საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №398 |
|
1992 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი |
1. შეიქმნას სამხედრო კათედრები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.
2. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დებულება „საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრებზე თადარიგის ოფიცრების პროგრამით სტუდენტთა სამხედრო მომზადების შესახებ“ და ნუსხა უმაღლესი სასწავლებლებისა, სადაც მზადდებიან სტუდენტები თადარიგის ოფიცერთა პროგრამით (თან ერთვის).
3. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა სასწავლებლებმა უზრუნველყონ სამხედრო კათედრების დაფინანსება მათთვის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის –
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კ. გელაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრებზე სტუდენტთა თადარიგის ოფიცერთა პროგრამით მომზადების შესახებ
1. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრებზე სტუდენტთა მომზადება ხორციელდება შეიარაღებული ძალებისათვის თადარიგის ოფიცერთა მომზადების მიზნით.
2. სამხედრო მომზადება ტარდება უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა ნუსხა მტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგენით.
3. სამხედრო სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში ტარდება ქართულ ენაზე, იგი იწყება მეორე კურსიდან, გრძელდება 5-6 სემესტრის განმავლობაში და მთავრდება სამხედრო ნაწილებში სასწავლო შეკრების გავლით.
სამხედრო მომზადება შედის უმაღლეს სასწავლებელთა სასწავლო გეგმებში, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა. სწავლის დაწყება და დამთავრება განისაზღვრება დამტკიცებული სასწავლო გეგმის მიხედვით.
4. სამხედრო მომზადება ჩაუტარდებათ მამაკაცებს 17-დან 28 წლის ასაკამდე, აგრეთვე სამედიცინო ინსტიტუტის ქალებს, რომლებიც ვარგისი არიან სამწყობრო სამსახურისათვის.
სამხედრო კათედრებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება მათი პირადი განცხადების თანახმად, ხოლო ჩარიცხულ სტუდენტთა დასწრება მეცადინეობაზე სავალდებულოა.
5. სამხედრო კათედრებზე სამხედრო მომზადება ტარდება სამხედრო კათედრების დებულებათა თანახმად, რომელიც მტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ერთობლივი დადგენილებით.
იმ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც იქმნება სამხედრო კათედრები, სტუდენტთა მომზადება სამოქალაქო თავდაცვის საგანში ტარდება სამხედრო კათედრაზე სამოქალაქო თავდაცვის ციკლით.
6. უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო მომზადების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო.
7. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ევალება:
ა) საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით დაადგინოს სამხედრო სპეციალობათა დადგენა, რის მიხედვითაც მომზადდებიან უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტები თადარიგის ოფიცერთა პროგრამით და სამხედრო მომზადებისათვის გამოყოფილი საათების რაოდენობის განსაზღვრა;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან ერთად უმაღლეს სასწავლებელთა სამხედრო კათედრების დებულების, სამხედრო მომზადების პროგრამის, სამხედრო ტექნიკის შეიარაღებისა და სამხედრო-სასწავლო ქონების ნუსხის შემუშავება და დამტკიცება;
გ) სამხედრო ნაწილებში სტუდენტების სამხედრო შეკრებათა ორგანიზება და ჩატარება, უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო მომზადებისათვის სათანადო საველე-სასწავლო მატერიალური ბაზის შექმნა;
დ) სამხედრო მომზადების, სამხედრო კათედრებზე საიდუმლოების რეჟიმის, სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების დაცვის კონტროლი; საგამოცდო კომისიების შექმნა სტუდენტებისაგან სამხედრო მომზადებაში გამოსაშვები გამოცდების მისაღებად;
ე) სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში სამხედრო კათედრების საქმიანობის კოორდინირება.
ვ) უმაღლეს სასწავლებელთა სამხედრო კათედრებზე ოფიცრებისა და ზემდეგების საშტატო თანამდებობრივი ერთეულების დადგენა და მათი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კადრებში ჩარიცხვა. სამხედრო მოსამსახურეთათვის ხელფასის გაცეწესის განსაზღვრა;
ზ) უმაღლეს სასწავლებელთა სამხედრო კათედრების საშტატო თანამდებობებზე სამხედრო მოსამსახურეთა შერჩევა და რექტორის თანხმობის შემდეგ მათი დანიშვნა;
თ) სამხედრო კათედრების უსასყიდლოდ უზრუნველყოფა შეიარაღებით, ტყვია-წამლით, სამხედრო ტექნიკით, საავტომობილო ტრანსპორტით, სასწავლო-სავარჯიშო საშუალებებით, ხელსაწყოებით, აპარატებით, სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებით, აგრეთვე სამხედრო წესდებებით, სახელმძღვანელოებით, ტოპოგრაფიული რუკებით; ლიმიტების გამოყოფა საწვავ-საცხებ და სხვა მასალებზე.
8. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ევალება:
ა) დამტკიცებული პროგრამების და დადგენილი სამხედრო სპეციალობების თანახმად სამხედრო მომზადების ორგანიზება და მეცადინეობის ხარისხიანად ჩატარებაზე კონტროლის დაწესება;
ბ) სასწავლო გეგმებში სამხედრო მომზადების გავლის წესის განსაზღვრა და სათანადო სასწავლო საათების გამოყოფა;
გ) სამხედრო კადრების საშტატო განრიგის დამტკიცება;
დ) საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და უწყებათა საქმიანობის კოორდინირება (ვის დაქვემდებარებაშიც არიან უმაღლესი სასწავლებლები) სამხედრო მომზადების ორგანიზებისა და მისი ჩატარებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფისათვის;
ე) სამხედრო კათედრების ხელმძღვანელ მუშაკთა აღრიცხვის წარმოება.
9. სამინისტროებს და უწყებებს, რომლებშიც შედიან უმაღლესი სასწავლებლები, ევალებათ:
ა) სამხედრო მომზადების ორგანიზება უმაღლეს სასწავლებლებში დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად;
ბ) სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების დაცვისათვის საჭირო პირობების შექმნა იმ უმაღლესი სასწავლებლებისათვის, რომლებიც სამხედრო მომზადებას უზრუნველყოფენ შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკით და სათანადო ლიტერატურით;
გ) კათედრების შემადგენლობის ხელფასებისა და მატერიალური ფონდებით უზრუნველყოფა;
დ) უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრებზე სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა (საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ტექნიკური აღჭურვილობის, იარაღისა და ლიტერატურის გარდა).
10. სამხედრო მომზადების ხელმძღვანელობისათვის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროში შექმნილია ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და სამხედრო მომზადების სამმართველო. ამ სამმართველოში თანამდებობებზე ინიშნებიან სამხედრო სამსახურის ან თადარიგის ოფიცრები, რომელთაც აქვთ უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სამხედრო სპეციალური განათლება.
11. უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სამხედრო კათედრების უფროსები უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი სამხედრო მომზადების ორგანიზების. მეცადინეობის ჩატარების ხარისხის, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შენახვისა და საიდუმლოების დაცვისათვის.
მათ ევალებათ:
ა) სამხედრო მომზადებისათვის სათანადო სასწავლო საათების გამოყოფა, უმაღლეს სასწავლებლებში და სამხედრო ნაწილებში სასწავლო შეკრებებისათვის თანახმად ამ დებულების 12-13 მუხლებისა.
ბ) სამხედრო კათედრების საშტატო განრიგის შემუშავება, ხელმძღვანელ მუშაკთა, პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობისა და საჭირო რაოდეანობის სასწავლო დამხმარე პერსონალის მიღება სტუდენტთა სამხედრო მომზადებისათვის და ტექნიკის მოსავლელად;
გ) მეცადინეობის ჩასატარებლად სამხედრო კათედრების იზოლირებულად განლაგების უზრუნველყოფა, საჭირო სასწავლო და სამსახურებრივი შენობებისა და ობიექტების გამოყოფა;
დ) სამხედრო კათედრებისათვის სასწავლო-მეთოდური დახმარება სტუდენტთა მიერ სამხედრო დისციპლინების შესასწავლად სხვა კათედრებთან მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით;
ე) სამხედრო კათედრების მიერ მეთოდური მასალების დამუშავება და გამოცემა;
ვ) სამხედრო კათედრებისათვის ფულადი სახსრების გამოყოფა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა სახის საქმიანობისათვის, გარდა იმისა, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო;
ზ) სამხედრო ტექნიკის გამოყენების, შენახვისა და უსაფრთხოების ორგანიზება დაწესებულ მოთხოვნათა შესაბამისად;
თ) განაცხადის წარდგენა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში სამხედრო კათედრებისათვის ტაბელურ მოთხოვნათა ფარგლებში მათი შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკით, საწვავ-საცხები მასალებით, სამხედრო სასწავლო ინვენტარით და ლიტერატურით მომარაგებისათვის.
ი) სამხედრო კათედრების წლიური გეგმების განხილვა-დამტკიცება;
კ) სამხედრო მომზადების მდგომარეობის რეგულარულად განხილვა რექტორატების სხდომებსა და სამეცნიერო საბჭოებზე;
ლ) სამხედრო კათედრის ოფიცერთა შემადგენლობით გამოყენება, თანახმად უმაღლეს სასწავლებელთა სამხედრო კათედრების დებულების შესაბამისად.
უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს უფლება აქვთ წაახალისონ სტუდენტები სწავლაში, მეთოდური და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის.
უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეუძლიათ სათანადო დისციპლინარული სასჯელი დაადონ ან აღძრან შუამდგომლობა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წინაშე დასჯის ან თანამდებობიდან განთავისუფლების მოთხოვნით სამხედრო კათედრების იმ პროფესორ-მასწავლებლებისა, რომელთაც ნაკლოვანებანი აქვთ სასწავლო მუშაობაში.
12. უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა სამხედრო მომზადება მოიცავს სამხედრო ნაწილებში შეკრებების გავლით თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს.
სამხედრო მომზადებას უმაღლეს სასწავლებლებში ეთმობა არა უმეტეს 600 საათისა.
სამხედრო მომზადებაზე კონკრეტული საათების განაწილება წარმოებს სამხედრო მომზადების პროგრამებით, სამხედრო სპეციალობათა მიხედვით.
სავალდებულო აუდიტორიული და ინდივიდუალური მეცადინეობა მასწავლებლის ხელმძღვანელობით არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6 საათს.
სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისათვის დრო იგეგმება სამხედრო მომზადების დღეებში, 8-საათიანი სასწავლო დღის ფარგლებში.
13. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ნაწილებში ორგანიზებული სასწავლო შეკრებები, სწავლების დამამთავრებელ ეტაპზე ტარდება საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებულ ვადებში და უნდა დასრულდეს დამამთავრებელი კურსის წინ.
სასწავლო შეკრებების ხანგრძლივობა ყველა სპეციალობისათვის 30 დღეა. სამხედრო ნაწილებში სასწავლო შეკრებების დროს სტუდენტებს უფლება აქვთ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, „საყოველთაო სამხედრო ბეგარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის დროებითი დებულების თანახმად.
სამხედრო მომზადების პერიოდში სტუდენტებს უწოდებენ კურსანტებს.
14. სამხედრო მომზადების პერიოდში სტუდენტები აბარებენ ჩათვლებს და გამოცდებს.
სამხედრო მომზადების პროგრამის მთლიანად გავლისა და სასწავლო შეკრების დასრულების შემდეგ სტუდენტები გამოსაშვებ გამოცდებს აბარებენ სამხედრო ნაწილებში სპეციალურად შექმნილი საგამოცდო კომისიებს.
სამხედრო მომზადებაში გამოცდებზე სტუდენტების მიერ მიღებული ნიშნები აღირიცხება სხვა საგნებში მიღებული ნიშნების თანაბრად.
სტუდენტები, რომლებიც სისტემატურად არ ესწრებიან სამხედრო მეცადინეობას არასაპატიო მიზეზით, თავს არიდებენ სასწავლო შეკრებას სამხედრო ნაწილებში ან არღვევენ დისციპლინას სასწავლო პროცესის დროს, კათედრის უფროსის წარდგენის საფუძველზე რექტორის ბრძანებით დათხოვნილი იქნებიან სამხედრო მომზადებიდან.
15. სტუდენტებს, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდებს სამხედრო მომზადებაში და მოხდება მათი ატესტაცია დადგენილი წესით, მიენიჭებათ თადარიგის ოფიცრის წოდება. სამხედრო წოდების მინიჭება უნდა დაემთხვეს სტუდენტთა მიერ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებას.
16. სამხედრო კათედრების გამგეების, მათი მოადგილეების, ციკლის უფროსების, აგრეთვე უფროსი მასწავლებლებისა და მასწავლებლების თანამდებობაზე დაინიშნებიან უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სამხედრო სპეციალური განათლების ოფიცრები. გამონაკლისის სახით კი - სამხედრო საშუალო - განათლებისა და ჯარში ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებიც.
სამხედრო კათედრების პროფესორ-მასწავლებელთა საშტატო თანამდებობა შეიძლება დაკავებულ იქნეს თადარიგის ოფიცრის მიერ.
17. სამხედრო მოსამსახურეთა დანიშვნა სამხედრო კათედრების საშტატო თანამდებობებზე გამგეების, მათი მოადგილეების კანდიდატურების ან მათი გადაადგილება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ თანხმდება რექტორთან.
სამხედრო კათედრების ოფიცრების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება მოქმედი დებულების თანახმად უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეთანხმებით.
პროფესორ-მასწავლებელთა საშტატო თანამდებობების დაკავება თადარიგის ოფიცრების მიერ კონკურსით ხდება:
სასწავლო-დამხმარე პერსონალის საშტატო თანამდებობები კომპლექტდება სათანადო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ბრძანებით.
18. ოფიცრებს და ზემდეგებს, რომლებიც დანიშნული არიან სამხედრო კათედრებზე, აგრეთვე განათლების სისტემის სამხედრო მომზადების ორგანოებში ითვლებიან სამხედრო სამსახურში, უნარჩუნდებათ ყველა უპირატესობა, რომლებიც გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის.
თადარიგის ოფიცრები სტუდენტებთან მეცადინეობის ჩატარებისას ატარებენ სამხედრო ფორმას სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით მინიჭებული წოდების მიხედვით. სამხედრო ფორმით მათ უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო.
ნუ ს ხ ა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლებისა, სადაც მზადდებიან სტუდენტები თადარიგის ოფიცერთა პროგრამით:
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი
საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.