დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-6869-შ-160-2025
30 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - პ.ტ–ა, კ.მ–ია
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სერბეთის რესპუბლიკის პიროტის ძირითადი სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის 1K N 54/24 განაჩენი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სერბეთის რესპუბლიკის პიროტის ძირითადი სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის 1K N 54/24 განაჩენის თანახმად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ჩ–ის ქონებრივი პრეტენზია და დაევალათ მოპასუხეებს პ.ტ–ას და კ.მ–იას სოლიდარულად გადაეხადათ დაზარალებული ნ.ჩ–ისათვის 33 650 ევრო, ზიანის ანაზღაურების სახით, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში.
2. ნ.ჩ–ის წარმომადგენელმა 2025 წლის 18 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს პ.ტ–ას და კ.მ–იას დაევალათ დაზარალებული ნ.ჩ–ისათვის, ზიანის ანაზღაურების სახით, სოლიდარულად გადაეხადათ 33 650 ევრო.
3. შუამდგომლობაზე დართული სერბეთის რესპუბლიკის ქალაქ პიროტის მთავარი სამმართველოს (სერია VIII, ნომერი 353/25) 02.04.2025წ. ცნობის თანახმად, სერბეთის რესპუბლიკის პიროტის ძირითადი სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის 1K N 54/24 განაჩენი ძალაში შევიდა და აღსასრულებლად გადაეცა 25.09.2024 წელს.
4. შუამდგომლობაზე დართული სერბეთის რესპუბლიკის ქალაქ პიროტის მთავარი სამმართველოს (სერია VIII, ნომერი 430/25) 24.04.2025წ. ცნობის თანახმად, აღნიშნული ცნობა გაიცა ზიანის ანაზღაურების უფლების განსახორციელებლად და პ.ტ–ას და კ.მ–იას წინააღმდეგ საქართველოს რესპუბლიკის ორგანოებში სააღსრულებო წარმოების დასაწყებად.
5. სერბეთის რესპუბლიკის პიროტის ძირითადი სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის 1K N 54/24 განაჩენის თანახმად, ძირითადი სასამართლო ჩატარდა წარმომადგენლობითი გუნდის, ბრალდებულების - პ.ტ–ას და კ.მ–იას ადვოკატების თანდასწრებით.
6. შუამდგომლობაზე დართული მასალებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს საცხოვრებელი ადგილი აქვთ საქართველოში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ნ.ჩ–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
8. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნათ მოწინააღმდეგე მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართებზე. კერძოდ, პ.ტ–ას გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ............ და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 09 მარტს; ხოლო, კ.მ–იას გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი, .......... და ასევე ჩაბარდა პირადად 2026 წლის 16 იანვარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის განმავლობაში ჰქონდათ აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავიანთი აზრის გამოთქმის, ასევე, საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეებს მათი მოსაზრება არ წარმოუდგენიათ. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ჩ–ის შუამდგომლობა სერბეთის რესპუბლიკის პიროტის ძირითადი სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის 1 K N 54/24 განაჩენის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის/აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის/აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ საქმე Nა-2761-შ-69-2016, 07 ივლისი, 2017 წელი).
14. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას; შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და, შესაბამისად, სერბეთის რესპუბლიკის პიროტის ძირითადი სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის 1K N 54/24 განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ჩ–ის ქონებრივი პრეტენზია და დაევალათ მოპასუხეებს პ.ტ–ას და კ.მ–იას სოლიდარულად გადაეხადათ დაზარალებული ნ.ჩ–ისათვის 33 650 ევრო, ზიანის ანაზღაურების სახით, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჩ–ის შუამდგომლობა სერბეთის რესპუბლიკის პიროტის ძირითადი სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის 1K N 54/24 განაჩენის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას სერბეთის რესპუბლიკის პიროტის ძირითადი სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის 1K N 54/24 განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ჩ–ის ქონებრივი პრეტენზია და დაევალათ მოპასუხეებს პ.ტ–ას და კ.მ–იას სოლიდარულად გადაეხადათ დაზარალებული ნ.ჩ–ისათვის 33 650 ევრო, ზიანის ანაზღაურების სახით, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია