. ხ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ხ. ხ–მ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე 7800 ლარად ღირებული 13000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოტყუებით მოპოვების მიზნით, დაამზადა 28.12.2015 წლით დათარიღებული ყალბი განცხადება, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები, რომ თითქოს, თვითნებურად ფლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ზემოთდასახელებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებული ჰქონდა 30 კვ.მ2 საცხოვრებელი სახლი (დანგრეული). აღნიშნული განცხადება დაადასტურა თავისივე ხელმოწერით და 2015 წლის 28 დეკემბერს განსახილველად წარუდგინა ზ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ამავე განცხადებას ხ. ხ–მ დაურთო საკუთრების უფლების აღიარებისათვის საჭირო, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის – 23.12.2015 წლით დათარიღებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც შეიცავდა ყალბ ინფორმაციას ხ. ხ–ს მიერ ზ–ს რაიონის სოფელ რ–ის ტერიტორიაზე 13000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 30 კვ.მ2 სახლის (დანგრეული) ფლობის შესახებ და სანოტარო წესით დამოწმებული 25.12.2015 წლით დათარიღებული მოწმეთა განცხადება, რომელშიც შეტანილი იყო ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს, ხ. ხ– ზ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე 13000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთსა და მასზე მიმაგრებულ 30 კვ.მ2 საცხოვრებელ სახლს ფლობდა და სარგებლობდა 1995 წლიდან. ზემოთჩამოთვლილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ზ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილმა, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ხ. ხ–ს საკუთრებად აღიარა ზ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე 13000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთი, როგორც თვითნებურად დაკავებული და მასზე განთავსებული 30 კვ.მ2 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 2016 წლს 22 თებერვალს ამავე პირის სახელზე გასცა N... საკუთრების უფლების მოწმობა. დასახელებული მოწმობა ხ. ხ–მ წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის შემდეგაც, 2016 წლის 2 მარტს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, მოტყუებით მოიპოვა საკუთრების უფლება 7800 ლარად ღირებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 13000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ ........), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.2.2. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2.2.1. ხ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ხ. ხ–მ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზ–ს რაიონის სოფელ რ–ში მდებარე 7800 ლარად ღირებული 13000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოტყუებით მოპოვების მიზნით, დაამზადა 28.12.2015 წლით დათარიღებული ყალბი განცხადება, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები, რომ თითქოს თვითნებურად ფლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ზემოთდასახელებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებული ჰქონდა 30 კვ.მ2 საცხოვრებელი სახლი (დანგრეული). აღნიშნული განცხადება დაადასტურა თავისივე ხელმოწერით და 2015 წლის 28 დეკემბერს განსახილველად წარუდგინა ზ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რის საფუძველზეც, ხ. ხ–მ მოტყუებით მოიპოვა საკუთრების უფლება ზ– რაიონის სოფელ რ–ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 13000 კვ.მ2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკმებრის განაჩენით:
2.1. ა. ს–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ა. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავი ქონება: ს/კ .....
2.3. ხ. ხ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.4. ხ. ხ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავი ქონება: ს/კ ......
2.5. ა. ს–ასა და ხ. ხ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის მოქმედება და გათავისუფლდნენ დანიშნული ჯარიმისგან.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკმებრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მირანდა წერეთელმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა – ა. ს–ასა და ხ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება, მსჯავრდებულთა მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის გამოუყენებლობა და უძრავი ქონებების ყადაღისაგან გათავისუფლება.
4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე ა. ს–ასა და ხ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. მ–მ წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკმებრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ა. ს–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. ა. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ა. ს–ას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავი ქონება: ს/კ ....
5.3. ხ. ხ– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5.4. ხ. ხ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ხ. ხ–ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავი ქონება: ს/კ .........
5.5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს: ს/კ ....... და ს/კ ........ – მოეხსნა ყადაღა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – ა. ს–ასა და ხ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. მ–მ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა – მსჯავრდებულების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების გავრცელება და მათი გათავისუფლება ძირითადი სასჯელის – ჯარიმის გადახდისაგან.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/წინაპირობების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
7.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში (ამნისტიის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების მოთხოვნით). შესაბამისად, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ა. ს–ასა და ხ. ხ–ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს არც მსჯავრდებულების გამართლება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
9.1. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულთა მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების არ გამოყენების კანონიერება.
10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
11. ამდენად, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ა. ს–ასა და ხ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდათ ჯარიმა – 10 000 ლარი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, მათ მიმართ ვერ გავრცელდება ხსენებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულთა ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ.
12. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ასევე დაცვის მხარის მოთხოვნა, ა. ს–ასა და ხ. ხ–ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ ჯარიმაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის გავრცელების თაობაზე.
13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იყო − იმავე პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (მსჯავრდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას. გასათვალისწინებელია, რომ ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, ბრალდებულის შემთხვევაშიც, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში მოიაზრებს ბრალდებულის მიერ შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე მიტოვებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას.
14. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ადასტურებს, რომ ხსენებული ამნისტიის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან/სასჯელისაგან გათავისუფლების მიზნებისათვის, კანონმდებელი მკაცრად განსაზღვრავს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ თარიღს – 2024 წლის 1 სექტემბერს (გარდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, რაც, განსახილველ შემთხვევაში, გამოკვეთილი არ არის). ამავე კანონის შესაბამისად, ამ თარიღის (2024 წლის 1 სექტემბრის) შემდგომ ზიანის ანაზღაურება ვერ გახდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან/სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველი.
14.1. მოცემულ შემთხვევაში, ა. ს–ასა და ხ. ხ–ს, 2024 წლის 1 სექტემბრამდე, არ აუნაზღაურებიათ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი. მათ მიერ სადავო/უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევა უკავშირდებოდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, დაკმაყოფილებული არ არის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირობა მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის 2024 წლის 1 სექტემბრამდე ანაზღაურების (მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იყო – მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის) შესახებ, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 22 ივლისს (იხ.: ტომი 1, ს.ფ. 1); სადავო მიწის ნაკვეთებს ყადაღა დაედო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების საფუძველზე (იხ.: ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება, ტომი 1, ს.ფ. 203-214); „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის ამოქმედების მომენტისათვის სადავო მიწის ნაკვეთები იყო ყადაღადადებული. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება არ წარმოადგენდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების (ბრალდებულის მიერ შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების) დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით შესაბამისი განცხადება უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ პროკურორი იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი ამ კანონის შესაბამისად. ამასთან, თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ სასამართლო იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად.
15.1. მოცემულ შემთხვევაში, გამოძიება დაიწყო 2017 წლის 22 ივლისს(იხ.: ტომი 1, ს.ფ. 1), სისხლის სამართლის საქმე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2018 წლის 13 ივლისს (იხ.: ტომი 3, ს.ფ. 2) და განიხილებოდა 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა, მსჯავრდებულებს არც გამოძიების ეტაპზე და არც საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე (2024 წლის 1 სექტემბრამდე) არ უსარგებლიათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურით და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით, არ მიუმართავთ შესაბამისი განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და ამავე მიზნით, არც მიწის ნაკვეთებზე დადებული ყადაღის გაუქმება მოუთხოვიათ.
16. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
17. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; ).
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – ა. ს–ასა და ხ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. მ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე