დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 23.04.2026
საქმის ნომერი
ა-1290-შ-45-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1290-შ-45-2026

23 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ტ.შ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის ერთსაბჭოიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის N1185/2014 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის ერთსაბჭოიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის N1185/2014 გადაწყვეტილებით შეწყდა ტ.შ–სა და ხ.ჩ–ს შორის 17.02.2011 წელს რეგისტრირებული ქორწინება.

2. ტ.შ–მა 2026 წლის 17 მარტს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მან მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრს, რათა განქორწინება დაერეგისტრირებინა, თუმცა რეესტრმა მოსთხოვა წარედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.

4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება აღსრულებულია საბერძნეთის რესპუბლიკაში.

5. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 მარტის განჩინებით ტ.შ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის ერთსაბჭოიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის N1185/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ.შ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის ერთსაბჭოიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის N1185/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ“ 10.05.1999 წლის შეთანხმებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 14.06.2000წ. დადგენილებით) საქართველო და საბერძნეთის რესპუბლიკა მიზნად ისახავენ რა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას და სურთ რა გააძლიერონ ურთიერთდახმარება სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში ეფექტური თანამშრომლობის საშუალებათა დანერგვის გზით, გადაწყვიტეს დადონ წინამდებარე შეთანხმება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ. შეთანხმების 21-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას თავის ტერიტორიაზე ცნოს და აღასრულოს სამოქალაქო საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებანი, რომლებიც გამოცემულია მეორე მხარის ტერიტორიაზე და ექვემდებარება აღსრულებას ამ მხარის კანონმდებლობის საფუძველზე.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი ადგენს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა ცნობის წესს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს; იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ საქმე Nა-2761-შ-69-2016, 07 ივლისი, 2017 წელი).

11. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში. აღნიშნული კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და შუამდგომლობა აკმაყოფილებს სამართლებრივი დახმარების შესახებ 10.05.1999წ. შეთანხმების 22-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

13. შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის ერთსაბჭოიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის N1185/2014 გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეები განქორწინდნენ, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ“ შეთანხმების 21-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.შ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის ერთსაბჭოიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის N1185/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის ერთსაბჭოიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის N1185/2014 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ტ.შ–სა და ხ.ჩ–ს შორის ქორწინება, რომელიც შესრულდა სამოქალაქო წესით, საქართველოში, ვაკის მუნიციპალიტეტში, 17.02.2011 წელს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია