დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 29.05.2026
საქმის ნომერი
ა-2216-შ-78-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
29.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2216-შ-78-2026 29 მაისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.გ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის, მანავგათის 1. საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმის №2025/89)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის პირველი საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №2025/89) დაკმაყოფილდა ნ.გ–ნის სარჩელი და თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის საფუძველზე დადგინდა ნ.გ–ნის (ნ. და კ–ას ასული, დაბადებული 07/06/1995, უცხოელის პირადი ნომერი ...., საქართველოს მოქალაქე) და მ.გ–ის (ო. და ნ–ეს ძე, დაბადებული 10/01/1992, თურქეთის პირადი ნომერი ......., რეგისტრირებული ანტალიის ოლქის მანავგათის რაიონის ულუქაფის უბანში) განქორწინება. ამავე გადაწყვეტილებით, მხარეთა საერთო შვილის - ა.ო.გ–ის (დაბადებული 22/03/2021) მეურვეობა გადაეცა დედას, ნ.გ–ნს.

2. ნ.გ–ნმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის პირველი საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №2025/89) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მაისის განჩინებით ნ.გ–ნის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის პირველი საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. როგორც უკვე აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის პირველი საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №2025/89) მხარეთა შორის შეწყვეტილ იქნა ქორწინება, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილის მეურვეობა დედას, ნ.გ–ნს, გადაეცა.

6. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2025 წლის 11 აპრილს შევიდა და, განმცხადებლის მითითებით, თურქეთის რესპუბლიკაში აღსრულებულია.

7. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

10. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.

11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, რომელიც ხელს შეუშლიდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე.

12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის პირველი საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №2025/89) კანონიერ ძალაში 2025 წლის 11 აპრილს შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას. ამავე გადაწყვეტილებით შეწყდა ნ.გ–ნსა და მ.გ–ს შორის ქორწინება, ხოლო მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის მეურვეობა დედას განესაზღვრა.

13. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კომპეტენტური სასამართლოს მიერ. ამასთან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მონაწილეობდა სასამართლო წარმოებაში და დაეთანხმა როგორც ქორწინების შეწყვეტას, ისე არასრულწლოვანი შვილის მეურვეობის დედისთვის განსაზღვრას, რაც ადასტურებს, რომ იგი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის შესახებ და უზრუნველყოფილი ჰქონდა თავისი საპროცესო უფლებების, მათ შორის, დაცვის უფლების, განხორციელების შესაძლებლობა.

14. ამასთან, არ იკვეთება ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებებიც. კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს საჯარო წესრიგსა და სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ხოლო საქართველოს სასამართლოში იმავე მხარეებს შორის იმავე საგანსა და საფუძველზე მიმდინარე ან დასრულებული წარმოების არსებობა საქმიდან არ დასტურდება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ არსებობს თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის პირველი საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №2025/89) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 20-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, მანავგათის პირველი საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმის №2025/89), რომლითაც ნ.გ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა ნ.გ–ნის (ნ. და კ–ს ქალიშვილი, დაბადებული 07/06/1995, უცხოელის პირადი ნომერი ........., საქართველოს მოქალაქ) და მ.გ–ის (ო. და ნ–ს ვაჟი, დაბადებული 10/01/1992, თურქეთის პირადი ნომერი ..........., რომლითაც რეგისტრირებულია ანტალიის ოლქში, მანავგათის რაიონში, ულუქაფის უბანში) განქორწინება თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის საფუძველზე. ამავე გადაწყვეტილებით, მხარეთა საერთო შვილის - ა.ო.გ–ის (დაბადებული 22/03/2021) მეურვეობა გადაეცა მოსარჩელე დედას.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია