დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 28.05.2026
საქმის ნომერი
ას-656-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-656-2026 28 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბადრი შონია

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ.გ–ის და ს.გ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებაზე, საქმეზე ნ.ა–ას და თ.ა–ას სარჩელის გამო, ზ.გ–ის და ს.გ–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

ზ.გ–ის და ს.გ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველი საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კასატორთა წარმომადგენლები (ს.გ–ის და ზ.გ–ის წარმომადგენელი - ვ.კ–ნი; ზ.გ–ის წარმომადგენელი - ა.ჩ–ძე), სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2026 წლის 19 მარტს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ზ.გ–ის წარმომადგენელი ა.ჩ–ძე, გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასაჩივრების უფლების მქონე მხარე ვალდებული იყო არაუადრეს 2026 წლის 8 აპრილისა და არაუგვიანეს 20 აპრილისა (ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა უქმე დღეს) გამოცხადებულიყო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად.

საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ აპელანტები (ამჟამად კასატორები) ზ.გ–ი და ს.გ–ი ან მათი წარმომადგენელი, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულან და არ ჩაუბარებით გადაწყვეტილება. კასატორთა წარმომადგენლის მიერ 2026 წლის 6 აპრილს წარდგენილი იქნა განცხადება გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით მისამართზე გაგზავნის შესახებ, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა თანახმად სსსკ-ის 2591 მუხლისა წარმოადგენდა 2026 წლის 8 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით პერიოდს შესაბამისად, მხარისათვის სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გასაზღვრული, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 21 აპრილსს და ამოიწურა 2026 წლის 11 მაისს. საკასაციო საჩივარი კი სასამართლოში რეგისტრირებულია 2026 წლის 13 მაისს - კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ვადის დარღვევას ადასტურებს როგორც სასამართლო შტამპი, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი სასამართლოში დარეგისტრიდა 2026 წლის 13 მაისს, ასევე საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღი - 2026 წლის 13 მაისი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.

საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ.გ–ის და ს.გ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 2591, 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.გ–ის და ს.გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ბადრი შონია