საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.07.2026
საქმის ნომერი
2კ-189აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100121004253889

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №189აპ-26 ქ. თბილისი

ს-ი ვ, 189აპ-26 29 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. ს-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, სამი პირის მიმართ; განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში, ცენტრში მდებარე საფეხბურთო მოედანთან, სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ. ს-მა, თანხმლებ პირებთან ერთად, ჯგუფურად, ხელებისა და ბლაგვი საგნების მრავალჯერადი დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. ს-ს, ნ. ი-სა და ვ. ს-ს, რომლებმაც დარტყმის შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს დაზიანებები.

· 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ის ცენტრში, საფეხბურთო მოედანთან, მ. ს-ნი და მისი თანმხლები პირები სიტყვიერად შელაპარაკდნენ ვ. ს-ან და ადგილზე მყოფ სხვა პიროვნებებთან, რა დროსაც ვ. ს-მა მის ხელთ არსებული დანისმაგვარი საგნის ბარძაყისა და გულმკერდის არეში მრავალჯერ დარტყმით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზიანებები მიაყენა მ. ს-ს. ვ. ს-ის განზრახვა ვერ იქნა მოყვანილი სისრულეში, ვინაიდან მ. ს-ნი შემთხვევის ადგილზე მყოფმა მისივე თანმხლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაეწია დროული სამედიცინო დახმარება.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენით:

2.1. ვ. ს-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია).

2.2. ვ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ამნისტიის აქტის გამო; 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ამნისტიის აქტის გამო.

2.3. გაუქმდა ვ. ს-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ის ცენტრის მიმდებარედ საფეხბურთო მოედანთან, სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ. ს-მა, თანმხლებ პირებთან ერთად, ჯგუფურად, ხელებისა და ბლაგვი საგნების მრავალჯერადი დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. ს-ს, ნ. ი-სა და ვ. ს-ს, რომლებმაც დარტყმების შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს დაზიანებები.

· 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ის ცენტრის მიმდებარედ საფეხბურთო მოედანთან, მ. ს-ნი და თანმხლები პირები სიტყვიერად შელაპარაკდნენ და დაუპირისპირდნენ ვ. ს-სა და ადგილზე მყოფ სხვა პირებს, რა დროსაც ვ. ს-მა მის ხელთ არსებული დანისმაგვარი საგნის მრავალჯერადი დარტყმით, ბარძაყისა და გულმკერდის არეში, მ. ს-ს მიაყენა მსუბუქი ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.2. ვ. ს-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილზე (ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია).

4.3. ვ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

4.4. გაუქმდა ვ. ს-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კასატორმა - ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ვ. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5.1. მსჯავრდებულ ვ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ა-მ შესაგებლით მოითხოვა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

8. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი ვ. ს-ის ქმედების სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, პროკურორ გიორგი ორჯონიკიძეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ვ. ს-ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ თავდაპირველად წარდგენილი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 19,108-მუხლით.

9. საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№181აპ-24), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

10. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ვ. ს-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ვ. ს-ს არ ჩაუდენია ისეთი ქმედება, რომელიც დაზარალებულის მოკვლის სურვილზე მიანიშნებდა. შესაბამისად, მისი ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შემდეგ გარემოებათა გამო:

12. დაზარალებულმა მ. ს-მა ჩვენებაში განმარტა, რომ იჩხუბა ვ. ს-ან, რა დროსაც მან დაარტყა დანა. დანა როგორი იყო, არ ახსოვს. სამჯერ დაარტყა - გვერდზე და ორი - თვალთან. დარტყმის მიზეზი არ იცის. მანამდე, ვ. ს-ნ დაპირისპირება ან შემხებლობა არ ჰქონია. როდესაც საავადმყოფოში წაიყვანეს, ვ-ს არაფერი მოუმოქმედებია. მოწმის განმარტებით, რომ სდომოდა, ვ. ს-ს კიდევ დაარტყამდა. დღესდღეობით ვ. ს-ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და შერიგებულია მასთან.

13. 2020 წლის 21 ოქტომბერს განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით შედარებით დეტალურ ინფორმაციას იძლევიან დაზარალებულები - ვ. ს-ანი და დ. ს-ნი. დაზარალებულ ვ. ს-ის ჩვენების თანხმად, 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, დაურეკა ნაცნობმა მ. თ-მა და უთხრა, რომ უნდოდა მასთან საუბარი თავისი დის - ფ. თ-ის შესახებ, რომელთანაც მოწმეს ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. როდესაც მ. თ-მა მიაკითხა, ჩაჯდა მის ავტომობილში და წავიდნენ ნ-ის სასაფლაოების მიმართულებით. ადგილზე დაიწყეს საუბარი, რა დროსაც აჩვენა მიმოწერები მის დასთან. ამის გამო მ. თ-ნი გახდა აგრესიული და ერთხელ მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალის არეში, დარტყმისას იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაშავდა. თავადაც დააპირა დარტყმა, სავარაუდოდ, მან ამოიღო დასაკეცი დანა, უკუსვლით მივიდა თავის ავტომობილთან და წავიდა. სოფელში მისვლისას შეხვდა თანასოფლელ კ. ს-ს, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. აღნიშნული ფაქტი ასევე მოუყვა ძმას - დ. ს-ს, რომელმაც დაურეკა მ. თ-ს და უთხრა, შერიგებულიყვნენ. დ. ს-მა დაურეკა მათ მამიდაშვილ ნ. ი-ს და შერიგების მიზნით, თავად, ნ. ი-ნი, ნ. გ-ნი და ს. თ-ანი ,,ფორდის მარკის" ავტომობილით წავიდნენ სოფელ ო-ში, სადაც მინი საფეხბურთო მოედანთან, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან დაინახა 3-4 ავტომობილი. აღნიშნულ ადგილზე იყო ასევე მ. თ-ნი. დაახლებით ნახევარ საათში მივიდნენ დ. ს-ნი, მ. ს-ნი, ა. ა-ნი და კ. ს-ნი, რომლებიც გადმოვიდნენ ავტომობილიდან და წყნარად საუბრობდნენ. ნ. ი-ანი იქ მყოფთ სთავაზობდა შერიგებას; საუბრისას ავტომობილით მივიდა ვ. ს-ნი, რომელმაც აგრესიულად იკითხა, თუ როგორ შეთანხმდნენ მის გარეშე. იგი შეელაპარაკა ნ. ი-ს, რა დროსაც ერთხელ მუშტი დაარტყა ნ-ს სახეში, რის შემდგომაც გააშველეს იქ მყოფმა პირებმა. აღნიშნულის გამო ვ. ს-ი გაბრაზდა და დასაკეცი დანა ჩაირტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, დაიწყო ყვირილი - დანა დამარტყეს და დამჭრესო. მან უთხრა, ნუ იტყუებოდა და შეიგინა, რაზეც გაბრაზებულმა ვ. ს-მა ჯერ მას მოუქნია დანა, რომელიც მოწმემ აიცდინა და დანა ჩაარტყა მის დასახმარებლად მისულ ძმას - მ. ს-ს, ერთხელ, გულმკერდის არეში, ასევე - მარჯვენა ბარძაყის არეში. აღნიშნულზე დაიწყო ყვირილი, რომ მ-ი იყო დაჭრილი და წაიყვანეს საავადმყოფოში. დაზარალებულმა დ. ს-მა 2020 წლის 21 ოქტომბერს განვითრებულ მოვლენებსა და უშუალოდ მ. ს-ის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მის ძმას ვ. ს-ს კონფლიქტი მოუვიდა სოფელ ო-აში მცხოვრებ მისთვის უცნობ პირებთან, რის გასარკვევადაც წავიდა სოფელ ო-ში. როდესაც მივიდა იქ არსებულ მინისაფეხბურთო მოედანთან, დაინახა, რომ ხალხი შეკრებილიყო, საუბრის დროს კი გაიგონა, რომ ნ. ი-ნი ადგილზე მყოფთ სთავაზობდა შერიგებას, რა დროსაც ვ. ს-ნი გადმოვიდა ავტომობილიდან, ხელში ეჭირა დასაკეცი დანა, რომელიც გახსნა და წავიდა მისი მიმართულებით. მან შერიგებაზე გამოთქვა უკმაყოფილება, თქვა, რომ დამნაშავე უნდა დასჯილიყო და სისხლი დაღვრილიყო. ნ. ი-მა ვ-ს უსაყვედურა. ვ. ს-ნი გაბრაზდა და ძლიერად მუშტი ერთხელ დაარტყა ნ. ი-ს სახის არეში, რის შემდგომაც დაიწყო ჩხუბი. ვინ ვის ურტყავდა ვერ დაინახა, თუმცა ის კი შენიშნა, რომ ერთ-ერთმა მოჩხუბარმა ს. გ-მა თავში ძლიერად დაარტყა ბლაგვი საგანი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება. ინციდენტისას დაინახა, რომ ვ. ს-მა, ხელთ არსებული დანა, მოუქნია მის ძმას - ვ. ს-ს, მაგრამ მას დანა არ მოხვედრია. ამ დროს ნ. ი-ნი ყვიროდა, რომ ყველა დაწყნარებულიყო, ხოლო შემდეგ გაიგონა ყვირილის ხმა, რომ მ. ს-ნი დაჭრეს და სჭირდებოდა დახმარება. დაინახა, რომ ყველა, მათ შორის - ვ. ს-ნი გარბოდა, ხელში კი ეჭირა სისხლიანი დანა. მისი ძმა წაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ გამოკითხვის დროს დააზუსტა, რომ ინციდენტისას ვ. ს-ის გარდა სხვას დანა ხელში არ სჭერია და ასევე ნახა, რომ ინციდენტის შემდგომ დანის პირი იყო სისხლიანი.

14. ზემოაღნიშნულ ჩვენებებს შეესაბამება ნ. ი-ის გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინციდენტის დროს დაინახა, რომ ,,ფორდის მარკის" ავტომობილთან ახლოს მდგომი მ. ს-ანი მოიხარა, მას მუცლის არეში ჰქონდა სისხლი. ამ ფაქტის მნახველმა მოწმემ დაიყვირა, რათა ყველა დაწყნარებულიყო და ჩხუბი შეეწყვიტათ. მ. ს-ნი წაიყვანეს საავამდყოფოში. მან დამატებით განმარტა, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ვინმეს ხელში დანა, დანის მსგავსი ან რაიმე ბლაგვი საგანი არ დაუნახავს. მას დამჭრელის სახელი და გვარი არ გაუგია, რადგან იყო ძალიან შეშინებული, რომ მ. ს-ს რაიმე არ მოსვლოდა.

15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის ... დასკვნის თანახმად, სს „ე-ბი“ ნ-ის კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1773/003756-ისა და სს „ე-ბი“ ა-ის ჰოსპიტალის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3585/2439-ის მიხედვით მ. ს-ს 2020 წლის 21 ოქტომბერს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა თხემ-კეფის არეში, ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა წინა იღლიის ხაზზე VIII ნეკნის საპროექციოდ და ორი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა დუნდულის არეში. თხემ - კეფის არეში არსებული დაჟეჟილი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო აღნიშნული ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

16. საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას ვ. ს-მა დაადასტურა დაზარალებულ მ. ს-ის მიყენებული დაზიანების ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და რომ სდომოდა, ბოლომდე მიიყვანდა.

17. საკასაციო სასამართლო, ისევე, როგორც სააპელაციო პალატა, ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებებს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების გამიჯვნისას, ქმედების კვალიფიკაციის დროს შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია ქმედების სუბიექტური მხარის - განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, ვითარება, რომელშიც ეს დაზიანებები იქნა მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ, დაზიანების მიყენების მომენტში, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და სხვ.. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის N252აპ-11, 2016 წლის 29 სექტემბრის №227აპ-16 და 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენები).

18. იმის დასადგენად, თუ რა განზრახვით მიაყენა მსჯავრდებულმა ვ. ს-მა დაზარალებულს დაზიანება, საკასაციო სასამართლომ, ისევე როგორც სააპელაციო პალატამ, გაითვალისწინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, მ. ს-ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზიანებათა ვითარება, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება ზოგადად და დაზიანების მიყენების მომენტში, მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში, ვ. ს-ისა და მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ უშუალოდ მ. ს-სა და ვ. ს-ს, შემთხვევამდე რაიმე შემხებლობა და მით უფრო, კონფლიქტური დამოკიდებულება ერთმანეთთან არ ჰქონიათ. უშუალოდ ჩხუბის დაწყებისას კონკრეტულად მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის განსაკუთრებული/ინტენსიური დაპირისპირება მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება, რომელიც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა უშუალოდ მ. ს-ის მოკვლის განზრახვით. ასევე კონფლიქტის მომენტში სიტყვიერი მიმართვაც კი ვ. ს-ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მხრივ, არ გაჟღერებულა. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს კვლავ ჰქონდა საშუალება გაეგრძელებინა ჭრილობების მიყენება დაზარალებულისათვის, თუმცა მას ეს არ ჩაუდენია. ამასთან, როდესაც ადგილზე მყოფებმა შეიტყვეს მ. ს-ის დაჭრის ფაქტის შესახებ, ისინი დაიშალნენ, ხოლო მ. ს-ის ახლობლებმა თავისუფლად შეძლეს მისი გადაყვანა საავადმყოფოში. მსჯავრდებულს ხელი არ შეუშლია, რომ მ. ს-ის აღმოეჩინათ დახმარება. დაზარალებულმა მ. ს-აც ჩვენებაში დაადასტურა, ვ. ს-ს რომ სდომოდა დარტყმის მიყენება, კვლავაც შეეძლო. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებში არ იკვეთება მიასნიკ სანოსიანის მოკვლის განზრახვა (მცდელობა).

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე ვერ დადგინდა ვ. ს-ის მიერ მ. ს-ის განზრახ მკვლელობის მცდელობის მოტივი და მისი მხრიდან ამ ქმედების ჩასადენად მიზანმიმართული ქმედებების განხორციელება. ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ასეთ შემთხვევაში, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახი მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 1251აპ-24); მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ვ. ს-ის მიერ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი.

21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ვ. ს-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა და მას განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე