საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100125011132898
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №298აპ-26 20 ივლისი, 2026 წელი
ბ–ი ე., №298აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. ბ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, ასევე, აიძულებს დაზარალებულს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 14 მაისიდან 2025 წლის 27 იანვრამდე დროის მონაკვეთში, ე. ბ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, როგორც პირადად, ასევე მობილური ტელეფონის საშუალებით, სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ი. ტ–ესთან, რის გამოც ი. ტ–ეს გაუჩნდა ე. ბ–ის მხრიდან ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, ასევე, იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი – შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, აღარ გადაადგილდებოდა ქუჩაში ქვეითად, ამასთან, გადაადგილების დროს მუდმივად განიცდიდა შიშს, რომ შეხვდებოდა ე. ბ–ს, ასევე არ პასუხობდა უცხო ნომრებიდან შემომავალ სატელეფონო ზარებს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ე. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ თურმანიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ე. ბ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 4 მარტს, აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ თურმანიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ე. ბ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ: დაზარალებულ ი. ტ–ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, დადასტურებულია მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რითაც დგინდება, რომ ე. ბ–ი სისტემატურად ახორციელებდა კომუნიკაციას დაზარალებულთან, მათ შორის სახლში მიკითხებით, რაც ასევე დაადასტურა ი. ტ–ის მამამ, ა. ტ–ემ. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციების კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებში ასახულია დაზარალებულის და ე. ბ–ის გადაადგილება, მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მიზნით. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ე. ბ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე, კერძოდ, ი. ტ–ე განმარტავს, რომ იგი მუშაობდა ე. ბ–ის კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე, მათ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და მათი ოჯახის წევრებიც იცნობდნენ ერთმანეთს. დაზარალებულის ჩვენებით, ე. ბ–თან ურთიერთობა სასიყვარულო კავშირში გადაიზარდა და როდესაც ურთიერთობის გაწყვეტა მოისურვა, წლების განმავლობაში გახდა სხვადასხვა სახით არასასურველი კომუნიკაციის მსხვერპლი. კერძოდ, იგი ურეკავდა დაფარული ნომრებიდან, დაჰყვებოდა უკან, ემუქრებოდა შავების ჩაცმითა და ყველა ნაბიჯზე ბომბების დადებით, თუმცა მისი მხრიდან არასდროს ჰქონია ადგილი პირდაპირ დამუქრებასა და ძალადობას. ასევე, მისგან თავის დაღწევის მიზნით, სამსახურიდან წავიდა, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. დაზარალებულმა განმარტა, რომ იყო მუდმივი შიშის და სტრესის ქვეშ, რაც მის არასრულწლოვან შვილზე და ოჯახის სხვა წევრებზეც მოქმედებდა.
5.4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ 2024 წლის 14 მაისის და 2024 წლის დეკემბრის ქმედებებთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. ხოლო, 2024 წლის 27 მაისის და 2025 წლის 27 იანვრის ქმედებებთან დაკავშირებით, მართალია დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან, თუმცა ადევნების შემადგენლობისათვის აუცილებელია, ქმედება სისტემატურად, მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით ხორციელდებოდეს. მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზე არ არის დროის მცირე მონაკვეთი (2024 წლის 27 მაისიდან 2025 წლის 27 იანვარამდე). შესაბამისად, დადგენილი ფაქტები ვერ ქმნის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რადგან არ იკვეთება სისტემატურობა/ინტენსიურობა.
5.5. რაც შეეხება ადევნების შემადგენლობის ერთ-ერთ ელემენტს, რაც უკავშირდება პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რამაც პირი უნდა აიძულოს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან დადგეს ასეთი საჭიროების წინაშე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წარმოდგენილ სასამართლო-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ ი. ტ–ეს ე. ბ–ის ქმედებების შედეგად ტანჯვა არ განუცდია, მან მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა. ექსპერტიზის დასკვნა ეხება 2018 წლის ზაფხულიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე ფაქტებს, რამაც საბოლოოდ ი. ტ–ეს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ე. ბ–ს ბრალდება ედავება 2024 წლის მაისიდან 2025 წლის 27 იანვრამდე პერიოდში განხორციელებულ ადევნებას.
5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ე. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს გამართლებულის სასარგებლოდ.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე