დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
04 ივნისი 2026 წელი
№ას-496-2026 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ა–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ა–ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ა“-ს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ა“-ს მიმართ მიყენებული ზიანის - 484 235.07 ლარის ანაზღაურების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული შეზღუდვა, რომლითაც შპს „ა“-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „ა“-ს 50%-იანი წილის გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა“-ს წარმომადგენელმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს „ა“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა“-ს წარმომადგენელმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის განჩინებით, შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, სასამართლოს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
7. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ ვ.კ–ძეს (მინდ. ტომი II; ს.ფ. 83-86) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე და ჩაბარდა თანამშრომელს (იურისტს გ.ს–ას) 2026 წლის 15 მაისს (იხ. ჩაბარების დასტური).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის განჩინებით კასატორს მიეცა 10-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
10. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2026 წლის 15 მაისს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
13. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მომუშავე რომელიმე ქმედუნარიან პირს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. მართალია, ნორმა ითვალისწინებს მხარის თანამშრომლის მიერ მიღებული დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა მის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.
14. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2026 წლის 15 მაისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 16 მაისს და ამოიწურა 2026 წლის 25 მაისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი