საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100124008628714
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №350აპ-26 28 ივლისი, 2026 წელი
ე–ი დ., №350აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მარტის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ე–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. დ. ე–ი, თავის მეუღლესთან - ს. შ–ესთან თანაცხოვრების პერიოდში, 2023 წლის 30 ოქტომბრამდე, ქალაქ თ–ში, ..... ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მეუღლეზე, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ს. შ–ეს, მათ შორის, მისი ორსულობის პერიოდში. მის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად, ს. შ–ემ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
1.3. 2021 წლის მარტში, საღამოს საათებში, ქალაქ თ–ში, ..... ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ. ე–ი, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ს. შ–ეს, კერძოდ, დაემუქრა, რომ თავს მოაჭრიდა, რის შედეგადაც ს. შ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2023 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, ..... ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ. ე–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან უსაფუძლოდ ეჭვიანობდა თავის მეუღლეზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ს. შ–ეზე. კერძოდ, ერთხელ დაარტყა მუშტი შუბლის არეში, რა დროსაც ს. შ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2023 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, ..... ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ. ე–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მეუღლეზე, თოფის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ს. შ–ეს, კერძოდ, დაემუქრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რის შედეგადაც ს. შ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2023 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, დ. ე–მა მობილურის ნომერზე დაურეკა და, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მეუღლეზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ს. შ–ეს, რის შედეგადაც ს. შ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.7. 2023 წლის 30 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ქალაქ თ–ში, ..... ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დ. ე–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მეუღლეზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ს. შ–ეს, კერძოდ, დაემუქრა, რომ გაარკვევდა, ვისთან ღალატობდა და ორივეს მოკლავდა, რის შედეგადაც ს. შ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.8. 2023 წლის 30 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ქალაქ თ–ში, ..... ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, შესასვლელ კართან, დ. ე–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მეუღლეზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ს. შ–ეზე, კერძოდ, მარცხენა ხელზე ძლიერად მოჰკიდა ხელი, რა დროსაც ს. შ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, დ. ე–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს თელავის რაიონული პროკურორის მოადგილემ მაია გუგუშვილმა და თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ და მოითხოვეს დ. ე–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მარტის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 7 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. ე–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულ დ. ე–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. მ–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები ადატურებენ დ. ე–ის მიერ ჩადენილ ქმედებებს. კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა საკმარისია დ. ე–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ. ე–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა – ს. შ–ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის – დ. ე–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, დ. ე–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველნი. აღნიშნული მოწმეები ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულის მონათხრობიდან. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად დ. ე–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ დ. ე–ის ბრალეულობას ადასტურებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ვლინდება ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება არ არის საკმარისი დ. ე–ის მხრიდან მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტის დადასტურებულად.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე