დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 01.05.2026
საქმის ნომერი
ას-460-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-460-2026 1 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.დ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.დ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ.დ–ვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი.დ–ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით დ.დ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრვივ. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 31 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, გაფორმებული მ.გ–ს და ი.დ–ძეს შორის, ქ.თბილისში, ………. კორპუსში მდებარე ბინა 16-ზე, ს/კ ........., დამოწმებული 2016 წლის 31 მაისს საქართველოს მიუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 1/3-ის ნაწილში. დ.დ–ვი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, …………. კორპუსში მდებარე ბინა 16-ის, ს/კ .......... 1/3-ის თანამესაკუთრედ და აღნიშნული 1/3 თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მასზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ი.დ–ძისა და დ.დ–ვის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.დ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 983 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

2026 წლის 30 აპრილს ი.დ–ძის წარმომადგენელმა ა.ს–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ კასატორს აღარ გააჩნია დავის გაგრძელების ინტერესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.დ–ძის საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 16 აპრილის განჩინება კასატორის წარმომადგენელ ა.ს–ს, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა 2026 წლის 21 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 22 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 28 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. ამასთან, 2026 წლის 30 აპრილს ი.დ–ძის წარმომადგენელმა ა.ს–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ კასატორს აღარ გააჩნია დავის გაგრძელების ინტერესი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.დ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი