დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-1598-შ-53-2026 18 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
შუამდგომლობის ავტორი – ბ.ო.
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ვ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებასაც მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოისქირხენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 აგვისტოს სააღსრულებო ბრძანება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოისქირხენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს სააღსრულებო ბრძანებით დგინდება, რომ ბ.ო–ის გადახდის მოთხოვნის საფუძველზე, ს.ვ–ის მიმართ გაიცა სააღსრულებო ბრძანება საცხოვრებელი ფართის ქირის - 44723.93 ევროს დაკისრების შესახებ. ასევე დგინდება, რომ ბრძანება მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა 2025 წლის 7 აგვისტოს.
2026 წლის 2 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა ბ.ო–ის წარმოამდგენელმა და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოისქირხენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს სააღსრულებო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცობა და აღსრულება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - ს.ვ–ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და ჩაჰბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით წარმომადგენელს მ.ნ–ს (მინდობილობა ერთვის ხელწერილს) 2026 წლის 08 ივნისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 აპრილის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია შუამდგომლობაზე. თუმცა, საქმის ზეპირი განხილვა არ მოუთხოვია. ს.ვ–ი მიუთითებს, რომ წარმოდგენილ ბრძანებაში არ არის მითითებული მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოისქირხენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს სააღსრულებო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ე.წ. ზემდგომ ინსტანციას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთი დამატებითი ინსტანციით არსებითად არ იხილავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებას, არამედ მისი მსჯელობა მხოლოდ იმ საფუძვლების გარკვევით შემოიფარგლება, თუ რამდენად არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (შეად. სუსგ N ა-3968-შ-107-2019, 14.02.2020წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოისქირხენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს სააღსრულებო ბრძანებით დგინდება, რომ ბ.ო–ის გადახდის მოთხოვნის საფუძველზე, ს.ვ–ის მიმართ გაიცა სააღსრულებო ბრძანება საცხოვრებელი ფართის ქირის - 44723.93 ევროს დაკისრების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოისქირხენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 აგვისტოს სააღსრულებო ბრძანება არ აღსრულებულა. ამასთან, ბრძანებაში ასევე მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატ გ.გ–ის მეშვეობით.
პალატა არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ის კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე. საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა (შდრ. იხ.: სუსგ №ა-2021-შ-52-2016, 21.10.2016; №ა-5274-შ-130-2018, 11.06.2019; №ა-4744-შ-119-2017, 30.05.2018; №ა-5069-შ-130-2017, 26.04.2018). მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ბრძანებაში მითითებულია ს.ვ–ის წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესახებ. მოპასუხეს კი, მისი სათანადო ინფორმირების ვარაუდის გასაქარწყლებლად და მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორზე გადასატანად, სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოისქირხენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს სააღსრულებო ბრძანება, რომლითაც ბ.ო–ის გადახდის მოთხოვნის საფუძველზე, ს.ვ–ის მიმართ გაიცა სააღსრულებო ბრძანება საცხოვრებელი ფართის ქირის - 44723.93 ევროს დაკისრების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ო–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოისქირხენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს სააღსრულებო ბრძანება.
3. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოისქირხენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს სააღსრულებო ბრძანება, რომლითაც ბ.ო–ის გადახდის მოთხოვნის საფუძველზე, ს.ვ–ის მიმართ გაიცა სააღსრულებო ბრძანება საცხოვრებელი ფართის ქირის - 44723.93 ევროს დაკისრების შესახებ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი