დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
04 ივნისი 2026 წელი
საქმე №ა-1496-შ-48-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - თ.ს–ი
სამართლებრივი აქტი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - 2012 წლის 14 ივნისის გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტი (Deed Poll, შეტანილი ირლანდიის უმაღლესი სასამართლოს ცენტრალურ ოფისში (Central Office of the High Court) 2012 წლის 09 ივლისს)
დავის საგანი - გვარის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ირლანდიაში 2012 წლის 14 ივნისს შედგენილი გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტის (Deed Poll) მიხედვით, თ.ს–მა (მცხოვრები სანდიფორდ ვიუს 26, ........., ........, ირლანდია, დაბადებული 23.03.1974 წელს, პ/ნ .........; პასპორტის N ......) უარი განაცხადა ყოფილი გვარის - „ს“-ს გამოყენებაზე და მიიღო გვარი - „ს–ა“ (S–A).
2. აღნიშნული აქტით, თ.ს–მა განაცხადა, რომ ის და მისი მომავალი მემკვიდრეები შემდგომში ცნობილი და მოხსენიებული იქნებიან მიღებული გვარით - „ს–ა“, ყოფილი გვარის - „ს“-ს ნაცვლად. გარდა ამისა, თ.ს–მა განაცხადა, რომ ამიერიდან ყველა ჩანაწერში, აქტში, დოკუმენტში, წერილობით მიმართვაში, სამართალწარმოებასა და გარიგებაში გამოიყენებს და ხელს მოაწერს მიღებული გვარით - „ს–ა“, ყოფილი გვარის - „ს“-ს ნაცვლად.
3. 2012 წლის 14 ივნისის გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტი (Deed Poll) შეტანილია ირლანდიის უმაღლესი სასამართლოს ცენტრალურ ოფისში (Central Office of the High Court) 2012 წლის 09 ივლისს.
4. საქმეზე თანდართულია “მოწმის აღთქმა” (Affidavit of Attesting Witness), რომლის თანახმად, ზ.კ–იმ (სასამართლოს მდივანმა) დაადასტურა, რომ იგი იყო თ.ს–ას გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტის მოწმე, დაესწრო აღნიშნულ აქტზე თ.ს–ას ხელმოწერასა და მის ბეჭდით დამოწმებას, ასევე, დაადასტურა, რომ აქტზე დატანილი მოწმის ხელმოწერა მას ეკუთვნის.
5. 2026 წლის 26 მარტს თ.ს–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტის (Deed Poll) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
6. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს პირადობის მოწმობითა და ირლანდიის პასპორტის ასლების თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოსა და ირლანდიის მოქალაქეა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტით (Deed Poll) დასტურდება, რომ თ.ს–მა შეიცვალა გვარი და ყოფილი გვარის, ,,ს ”-ს ნაცვლად, მიიღო გვარი - ,,ს–ა”. ამავე აქტით დასტურდება მისი ნება, რომ შემდგომში ყველა სამართლებრივ ურთიერთობასა და დოკუმენტში მოხსენიებული იქნას მიღებული ახალი გვარით - ,,ს–ა”. 2012 წლის 14 ივნისის გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტი (Deed Poll) შეტანილია ირლანდიის უმაღლესი სასამართლოს ცენტრალურ ოფისში (Central Office of the High Court) 2012 წლის 09 ივლისს.
9. შუამდგომლობაზე თანდართულია საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი, რომელშიც შუამდგომლობის ავტორის გვარის გრაფაში მითითებულია „ს–ი“, ხოლო 2022 წელს გაცემულ ირლანდიის პასპორტში გვარის გრაფაში მითითებულია - „S–A“. აღნიშნული ადასტურებს, რომ ირლანდიაში განხორციელებული გვარის ცვლილება ასახულია ირლანდიის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტში და შუამდგომლობის ავტორს გააჩნია აღნიშნული ცვლილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნის სამართლებრივი ინტერესი.
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ირლანდიის მოქალაქის მიერ სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურის შესახებ ოფიციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე Citizens Information (www.citizensinformation.ie), ასევე, ირლანდიის ემიგრაციის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.irishimmigration.ie) განთავსებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ირლანდიის კანონმდებლობა არ ადგენს სახელისა და გვარის შეცვლის სპეციალურ სასამართლო პროცედურას. ამავე ინფორმაციის მიხედვით, Deed Poll წარმოადგენს სამართლებრივ დოკუმენტს, რომლითაც პირი აცხადებს ძველი სახელის ან გვარის გამოყენებაზე უარს და ახალი სახელის ან გვარის მიღებას. აღნიშნული წყაროს თანახმად, ირლანდიის მოქალაქეს გვარის შეცვლისათვის არ მოეთხოვება Change of Name Licence (სახელის/გვარის შეცვლის ნებართვა), ხოლო Deed Poll შესაძლებელია შეტანილი იქნას ირლანდიის უმაღლესი სასამართლოს ცენტრალურ ოფისში (Central Office of the High Court) შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე Deed Poll არ წარმოადგენს მხოლოდ გვარის შეცვლის მოთხოვნას ან განცხადებას, არამედ არის ირლანდიის კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სამართლებრივი აქტი, რომელიც 2012 წლის 09 ივლისს შეტანილია ირლანდიის უმაღლესი სასამართლოს ცენტრალურ ოფისში (Central Office of the High Court) და, რომლის საფუძველზეც განხორციელდა შუამდგომლობის ავტორის გვარის ცვლილება.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ ვლინდება. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი უნდა იქნას 2012 წლის 14 ივნისის გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტი (Deed Poll, შეტანილი ირლანდიის უმაღლესი სასამართლოს ცენტრალურ ოფისში (Central Office of the High Court) 2012 წლის 09 ივლისს), რომლითაც თ.ს–მა გვარი შეიცვალა და ყოფილი გვარის “ს”-ს ნაცვლად მიიღო გვარი - “ს–ა”.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ს–ის შუამდგომლობა 2012 წლის 14 ივნისის გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტის (Deed Poll, შეტანილი ირლანდიის უმაღლესი სასამართლოს ცენტრალურ ოფისში (Central Office of the High Court) 2012 წლის 09 ივლისს), საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას 2012 წლის 14 ივნისის გვარის შეცვლის სააღსრულებო აქტი (Deed Poll, შეტანილი ირლანდიის უმაღლესი სასამართლოს ცენტრალურ ოფისში (Central Office of the High Court) 2012 წლის 09 ივლისს), რომლითაც თ.ს–მა გვარი შეიცვალა და გახდა - თ.ს–ა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი