დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 04.05.2026
საქმის ნომერი
ას-396-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-396-2026 4 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ტ–ნ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, მშობლის უფლების შეზღუდვა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ.ტ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ვ.გ–ნს მოსარჩელე ნ.ტ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა მისი არასრულწლოვანი შვილის, 2017 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული ა.გ–ის სასარგებლოდ ალიმენტი ყოველთვიურად 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან (2024 წლის 14 თებერვლიდან) ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე; ვ.გ–ნს, შვილის - ა.გ–ის მიმართ ნაწილობრივ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, კერძოდ, ნ.ტ–ნს მიენიჭა უფლებამოსილება ვ.გ–ნის თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე დაიცვას არასრულწლოვანი ა.გ–ის კანონიერი ინტერესები სახელმწიფო დაწესებულებებთან, საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკლინიკებთან ურთიერთობაში, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ; ნ.ტ–ნს მიენიჭა უფლება დამოუკიდებლად, ვ.გ–ნის თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე აიღოს არასრულწლოვანი შვილის - ა.გ–ის პირადობის მოწმობა ან/და პასპორტი. ამავე სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ვ.გ–ნის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მათი გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინებით ვ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ადრესატისთვის ჩაბარების ალტერნატიული გზები, და მხოლოდ ფორმალურად სცადა მისი ადრესატისთვის ჩაბარება. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.06.2025წ. განჩინებით საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.09.2025წ. განჩინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა აპელანტს გაუგრძელდა 10 დღით.

11. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2025წ. განჩინებით აპელანტს ამავე სასამართლოს 25.06.2025წ. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ და 26.09.2025წ. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებების თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების განხორციელების გზით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების (გზავნილის) ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით– სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

13. საკასაციო სასამართლო დამატებით კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

15. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1303-2022, 13.01.2023წ.).

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტს, კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის შევსებისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებები, ხოლო, თავად აპელანტს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, არც ხარვეზის აღმოფხვრისთვის აუცილებელი საპროცესო მოქმედებების გატარების დამადასტურებელი მტკიცებულებებით და არც რაიმე შუამდგომლობით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.გ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია