1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ნებართვის გაცემის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:
ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; ფიზიკური პირისათვის - სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე;
ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;
გ) სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;
დ) ნებართვის სახე.
4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.