განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 14.07.2026
საქმის ნომერი
2კ-38-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №381-26 14 ივლისი, 2026 წელი

ბ-ი დ., №381-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ – გიორგი კოკაიას,ადვოკატების – ქ. გ-ის, თ. ლ-ის,მსჯავრდებულ – დ. ბ-ის

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენის სხდომაზე, განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის და მისი ადვოკატების – ქ. გ-ის და თ. ლ-ის – საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ დ. ბ-ის თანხმობით, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით, მსჯავრდებულ დ. ბ-ის ადვოკატის, დ. ჯ-ას, საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2013 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნინო ციხისელმა, მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების მოთხოვნით. შუამდგომლობას თან ერთვოდა დაზარალებულ თ. ჩ-ას განცხადება, რომლის თანახმად, იგი ეწინააღმდეგებოდა დ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებას მისთვის მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებამდე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით, მსჯავრდებულ დ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ვადად განისაზღვრა მსჯავრდებულისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირა.

6. 2026 წლის 26 ივნისს, მსჯავრდებულ დ. ბ-ის ადვოკატმა, ქ. გ-მა, საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების შეცვლა, კერძოდ, ძებნილი მსჯავრდებულის, დ. ბ-ის, მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გამოყენება და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლება. საჩივარს ერთვის ადვოკატსა და მსჯავრდებულს შორის არსებული მიმოწერა, რომლის თანახმად, დ. ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე 2024 წლის 24 ივნისს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ჩაიბარა. საჩივარს ასევე ერთვის დაზარალებულ თ. ჩ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, რის გამოც, მას დ. ბ-ის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია და თანახმაა, მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, მათ შორის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

7. საჩივარი და საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2026 წლის 7 ივლისს, რაც ეცნობა მხარეებს.

8. 2026 წლის 10 ივლისს მსჯავრდებულ დ. ბ-ის ადვოკატმა, ქ. გ-მა, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აცნობა, რომ მსჯავრდებული დ. ბ-ი საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავეს და ამჟამად №- პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ადვოკატის განცხადებას თან ერთვის მსჯავრდებულ დ. ბ-ის დაკავების ოქმი, რომლის თანახმად, იგი 2026 წლის 7 ივლისს დააკავეს.

9. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. ბ-მა და მისმა ადვოკატებმა – ქ. გ-მა და თ. ლ-მა – მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

10. ადვოკატების პოზიციით, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით. ამავე განცხადებით, დაზარალებული თ. ჩ-ა ეთანხმება მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებას და აცხადებს, რომ მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია აღარ გააჩნია. შესაბამისად, ადვოკატთა განმარტებით, დ. ბ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი და იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან. მსჯავრდებულ დ. ბ-ის ადვოკატმა ქ. გ-მა, დამატებით განმარტა, რომ მან დ. ბ-ს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2026 წლის 24 ივნისს გაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე, რომლის არსებობის შესახებაც მსჯავრდებულისთვის მანამდე ცნობილი არ ყოფილა. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულის მითითების საფუძველზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება. სასამართლო სხდომაზე იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მსჯავრდებულმა დ. ბ-მაც.

11. სასამართლო სხდომაზე პროკურორი გიორგი კოკაია არ დაეთანხმა წარმოდგენილ საჩივარს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება. მისი განმარტებით, დაზარალებულის თანხმობა სასამართლოში წარდგენილი იყო 2025 წლის 14 მარტს, რაც ავტომატურად მიუთითებდა მსჯავრდებულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების შესახებ ინფორმაციის არსებობაზე. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა, კანონით დადგენილი წესით, 2025 წლის 14 მარტიდან უნდა დაწყებულიყო. ამასთან, დაზარალებულის განცხადებაში მითითებული ზოგადი ჩანაწერი ამნისტიის გამოყენების თაობაზე არ წარმოადგენდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების მოთხოვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ დაცულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია ერთჯერადად გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში. ადვოკატის საჩივარზე დართული დოკუმენტაციით, კერძოდ, მსჯავრდებულსა და ადვოკატს შორის არსებული მიმოწერით, დასტურდება, რომ დ. ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება 2026 წლის 24 ივნისს ჩაიბარა, რის შემდეგაც, მისი მითითებით, ადვოკატმა აღნიშნული განჩინება 2026 წლის 26 ივნისს გაასაჩივრა. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ დაზარალებულის თანხმობა შედგენილია 2025 წლის 14 მარტს, თავისთავად არ ადასტურებს, რომ აღნიშნული თარიღისთვის მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების არსებობის შესახებ. ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

3. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულს განჩინების არსებობის შესახებ ინფორმაცია მანამდე ჰქონდა, ვიდრე იგი კანონით დადგენილ ვადაში მის გასაჩივრებას შეძლებდა. პირიქით, განჩინების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მსჯავრდებულის მითითებით ადვოკატმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება, რაც გამორიცხავს ამ არგუმენტით პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

4. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ დაზარალებულის განცხადებაში მითითებული ზოგადი ჩანაწერი ამნისტიის გამოყენების თაობაზე არ გულისხმობდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების მოთხოვნას. კერძოდ, დაზარალებულის მიერ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში გამოხატული თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის ამნისტია, თავისი შინაარსით წარმოადგენს ზოგად თანხმობას ამნისტიის გამოყენებაზე და არ არის შეზღუდული მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ამნისტიის აქტით. შესაბამისად, დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ფორმალური მითითების, არამედ მისი შინაარსის და გამოხატული ნების გათვალისწინებით.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

6. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დაცულია განჩინების გასაჩივრების ვადა, დაზარალებულ თ. ჩ-ას მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მსჯავრდებულმა მას სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული თანახმაა, რომ მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, არსებობს დ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების საფუძველი, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ბ-ის და მისი ადვოკატების – ქ. გ-ის და თ. ლ-ის – საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული დ. ბ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული ძირითადი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის, მოხდისგან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე