საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124009953021
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N352აპ-26 21 ივლისი, 2026 წელი
ფ–ი ბ., №352აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ფ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში, თ–ში, წ–ს გზატკეცილი N...., ბინა N..-ში, ბ. ფ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ქალის მიმართ მესაკუთრულ დამოკიდებულებასა და მისი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ჩაყენების სურვილში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, თ. ტ–ს. კერძოდ, ამ უკანასკნელს უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და აივნიდან გადააგდებდა, რაც თ. ტ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2024 წლის 26 ივლისს, დილის საათებში, თ–ში, წ–ს გზატკეცილი N..., ბინა N..-ში, ბ. ფ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ქალის მიმართ მესაკუთრულ დამოკიდებულებასა და მისადმი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ჩაყენების სურვილში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ პირს თ. ტ–ს. კერძოდ, ამ უკანასკნელს უთხრა, რომ აივნიდან გადააგდებდა და მოკლავდა, რაც თ. ტ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2024 წლის 26 ივლისს, დილის საათებში, თ–ში, წ–ს გზატკეცილი N..., ბინა N..-ში, ბ. ფ–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ქალის მიმართ მესაკუთრულ დამოკიდებულებასა და მისი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ჩაყენების სურვილში, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი პირის თ. ტ–ის მიმართ. კერძოდ, ხელი ორჯერ ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, რითაც თ. ტ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, ბ. ფ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. ფ-ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 1 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა ბ. ფ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები ადატურებენ ბ. ფ–ის მიერ ჩადენილ ქმედებებს. კერძოდ: დაზარალებულის შეტყობინება, მოწმების: დ. ხ–ს, დ. მ–ს, ნ. შ–ს და შ. დ–ს გამოკითხვის ოქმები, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებულ შეტყობინება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბექა ფიცხლაურის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ბ. ფ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დაზარალებულების მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები ოჯახში ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულის მონათხრობიდან. ისინი არ არიან ძალადობის ან/და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების უშუალო თვითმხილველნი. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად ბ. ფ–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებულ შეტყობინებას, აღნიშნული წარმოადგენს ერთ მტკიცებულებას და არაა საკმარისი ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტისთვის, რომ პალატამ დადგენილად მიიჩნიოს ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტები.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბ. ფ–ის ბრალეულობას ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია, დადგინდეს სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ადგილმდებარეობა, ხარისხი, ხანდაზმულობა და სხვა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ დაზიანებები კონკრეტულმა პირმა, კონკრეტულ ვითარებაში მიაყენა დაზარალებულს – შეუძლებელია რამდენადაც, საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება.
5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ. ფ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბ. ფ–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე