საქართველოს პარლამენტის წევრმა საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. კოდექსის მიზნებისთვის „ოჯახის წევრსა“ და „ახლო ნათესავში“ იგულისხმებიან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს;
გ) საქართველოს პარლამენტის წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე. საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია მიღებიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ საჩუქრის საჩუქრების რეესტრში დეკლარირება, რომლის საბაზრო ღირებულება 300 ლარს აღემატება. საჩუქრების რეესტრში უნდა მიეთითოს: საჩუქრის მიმღები საქართველოს პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, მჩუქებლის სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის სახელწოდება), საჩუქრის მიღების თარიღი, საჩუქრის აღწერა და საბაზრო ღირებულება. საჩუქრების რეესტრი საჯაროა. მას აწარმოებს ეთიკის საბჭოს სამდივნო;
ე) საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობასთან შეთავსება დაუშვებელია. აღნიშნული შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით;
ვ) „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში განახორციელოს ლობისტური საქმიანობა;
ზ) საქართველოს პარლამენტის წევრმა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ლობისტისგან არ უნდა მიიღოს საჩუქარი/ჯილდო;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტთან გამართული საქმიანი შეხვედრის გამჭვირვალობის მიზნით საქართველოს პარლამენტის წევრი უზრუნველყოფს ამ შეხვედრის გამართვის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
ი) საქართველოს პარლამენტის წევრმა არ უნდა დადოს ისეთი გარიგება, რომელიც მას სადეპუტატო საქმიანობის განხორციელების პროცესში დამოუკიდებლობას უზღუდავს;
კ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;
ლ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში;
მ) საქართველოს პარლამენტის წევრმა ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის (მათ შორის, კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ) არ უნდა გამოიყენოს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
ნ) საქართველოს პარლამენტის წევრმა თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს მათი დისკრიმინაცია/გამორჩევა რასის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ან სხვა ნიშნით; პარლამენტის წევრმა საქართველოს პარლამენტის თანამშრომელს არ უნდა დაავალოს ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მისი სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული არ არის;
ო) საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;
პ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურებრივი საკონტაქტო ინფორმაცია;
ჟ) საქართველოს პარლამენტის წევრმა არასამსახურებრივი მიზნით არ უნდა გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესშ