დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 08.05.2026
საქმის ნომერი
ა-1270-შ-44-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
08.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1270-შ-44-2026 8 მაისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ბ.ს.რ–სი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ.ს–ს“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის River Mas -C/P dd 26.6.23 გადაწყვეტილება იურიდიული ხარჯების შესახებ

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის River Mas -C/P dd 26.6.23 იურიდიული ხარჯების შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ქვემორე ხელმომწერებმა, ბ.ჰ–მა (მისამართი: ბინა 101, ........, ლონდონი ...) და ჯ.ე–იმ (მისამართი: ........ ქუჩა, ლონდონი ....), როგორც არბიტრებმა ამ საქმეში, მიიღეს გადაწყვეტილება სამართალწარმოების შესახებ 2024 წლის 1 ივლისს, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, დაადგინეს (ამ დოკუმენტის 35 პუნქტში), რომ მოსარჩელემ („LS“) უნდა გადაუხადოს პირველ მოპასუხეს („BSR“) ხარჯები, რომელმაც ამ უკანასკნელმა გასწია სამართალწარმოების დროს. BSR-ის მიერ ასანაზღაურებელი ხარჯები, 2024 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების 35-ე პუნქტის თანახმად, შეადგენს £56,545 ფუნტ სტერლინგს. გარდა ამისა, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, თითოეულმა მხარემ თავად უნდა დაფაროს ამ შეფასებასთან დაკავშირებული საკუთარი ხარჯები, ხოლო LS-მა უნდა დაფაროს ამ გადაწყვეტილების ხარჯი, როგორც ეს ცალკე ეცნობა მხარეებს, იმ პირობით, რომ თუ BSR-მა წინასწარ გადაიხადა რაიმე თანხა ამასთან დაკავშირებით, IS-მა დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაუროს BSR-ს გადახდილი თანხა და ამასთან, უნდა გადაუხადოს BSR-ს პროცენტი აღნიშნულ თანხაზე 7% წლიური განაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება კვარტალურად (ყოველ 3 თვეში ერთხელ), იმ დღიდან, როდესაც BSR-მა გადაიხადა თანხა, IS-ის მიერ BSR-ისთვის ანაზღაურების დღემდე.

2. 2026 წლის 16 მარტს, შპს „ბ.ს.რ–სის“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა – ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის River Mas -C/P dd 26.6.23 გადაწყვეტილების იურიდიული ხარჯების შესახებ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინებით, შპს „ბ.ს.რ–სის“ შუამდგომლობა, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 01 ივლისის River Mas -C/P dd 26.6.23 იურიდიული ხარჯების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება, შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2026 წლის 8 აპრილს და მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში შუამდგომლობაზე ჰქონდა უფლება სასამართლოსთვის წარედგინა საკუთარი პოზიცია. ამასთან, განემარტა, რომ სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. საქმის მასალები შპს „ლ.ს–ს“, ჩაბარდა 2026 წლის 16 აპრილს.

7. შპს „ბ.ს.რ–სის“ შუამდგომლობაზე მოწინააღმდეგე მხარემ, 2026 წლის 22 აპრილს, საკასაციო სასამართლოში, წარმოადგინა მოსაზრება, შპს „ლ.ს–ი“ არ ეთანხმება შპს „ბ.ს.რ–სის“ შუამდგომლობას, შპს „ლ.ს–სთვის“ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 01 ივლისის Tiver Mas — C/P dd 26.6,23 იურიდიული ხარჯების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების თაობაზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ არ არის აღმოფხვრილი ის ხარვეზი, რის გამოც მხარის იდენტური შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბერის განჩინებით დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების სხვა ქვეყანაში ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რა დროსაც სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.

11. გადაწყვეტილების ცნობის საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს (სუსგ.№ა-352-შ-7-2024,05.02.2024წ.).

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებადი გადაწყვეტილება (სუსგ.№ა-1302-შ-31-2010,06.07.2010წ.).

13. საქართველოში უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამავე დროს ეს ხდება პირველი ინსტანციის წესით (შდრ. ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2010წ., გვ.43).

14. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ.სუსგ. ა-2574-შ-65-2024,14.03.2025.).

15. ევროსასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ადგილს დემოკრატიულ საზოგადოებაში (Airey v. Ireland, №6289/73, 09.10.1979, §24; Stanev v. Bulgaria [GC], №36760/06, 17.01.2012, §231). აღნიშნული გარანტია „კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია“ (Pretto and Others v. Italy, № 7984/77, 08.12.1983, §21). შესაბამისად, მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის შეზღუდულად განმარტებას გამართლება ვერ ექნება (Moreira de Azevedo v. Portugal, №11296/84, 23.10.1990, §66). სამართლიანობის მოთხოვნა მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს (Stran Greek Refineries and Stratis Andreadis v. Greece, №13427/87, 09.12.1994,§49).

16. მნიშვნელოვანია სამართლის ნორმის (და არა მთელი კანონის) აზრი და მიზანი, ratio legis („ტელეოლოგიური განმარტება“). რეგულაციის მიზანი ზოგადად ისაა, რომ ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები გარკვეული სახით გაწონასწორდეს. სამართლის ნორმის განმარტება იმგვარად არ შეიძლება, რომ სამართლის სხვა ნორმას აზრს უკარგავდეს (სუსგ №ა-381-შ-10-2023, 21.03.2023წ., პ.36). ნორმის განმარტებისას გადამწყვეტია კანონის არსის გათვალისწინება და მისი მიზნის შესაბამისი განმარტება. ამასთან, მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ მიზანი, რომლის მიღწევასაც ესწრაფვის კანონმდებელი შესაბამისი ნორმით, არამედ ასევე ამ მიზნის სამართლიანობა და მიზანშეწონილობა. ეს განპირობებულია იმით, რომ თითოეული დებულება არ განიხილება არც შესაბამისი ინსტიტუტებისა თუ ცნებათა სისტემისგან იზოლირებულად, არც სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელი ფასეულობებისაგან დამოუკიდებლად. ის სამართლიანი და მიზანშეწონილობაზე დამყარებული სამართლებრივი წესრიგის ნაწილია (იხ. დავით კერესელიძე, „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი,2009წელი,გვ.74).

17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს: სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის ცნობისა და აღსრულების შესახებ, უნდა დასტურდებოდეს, როგორც მისი კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი, ისე ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა მისი გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით (სუსგ. №ა-1687-შ-41-2024 29.03. 2024წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 01 ივლისის River Mas -C/P dd 26.6.23 გადაწყვეტილების იურიდიული ხარჯების შესახებ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ იდენტური შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული იმ დასაბუთებით, რომ შუამდგომლობას არ ერთოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა გადაწყვეტილების გამომტან ქვეყანაში. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, განსახილველ შუამდგომლობას ერთვის ელექტრონული ფოსტის ამონაწერები, რომლებიც ნათარგმნია და დადასტურებულია ნოტარიულად. დართული მტკიცებულებების თანახმად, ჯ.ჰ–ნი, სასამართლოს თანამშრომელი ადასტურებს, რომ შპს „ლ.ს–სის“ შპს „ბ.ს.რ–სისა“ და ბ.ნ გ.გ–ას შორის არსებული საკითხის თაობაზე ბატონები ბ.ჰ–ისა და ჯ.ე–ის მიერ 2024 წლის15 სექტემბერს გამოტანილ LMAA საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ არის ინფორმირებული შპს „ბ.რ–ის“ მიერ ინგლისისა და უელსის უზენაეს სასამართლოებში ან სხვაგვარად მიღებული ზომების შესახებ, რათა ინგლისისა და უელსის იურისდიქციის ფარგლებში მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება. დოკუმენტის ბოლოს აღნიშნულია, რომ ჯ.ჰ–ნი არის სასამართლოს განრიგის მართვაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი კომერციულ და საზღვაო საქმეთა სასამართლო და ტექნოლოგიურ და სამშენებლო საქმეთა სასამართლოებში. საკასაციო პალატა შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულების კვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე და 68-ე მუხლის დანაწესებს, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტი არავალიდურია. იგი არ წარმოადგენს სასამართლოს ოფიციალურ დოკუმენტს, არ არის დამოწმებული სასამართლოს ბეჭდით, შეუძლებელია მასში მითითებული პირის იდენტიფიცირება და იმის დადგენა დოკუმენტის ტექსტში ასახული ინფორმაციის გაცემა რამდენად შედის დოკუმენტის გამცემი პირის უფლებამოსილებაში, ასევე დოკუმენტის შინაარსი არაიმპერატიულია და მხოლოდ შეიცავს სავარაუდო ფორმის მითითებას ინფორმაციის არცოდნის თაობაზე, რაც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება კანონით განსაზღვრული მტკიცებულების სახედ მიჩნეული და მის საფუძველზე ვერ დადგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა მისი გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით.

19. კანონის გრამატიკული და ტელეოლოგიური განმარტების, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო პალატა კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით გათვალისწინებულ პირობებს კუმულატიურად განიხილავს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ყველა წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის განხილვა (შდრ. იხ. სუსგ. საქმეებზე: №ა-1687-შ-41-2024 29 მარტი, 2024 წელი, №ა-381-შ-10-2023, 21.03.2023წ., საქმე №ა-1483-შ-37-2025).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობა, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი განცხადებაც და განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 399-ე, 372, 284-ე, 285-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ბ.ს.რ–სის“ შუამდგომლობა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 01 ივლისის River Mas -C/P dd 26.6.23 იურიდიული ხარჯების თაობაზე, გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ არ კარგავს უფლებას ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს; შპს „ბ.ს.რ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ სს „ბანკი ქართუში“, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2026 წლის 16 მარტს №97367 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარი; თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი