ამ წესის მიზნებისთვის ქვემოთ აღნიშნულ ტერმინებს აქვს შემდეგი    მნიშვნელობა:

1. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავების დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში  ბუნებრივი  განახლების  ხელშეწყობა,  გაშენება  და  გაშენებული  ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.

2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების (მოსაჭრელი ხეების) უბნებად დაყოფა, ერთეულად მონიშნვა და უწყისის წარმოება.

3.   გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების  შეჭრა.

4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ან ხელოვნურად გაშენებული ნარგავები,   ან   უკვე არსებული ნარგავების ამოღება და ახლით  შეცვლა.

5. დაინტერესებული პირი – ამ წესის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული  მიზნებით სპეციალური ჭრის განხორციელებაზე   დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული   პირი.

6.   ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის   გარეშე.

7. ზეხმელი ხე –   ზეზეურად გამხმარი ხე, რომელმაც დაკარგა სასიცოცხლო   ფუნქცია.

8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა  და  სტრუქტურით  მკვეთრად განსხვავებული ტყის ან მწვანე ნარგავების  ნაწილი.

9. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.

10.   მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური   ერთეული.

11. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი  ხის დამზადება.

12. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის  აღრიცხვის  უწყისის  შედგენა (შემდგომში– აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ  დოკუმენტს.

13. მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის    გამოზიდვა.

14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების  აღრიცხვა,  მონიშვნა  და აღრიცხვის  უწყისის შედგენა.

15. ნარჩენი – ხის მოპოვების  შედეგად  დარჩენილი  ქერქი,  ნაფოტი,  ნახერხი,  საშეშედ გამოუსადეგარი ტოტები.

16.   ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის   მცენარე.

17. სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან  დროებითი.

18. სპეციალური  გამოკვლევა  –  კორომების  სანიტარიული  მდგომარეობის  დადგენის,  მავნებელ- დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის  მიზნით ჩატარებული კვლევა.

19.  ფაუტი ხე –  ფუტურო, დამპალი და გამოფიტული   ხე.

20. ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე,  მიწაზე  დაყრილი  მოთხრილ-მოტეხილი,  ქარქცეული, თოვლტეხილი  მერქანი,  წინა  წლების  ჭრაგავლილი  მოსაჭრელი  ხეების  უბნიდან  გამოუზიდავად დარჩენილი   მერქანი,   აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.

21. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით  ჭრა.

22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი   გამხმარია.

23. რჩეული ხე  – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.

24. სიხშირის ჯგუფი – მწვანე ნარგავები იყოფა მეჩხერი (0,1 -0,2), დაბალი (0,3 – 0,4), საშუალო (0,5 -0,6) და მაღალი (0,7 და მეტი).

25. ტაქსონომიური ერთეული (ტაქსონი) – ერთმანეთისაგან გენეტიკურად მეტ-ნაკლები  ხარისხით განსხვავებული   ველური მცენარეების დაქვემდებარებული სისტემატიკური   ჯგუფი;

26. ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე აზომილი ხის დიამეტრი, მიღებული მაქსიმალური და მინიმალური დიამეტრების გასაშუალოებით. ფერდობზე აიღება ზედა    მხრიდან.