1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა;
ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით დადგენილი წესით;
დ) თანამშრომლის გარდაცვალება.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს:
ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;
გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;
დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;
ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;
ზ) შტატების შემცირებისას;
თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოში არჩევისას ან დანიშვნისას;
ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;
კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;
მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;
ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;
ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე;
პ) საპენსიო ასაკის გამო.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-226(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2023
კ-ი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რეზერვში, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის,,ზ“ და,,მ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულების შესაბამისად, კ.
- საქმე №ბს-648-644(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2017
მ-ის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა არა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძველზე, არამედ მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, რასაც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს.
- საქმე №330310118002486983 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2019
…უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში განმარტებულია სამსახურის შეწყვეტისა და თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის გარემოებები.
- საქმე №330310019003182987 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო.
- საქმე №330310118002486983 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.12.2018
ამასთან, მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება