დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-311-2026
20 აპრილი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.ჯ–ია (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ი.გ–ი, თ.რ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ.ჯ–იას სარჩელი, მოპასუხეების - თ.რ–ძისა და ი.გ–ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით დ.ჯ–იას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე,დარჩა განუხილველი.
4. აღნიშნიული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული კერძო საჩივრის დედანი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ დ.ჯ–იას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული კერძო საჩივრის დედანი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
9. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.03.2026 წლის განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ტ.4 ს.ფ.222) და გზავნილი ჩაჰბარდა ოჯახის წევრს (დას) 2026 წლის 04 აპრილს.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
12. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 03 (სამი) - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 05 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 07 აპრილს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი 07.04.2026 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა, დასაბუთებული კერძო საჩივრის დედანი, უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ხელმოწერით, წარმოადგინა (ა-1804-26) სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, კერძოდ 2026 წლის 08 აპრილს. (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღი).
13. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ცხადია, რომ მხარემ 1 დღის დაგვიანებით, 2026 წლის 08 აპრილს წარმოადგინა განცხადება სასამართლოში, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ეს კი გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას იმსჯელოს განცხადების შინაარსობრივ ნაწილზე.
14. უზენაესი სასამართლო ასევე, დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებაზე: საქმის მასალებში წარმოდგენილია 2026 წლის 26 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წარდგენილი დ.ჯ–იას განცხადება (კერძო საჩივარზე დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენი შესახებ). აღნიშნული წარმოადგენს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებაზე წარდგენილ დამატებით მტკიცებულებებებს. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება, ვერ იქნება მიჩნეული უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინებაზე მხარის პასუხად, ვინაიდან აღნიშნული განცხადება წარდგენილია ხარვეზის განჩინების კერძო საჩივრის ავტორისთვის ჩაბარებამდე და ამასთანავე, შინაარსობრივად არ ეხება უზენაესი სასამართლოს მიერ 2026 წლის 26 მარტს მიღებული განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებას.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-ას-590-2024, 29 მაისი, 2024 წელი; №ას-524-2024, 20 მაისი, 2024 წელი; №ას-322-2024, 17 აპრილი, 2024 წელი).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩეს.
17. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარს ერთვის 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, რადგან მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩა, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული ბაჟი სრული ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ჯ–იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. დ.ჯ–იას (პ.ნ.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ხ.ი–ას მიერ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N32301375705; გადახდის თარიღი: 06.03.2026) 50 ლარი სრულად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე