დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-591-2026
03 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – დახურული სააქციო საზოგადოება ა.რ.ს.ფ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტისა და ამავე სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა.ჯ–ას“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დახურული სააქციო საზოგადოება ა.რ.ს.ფ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „საჩივრის ავტორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 681 194.07 (რვა მილიონ ექვსას ოთხმოცდაერთი ათას ას ოთხმოცდათოთხმეტი და შვიდი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლისა და 9 მარტის განჩინებებით, სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.
3. 2026 წლის 17 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, მოითხოვა საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებას დაევალოს დახურული სააქციო საზოგადოება ა.რ.ს.ფ–ის (ს/ნ .........) კუთვნილ და სამომავლოდ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, არსებულ და სამომავლოდ ჩარიცხული ფულადი თანხის 50%-ის ოდენობაზე ყადაღის დადება 1,000,000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ან შესაბამისი ფულადი ვალუტის ფარგლებში. ამასთან, საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებზე დადებული ყადაღა არ გავრცელდეს სახელმწიფო სოციალური, საპენსიო დახმარების, საბიუჯეტო (საგადასახადო) გადასახდელის მიმართ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის განჩინებით შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო საქართველოში არსებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში, დახურული სააქციო საზოგადოება ა.რ.ს.ფ–ის (ს/ნ .........) საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1,000,000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ან შესაბამისი ფულადი ვალუტის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), საპენსიო და სახელფასო ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო გასაცემლებისა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნია ერთი უძრავი ქონება. თუმცა, როგორც შუამდგომლობაზე თანდართული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 17 მარტის წერილიდან ირკვევა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რეესტრის ძალაში მყოფი მონაცემების ერთიანი ბანკის საფუძველზე ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია აკრძალვა. შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის წინაპირობები.
5. მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარადგინა საჩივარი. საჩივრის თანახმად:
5.1. საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება მის ბიზნესსაქმიანობაში არაპროპორციულ, გადაჭარბებულ ჩარევას წარმოადგენს, რომელიც არამხოლოდ აფერხებს და საფრთხეს უქმნის მის ფუნქციონირება-არსებობას, არამედ რისკის ქვეშ აყენებს საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტსაც, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის 2007 წლის 7 თებერვალს გაფორმებული „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში „საერთაშორისო ხელშეკრულება“) საფუძველზე ხორციელდება; მოპასუხეს ამჟამად გააჩნია ცენტრალური ოფისი თბილისში და ბანაკები ახალქალაქსა და თეთრიწყაროში, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და კურირებს საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტის უწყვეტ ფუნქციონირებას, მათ შორის, უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელ გადაზიდვას (მაგალითისათვის, 2026 წლის იანვრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მეშვეობით 52,240 ტონა საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. აღნიშნული გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯებს სწორედ მოპასუხე იხდის). ხსენებულ ოფისში და ბანაკებში დასაქმებული არიან მოპასუხის თანამშრომლები და ამ ობიექტების (და შესაბამისად საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტის) ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის საჭიროა მიმდინარე აუცილებელი ხარჯების გაწევა;
5.2. დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს ყოველთვიურად წარმოეშობა ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის საჭირო ფულადი ვალდებულებები შემდეგი კრედიტორების წინაშე: თბილისის ოფისის ყოველთვიური საიჯარო ქირა, კრედიტორი: შპს „ა–ა“ (დანართი N1); თბილისის ოფისისთვის წყლის მიწოდება, კრედიტორი: შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (დანართი N2 და დანართი N11); თბილისის ოფისისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, კრედიტორი: სს „თ–ი“ (დანართი N2 და დანართი N11); თბილისის ოფისისთვის გაზის მიწოდება, კრედიტორი: შპს „თ.ე–ი“ (დანართი N2 და დანართი N11); ახალქალაქისა და თეთრიწყაროს ბანაკებისთვის გაზის მიწოდება, კრედიტორი: შპს „ს.ჯ.გ–ი“ (დანართი N2 და დანართი N11); სატელეფონო და ინტერნეტის ხარჯები, კრედიტორები: შპს „მ–ი“ და შპს „ს–ი“ (დანართი N11); თანამშრომელთა კვების ხარჯები, კრედიტორები: ი/მ ქ.ა–ვი და ი/მ ფ.ფ–ვი (დანართი N3 და დანართი N11). საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტის უწყვეტი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები და მოპასუხის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა და საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტის ფუნქციონირებასთან. იგი დღემდე აგრძელებს საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „მ-კ–ის რ–თან“ დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას;
5.3. საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად და საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტის უწყვეტად, შეფერხების გარეშე და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისათვის, მოპასუხეს სხვადასხვა კონტრაქტორთან გაფორმებული აქვს არაერთი მომსახურების ხელშეკრულება, მათ შორის, შტატ-გარეშე პირებთან, რომელთა საფუძველზეც ასრულებს შესაბამის ფულად ვალდებულებებს (დანართი N2 და დანართი N4). შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფო, საპენსიო და სახელფასო გადასახდელების გარდა, სხვა მრავალი ფულადი ვალდებულების შესრულებაზეა პასუხისმგებელი სხვადასხვა კონტრაქტორის წინაშე, რომელთა შესრულებას მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების 50%-ზე, მაგრამ არაუმეტეს 1,000,000 აშშ დოლარზე ან შესაბამისი ფულადი ვალუტის ფარგლებში, ყადაღის დადების პირობებში, ვეღარ მოახერხებს. კერძოდ, აღნიშნული უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებით მოპასუხეს ფაქტობრივად ხელი შეეშლება თავისი ოპერაციული საქმიანობის შემდეგი ძირითადი ელემენტების განხორციელებაში: აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად საწვავის ღირებულების ანაზღაურება, კრედიტორი: სს „ვ.პ.ჯ–ია" (დანართი N5);
5.4. 2026 წლის 27 მარტის მდგომარეობით, მოპასუხეს აქვს მიმდინარე დავალიანება 4 მსხვილ კონტრაქტორთან: შპს „ე.გ–თან“, შპს „ბ.ს.ფ–ი“, შპს „ს.ნ–სა“ და შპს „ს.ბ.ს–თან“ (დანართი N10). დავალიანების ჯამური ოდენობა 284,426.75 აშშ დოლარსა და 159,897,71 ევროს შეადგენს. საჩივარს თან ერთვის, დამატებით დანართი N11, სადაც ასახულია მოპასუხის ბოლო 4 თვეში გაწეული ხარჯები, მათ შორის, კომუნალური მომსახურებების, კვების, იჯარის, დაცვის, სატელეფონო კავშირითა და ინტერნეტით სარგებლობისა და საწვავის ხარჯები. მხარის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლები და შესაბამისი ხარჯები 1,000,000 აშშ დოლარს არ სცდება და სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებით დადგენილ შეზღუდვაში ექცევა, რაც ფაქტობრივად, კომპანიის სრულ პარალიზებას გამოიწვევს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მარტის განჩინების ძალაში დატოვებით მოპასუხე ვეღარ მოახერხებს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას, საფრთხე შეექმნება მის ყოველდღიურ ფუნქციონირება-არსებობას, რაც გამოიწვევს მის პარალიზებასა და, საბოლოო ჯამში, შესაძლებელია იგი გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშეც დადგეს. მოპასუხის საქმიანობის პარალიზება, თავის მხრივ, გამოიწვევს ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტისა და მის ფარგლებში აშენებული და ექსპლუატაციაში გაშვებული საერთაშორისო სარკინიგზო ხაზის მომსახურება/ფუნქციონირების შეფერხებას, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შეწყვეტას, მოპასუხის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევასა და სხვა უარყოფით შედეგებს ტრანსპორტის უსაფრთხოებასა და მიწოდების/ლოჯისტიკური ჯაჭვების მდგრადობასთან დაკავშირებით. მოპასუხის გადახდისუუნარობა არც მოსარჩელის ინტერესებშია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ საერთო სასამართლოები საქმეს საბოლოოდ მოპასუხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტენ, შეუძლებელი გახდება შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება;
6. საჩივრის ავტორი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მარტის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება-დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ.ს.ფ–ის“ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხების 50%-ზე, მაგრამ არაუმეტეს 1,000,000 აშშ დოლარზე ან შესაბამისი ფულადი ვალუტის ფარგლებში, ყადაღის დადება და ახალი განჩინებით სრულად მოეხსნას ყადაღა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ზემოთ აღნიშნული საფრთხეების მნიშვნელობისა და მათი დადგომის მაღალი რისკის გათვალისწინებით, მხარე ითხოვს, ნაწილობრივ გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმგვარად, რომ ყადაღა არ გავრცელდეს მოპასუხის მიერ წინამდებარე საჩივარსა და მის დანართ N4-ში მითითებული კრედიტორების წინაშე არსებული და საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ფულადი ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო თანხების მიმართ, რაც დაკავშირებულია, მათ შორის, საიჯარო ქირის თანხის, კომუნალური მომსახურების (დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება. ტელეფონი, ინტერნეტი) და სხვა კრედიტორების მიმართ გადახდებთან.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თანხის დაკისრება. შესაბამისად, წარდგენილია მიკუთვნებითი მოთხოვნა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 8 681 194.07 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში. საქმეზე დავის საგანი შეადგენს საკმაოდ სოლიდურ თანხას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს მოპასუხე კომპანიის ქონებიდან. შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ არ არსებობს უზრუნველყოფის გამოყენების საჭიროება. სასარჩელო მოთხოვნის მიკუთვნებითი ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და მოსარჩელის უფლებების აღდგენა, ვინაიდან აღსრულება სასამართლო პროცესის შემადგენელი ნაწილია. განსახილველ შემთხვევაში, 2026 წლის 18 მარტის განჩინებით, სასამართლომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ყადაღის დადება საბანკო ანგარიშებზე განხორციელდა გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), საპენსიო და სახელფასო ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო გასაცემლებისა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ადეკვატური ღონისძიებაა გამოყენებული და მისი გამოყენებით არ არის დარღვეული მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი და პროპორციულობის პრინციპი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის განჩინებით საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის ელექტრონულ მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად მართლზომიერად გამოიყენა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ყადაღა, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების 50%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1,000,000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ან შესაბამისი ფულადი ვალუტის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), საპენსიო და სახელფასო ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო გასაცემლებისა.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
18. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
19. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 681 194.07 (რვა მილიონ ექვსას ოთხმოცდაერთი ათას ას ოთხმოცდათოთხმეტი და შვიდი მეასედი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ზემოაღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოითხოვს მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას არსებული ფულადი სახსრების 50%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1,000,000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ან შესაბამისი ფულადი ვალუტის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), საპენსიო და სახელფასო ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო გასაცემლებისა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებაში განმარტებულია, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს სახეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოძიებულ ვერ იქნა, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა (იხ. 2013 წლის 18 ივლისის სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის შემაჯამებელი ოქმი, http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/shexvedrisshejameba.pdf ).
22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფარგლებში გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები მოპასუხის მოძრავ ქონებაზე, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის განცხადებაში მოსარჩელე უთითებდა, რომ აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება 646 000 აშშ დოლარია, რაც შეეხება ტექნიკას, სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა ამ ტექნიკის გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა, თუმცა მოპასუხის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ამ ტექნიკის ღირებულება 18 203 374.99 ლარია. ასევე ეს ქონება მოპასუხის დამფუძნებლის კუთვნილებაა და მათი ნაწილი საერთოდ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში არსებული ტექნიკის საბაზრო ღირებულება მოსარჩელის განმარტებით, 6 270 098 ლარია. მოსარჩელისვე მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 17 მარტის #55178 წერილის შესაბამისად, მოპასუხე არც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ასრულებს ვალდებულებას და მის სრულ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ შედავებას არ შეიცავდა წარდგენილი საჩივარი, არამედ მოპასუხე კომპანია აპელირებდა, რომ ჰქონდა ყოველდღიური ხარჯები, ასევე, სხვადასხვა კონტრაქტორთან ნაკისრი ვალდებულებები და სწორედ ამიტომ მიაჩნდა გაუმართლებლად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა (თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან). მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში მითითებული გარემოებების ერთობლიობა, წინამდებარე დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილების შეუფერხებელი აღსრულების რისკზე მიანიშნებს, ამასთან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობის შეფასებისას პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, იკვეთება დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელის პერსპექტიულობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლებას. ანგარიშებზე ყადაღის დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვის) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის დაწესებით, კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი, უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, ანგარიშებზე ყადაღის დადება ამგვარი მიზნის ლეგიტიმურია.
26. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ანგარიშებზე ყადაღის დადება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მისი სხვა აქტივებით იყო შესაძლებელი, ან საქმის ფარგლებში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები საკმარისი იყო მოსარჩელის ინტერესის მისაღწევად, ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამართლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნაწილზე ყადაღის დადება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
27. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მტკიცებას, იმის თაობაზე, რომ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების დაყადაღება საფრთხეს უქმნის კონტრაქტორებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოყენებულია საბანკო ანგარიშების დაყადაღება პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ანგარიშში დაკისრებული თანხიდან გამომდინარე, კერძოდ, ყადაღა დაედო საქართველოში არსებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში, დახურული სააქციო საზოგადოება ა.რ.ს.ფ–ის (ს/ნ .......) საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1,000,000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ან შესაბამისი ფულადი ვალუტის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), საპენსიო და სახელფასო ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო გასაცემლებისა. შესაბამისად, ყადაღა გავრცელდა საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ნაწილზე და არა მოპასუხის მთელ ფულად შემოსულობებზე. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით, მოპასუხეს მიეცა შესაძლებლობა ანგარიშზე არსებული თანხების 50% მოიხმაროს და განკარგოს თავისი შეხედულებისა და საჭიროებისამებრ. სარჩელის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, მოპასუხეს ისედაც აქვს დაყადაღებული თანხის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება და სამართლებრივ არგუმენტირებულობას მოკლებულია, რა ფინანსურ კრიზისს უნდა უქმნიდეს მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება იმ ფულად სახსრებზე, რომლის გადახდის ვალდებულება მას სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ისედაც ეკისრება მოსარჩელის მიმართ და თუ მოპასუხე ფინანსურად იმდენად დასუსტებულია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მის მიერ გასაწევი მძიმე ფინანსური ტვირთია, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ამყარებს სასამართლოს ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1415-2019, 26 დეკემბერი 2019 წელი).
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დახურული სააქციო საზოგადოება ა.რ.ს.ფ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტისა და ამავე სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე