დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-6296-შ-145-2025
14 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შპს „ბ.რ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.ს.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი - ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და სოფლის მეურნეობის პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 26 მაისის №Rsp 443/24 გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და სოფლის მეურნეობის პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 26 მაისის №Rsp 443/24 გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე შპს „ჯ.ს–“ ვალდებულია მოსარჩელე შპს „ბ.რ–ს“ გადაუხადოს 205,000.00 ევროს ოდენობის თანხა, შემდგომ დამატებით თანხებთან ერთად:
ა) 61,000.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2023 წლის 7 აპრილიდან 2023 წლის 7 ივლისამდე პერიოდისთვის;
ბ) 396,500.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2023 წლის 6 მაისიდან 2023 წლის 7 ივლისამდე პერიოდისთვის;
გ) 257,500.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2023 წლის 8 ივლისიდან 2024 წლის 30 იანვრამდე პერიოდისთვის;
დ) 245,000.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2024 წლის 31 იანვრიდან 2024 წლის 27 აგვისტომდე პერიოდისთვის;
ე) 215,000.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2024 წლის 28 აგვისტოდან 2025 წლის 21 აპრილამდე პერიოდისთვის;
ზ) 205,000.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2024 წლის 22 აგვისტოდან თანხის გადახდამდე პერიოდისთვის;
ყველა ეს გადახდა უნდა განხორციელდეს წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში;
მოპასუხე შპს „ჯ.ს.“ ვალდებულია მოსარჩელე შპს „ბ.რ–ს“ გადაუხადოს 76,057.00 ევრო, 60,199.50 ევროზე კანონით დადგენილ წლიურ 12.75%-ის პროცენტის თანხასთან ერთად, 2024 წლის 14 აგვისტოდან თანხის გადახდამდე პერიოდისთვის, წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში.
მოპასუხე შპს „ჯ.ს.“ ვალდებულია მოსარჩელე შპს „ბ.რ–ს“, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, გადაუხადოს 1,047,706.60 ჩეხური კრონა სამართალწარმოების ხარჯების ასანაზღაურებლად, წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში.
2. შპს „ბ.რ–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე თანდართული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და სოფლის მეურნეობის პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენცია მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო მათ შორის 2023 წლის 30 იანვარს გაფორმებული შეთანხმების მე-6 პუნქტით (დასკვნითი დებულებები).
4. შუამდგომლობაზე თანდართული ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და სოფლის მეურნეობის პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 26 მაისის №Rsp 443/24 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 11 ივნისს და გააჩნია იურიდიულად აღსრულებადი ძალა. იმავე გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საარბიტრაჟო განხილვის შესახებ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს „ბ.რ–ის“ შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და სოფლის მეურნეობის პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 26 მაისის №Rsp 443/24 გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინება, ასევე, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს ფოსტის მეშვეობით არაერთხელ გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 იანვრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარისათვის საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებისა და შპს „ბ.რ–ის“ შუამდგომლობის (თანდართულ მასალებთან ერთად) ჩაბარება დაევალა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, თუმცა, გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა. საქმეში წარმოდგენილი მისამართზე გამოცხადების ოქმის თანახმად, მისამართზე არავინ იმყოფებოდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინების თანახმად, შპს „ჯ.ს–ს“ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინების შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება.
10. საქმის მასალებში არსებული აქტიდან (საჯარო შეტყობინების განხორციელების შესახებ) ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსდა 2026 წლის 09 მარტს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის [ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს] თანახმად, მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს, ანუ 2026 წლის 16 მარტს.
11. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ.რ–ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
14. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
15. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილი იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
16. „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენციის (შემდეგში „ნიუ-იორკის კონვენცია“) თანახმად, ეს კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
17. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას (ICCA-ს სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, გვ. 19,20).
18. ცნობა და აღსრულება ანიჭებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას იურიდიულ ძალას იმ ქვეყანაში, სადაც არ გამოტანილა ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ა-2367-შ-70-2022, 20 ნოემბერი, 2023 წელი). საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად (იხ. სუსგ საქმე №ა-3151-შ-83-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი). „Revision au fond“-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ა-952-შ-23-2016, 06 ივლისი, 2015 წელი).
19. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ ჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის.
20. ნიუ-იორკის კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შუამდგომლობის წარდგენის წესს. კერძოდ, მხარე, რომელიც ითხოვს ცნობასა და აღსრულებას, უნდა წარადგინოს: ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე შუამდგომლობა და მასზე დართული დოკუმენტები აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.
21. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ არსებობს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეამოწმოს. კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას თუ იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, სადაც მოითხოვება მისი ცნობა და აღსრულება, დაადგენს, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ან ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.
22. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლიდან გამომდინარეობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები (იხ. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2010 წ., გვ. 74-75). აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35621 მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგადაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელს შეუძლია შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წარადგინოს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება.
24. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შპს „ბ.რ–ის“ მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით, 2026 წლის 16 მარტს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6-10 პუნქტები), თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში შუამდგომლობასთან დაკავშირებით განცხადება (შესაგებელი) არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და საქმის მასალების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქმის მასალებით არ იკვეთება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული იმგვარი გარემოება, რაც დააბრკოლებდა აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას. ამასთან, სასამართლოს მიერ შესამოწმებელი გარემოებებიდან არ დგინდება, რომ დავა საქართველოს კანონმდებლობით არ შეიძლება ყოფილიყო საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან/და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს საჯარო წესრიგს.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და სოფლის მეურნეობის პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 26 მაისის №Rsp 443/24 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
28. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ბ.რ–ს“ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 ლარი. შესაბამისად, ვინაიდან შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს „ჯ.ს–ს“ უნდა დაეკისროს შპს „ბ.რ–ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ბ.რ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და სოფლის მეურნეობის პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 26 მაისის №Rsp 443/24 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოპასუხე შპს „ჯ.ს“ ვალდებულია მოსარჩელე შპს „ბ.რ–ს“ გადაუხადოს 205,000.00 ევროს ოდენობის თანხა, შემდგომ დამატებით თანხებთან ერთად:
ა) 61,000.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2023 წლის 7 აპრილიდან 2023 წლის 7 ივლისამდე პერიოდისთვის;
ბ) 396,500.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2023 წლის 6 მაისიდან 2023 წლის 7 ივლისამდე პერიოდისთვის;
გ) 257,500.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2023 წლის 8 ივლისიდან 2024 წლის 30 იანვრამდე პერიოდისთვის;
დ) 245,000.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2024 წლის 31 იანვრიდან 2024 წლის 27 აგვისტომდე პერიოდისთვის;
ე) 215,000.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2024 წლის 28 აგვისტოდან 2025 წლის 21 აპრილამდე პერიოდისთვის;
ზ) 205,000.00 ევროს ოდენობის ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტი წლიური 15%-ის ოდენობით, 2024 წლის 22 აგვისტოდან თანხის გადახდამდე პერიოდისთვის;
ყველა ეს გადახდა უნდა განხორციელდეს წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი დღის განმავლობაში;
მოპასუხე შპს „ჯ.ს.“ ვალდებულია მოსარჩელე შპს „ბ.რ–ს“ გადაუხადოს 76,057.00 ევრო, 60,199.50 ევროზე კანონით დადგენილ წლიურ 12.75%-ის პროცენტის თანხასთან ერთად, 2024 წლის 14 აგვისტოდან თანხის გადახდამდე პერიოდისთვის, წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი დღის ვადაში;
მოპასუხე შპს „ჯ.ს.“ ვალდებულია მოსარჩელე შპს „ბ.რ–ს“, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, გადაუხადოს 1,047,706.60 ჩეხური კრონა სამართალწარმოების ხარჯების ასანაზღაურებლად, წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი დღის ვადაში;
3. შპს „ჯ.ს–ს“ შპს „ბ.რ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 150 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია