დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 15.05.2026
საქმის ნომერი
ას-414-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

15 მაისი 2026 წელი

№ას-414-2026 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.ქ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ბ–ნი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შპს „ბ–ნის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი (ე.ქ–ის სარჩელზე) - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა

დავის საგანი (შპს „ბ–ნის“ სარჩელზე) - ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.ქ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ბ–“ს- მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. გამოთხოვილ იქნეს შპს „ბ–ნის“ უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ......(ს/კ. .........) და ჩაბარდეს აღნიშნული ქონება ე.ქ–ს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;

1.2. გამოთხოვილ იქნეს შპს „ბ–ნის“ უკანონო მფლობელობიდან და გადაეცეს ე.ქ–ს შემდეგი მოძრავი ქონება: მაცივარი „უგური“ 1 ცალი, მაგიდა მაცივარი „ედესა“ (2 ცალი), დიდი მაცივარი „ედესა“ (2 ცალი), საყინულე მაცივარი „უგური“ (2 ცალი), ყინულის გენერატორი „კლასილი“ (1 ცალი), ლუდის ჩამოსასხმელი „კოლჰარტი“ (1 ცალი), გაზქურა „ენკომაკი“ (1 ცალი), გაზქურა პატარა „ენკომაკი“ (1 ცალი), მაყალი (1 ცალი), ელ. ღუმელი „ბოში“ (1 ცალი), ცომის საზელი „მატეკა“ (1 ცალი), ცომის პრესი (1 ცალი), ცომის გასაბრტყელებელი (1 ცალი), ელექტრო ღუმელი „იმპორი“ (1 ცალი), ხორცის ელექტრომანქანა (1 ცალი), მიკროტალღური ღუმელი „გორენიე (1 ცალი), ფრიტურნიცა „ტურგა“ (1 ცალი), ხორცის დასამუშავებელი მაგიდა (1 ცალი), სამუშაო მაგიდა (7 ცალი), ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა (3 ცალი), რკინის თარო ჭურჭლისთვის (2 ცალი), ხელსაბანი ნიჟარა (3 ცალი), კონდიციონერი „მიდეა“ (4 ცალი), კონდიცირების აგრეგატი (სხვენში) (2 ცალი), ჰაერის გამწოვი დანადგარი (2 ცალი), წყლის ავზი (6 ცალი), ჰელიო წყლის გამათბობელი (2 ცალი), წყლის გამათბობელი „იმპრაგაზი“ (2 ცალი), წყლის გამათბობელი „არისტონი“ (2 ცალი);

1.3. მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის 3913 ლარის გადახდა;

1.4. მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ გაპირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 16 024 ლარის დახდა;

1.5. მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისროს საურავის სახით 15 000 აშშ დოლარის გადახდა;

1.6. მოპასუხეებს შპს „ბ–ნს“ და ჯ.რ–ძეს მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად დაეკისროთ 224 000 აშშ დოლარის გადახდა;

1.7. მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2023 წლის 01 მაისიდან ყოველთვიურად საიჯარო ქონების დაბრუნებამდე 2700 აშშ დოლარის გადახდა;

1.8. ბათილად იქნეს ცნობილი ჯ.რ–ძესა და ც.კ–ს შორის 2022 წლის 06 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებებზე, მდებარე ქ. ბათუმი, .......... (ს/კ. ........) და ქ. თბილისი, .........., სართული 6, ბინა N58 (ს/კ. ..........) და აღნიშნული უძრავი ქონებები აღირიცხოს ჯ.რ–ძის საკუთრებაში.

შპს „ბ–ნი“-ს წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:

1.1. მოპასუხე ე.ქ–ს აეკრძალოს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ მიმართ საიჯარო ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, ........... (ს/კ. ........) მფლობელობისა და სარგებლობის უფლების უკანონო ხელშეშლა, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ საპასუხო ვალდებულების შესრულებამდე;

1.2. მოპასუხე ე.ქ–ს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კომპენსაციის - 67 462.50 ლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე ე.ქ–ს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 259 056 ლარის ოდენობით;

1.4. მოპასუხე ე.ქ–ს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 228 000 ლარის გადახდა;

1.5. მოპასუხე ე.ქ–ს მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 24 185.12 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.ქ–ის სარჩელი შპს „ბ–ნი“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს „ბ–ნის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ე.ქ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ........... (ს/კ. .........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ე.ქ–ს; გამოთხოვილ იქნა შპს „ბ–ნის“ უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა ე.ქ–ს შემდეგი მოძრავი ქონება: მაცივარი „უგური“ 1 ცალი, მაგიდა მაცივარ „ედესა“ (2 ცალი), დიდი მაცივარი „ედესა“ (2 ცალი), საყინულე მაცივარი „უგური“ (2 ცალი), ყინულის გენერატორი „კლასილი“ (1 ცალი), ლუდის ჩამოსასხმელი „კოლჰარტი“ (1 ცალი), გაზქურა „ენკომაკი“ (1 ცალი), გაზქურა პატარა „ენკომაკი“ (1 ცალი), მაყვალი (1 ცალი), ელ. ღუმელი „ბოში“ (1 ცალი), ცომის საზელი „მატეკა“ (1 ცალი), ცომის პრესი (1 ცალი), ცომის გასაბრტყელებელი (1 ცალი), ელექტრო ღუმელი „იმპორი“ (1 ცალი), ხორცის ელექტრომანქანა (1 ცალი), მიკროტალღური ღუმელი „გორენიე (1 ცალი), ფრიტურნიცა „ტურგა“ (1 ცალი), ხორცის დასამუშავებელი მაგიდა (1 ცალი), სამუშაო მაგიდა (7 ცალი), ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა (3 ცალი), რკინის თარო ჭურჭლისთვის (2 ცალი), ხელსაბანი ნიჟარა (3 ცალი), კონდიციონერი „მიდეა“ (4 ცალი), კონდიცირების აგრეგატი (სხვენში) (2 ცალი), ჰაერის გამწოვი დანადგარი (2 ცალი), წყლის ავზი (6 ცალი), ჰელიო წყლის გამათბობელი (2 ცალი), წყლის გამათბობელი „იმპრაგაზი“ (2 ცალი), წყლის გამათბობელი „არისტონი“ (2 ცალი); მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის 3913 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1602.4 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საურავის სახით 1500 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ბ–ნს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2025 წლის 01 აპრილიდან ყოველთვიურად საიჯარო ქონების დაბრუნებამდე 1400 აშშ დოლარის გადახდა; ე.ქ–ის სარჩელი შპს „ბ–ნი“-ს მიმართ დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; ე.ქ–ის სარჩელი ჯ.რ–ძის და ც.კ–ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე შპს „ბ–ნის“ სარჩელი მოპასუხე ე.ქ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე.ქ–მა და შპს „ბ–ნია“ წარმომადგენელმა. ე.ქ–მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. შპს „ბ–ნის“ წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ე.ქ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 თებერვლის განჩინებით ე.ქ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ბ–ნის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ე.ქ–მა გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით, ე.ქ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ე.ქ–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, სასამართლოს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საკასაციო საჩივრის ფასის დაზუსტება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

2026 წლის 05 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ე.ქ–ის წარმომადგენელმა გ.კ–ძემ, მან უარი განაცხადა ხარვეზის შევსებაზე იმ მიზეზით, რომ ქონება უკვე დაუბრუნდა მესაკუთრეს გამოსახლების გზით, მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა მოცემულ საქმეზე დავის გაგრძელებას და ითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება (იხ. მინდობილობა, ტ. 3, ს.ფ. 198-201).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით კასატორს მიეცა 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინება კასატორის წარმომადგენელ გ.კ–ძეს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ წარმომადგენლის ძირითად მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 28 აპრილს (იხ. ჩაბარების დასტური).

შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2026 წლის 28 აპრილს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ქ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი