„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30-78
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016851
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა

და

უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს

შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“,

მხარეების სახელმწიფოებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით,

აცნობიერებენ რა, რომ დანაშაული ყველა მისი გამოვლინებითა და ფორმით საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას,

იცავენ რა საერთაშორისო შეთანხმებებსა და მხარეთა კანონმდებლობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

მიზანი

წინამდებარე შეთანხმების მიზანია მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება სისხლისსამართლებრივი დანაშაულების პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების საკითხებში.

 

მუხლი 2

თანამშრომლობის სფერო

1. მხარეები, თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და მათი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ შემდეგი დანაშაულებისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში:

a. ორგანიზებული დანაშაული;

b. ადამიანით ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია;

c. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და პირადი ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;

d. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;

e. დანაშაული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში (კიბერდანაშაული);

f. კულტურული და ისტორიული ფასეულობების გატაცებასთან დაკავშირებული დანაშაული;

g. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის უკანონო ბრუნვა.

2. მხარეები ასევე ურთიერთთანამშრომლობენ შემდეგი მიმართულებებით:

a. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;

b. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების განვითარება, კავშირგაბმულობის სისტემებისა და საშუალებების, სპეციალური საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის დანერგვა და გამოყენება;

c. თანამშრომელთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

3. დანაშაულების და სამართალდარღვევების აღკვეთის მიზნით, მხარეები ასევე თანამშრომლობენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სფეროში, მათ შორის, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების დროს.

4. წინასწარი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ გააფართოვონ თანამშრომლობის ფარგლები სხვა დანაშაულებთან ბრძოლაში, რომლებზეც მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

5. წინამდებარე შეთანხმება არ ეხება სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ან ექსტრადაციის საკითხებს, ასევე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის საკითხებს.

 

მუხლი 3

თანამშრომლობის ფორმები

1. მხარეები, თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, თანამშრომლობას განახორციელებენ შემდეგი ფორმებით:

a. ინფორმაციის გაცვლა;

b. უკანონო ბრუნვაში არსებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის ახალი სახეობების, მათი დამზადების ტექნოლოგიების და დამზადებისას გამოყენებული ნივთიერებების, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კვლევისა და იდენტიფიკაციის ახალი მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

c. დადგენილი წესით ისეთი საგნების (ნივთების) ძებნა და დაბრუნება, რომელთაც გააჩნიათ ნომრები ან სპეციფიური განმასხვავებელი ნიშნები, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდები და პასპორტები (პირადობის მოწმობები);

d. სამუშაო გამოცდილების გაზიარება, სამუშაო შეხვედრების, კონსულტაციების, სხდომების, პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების, აგრეთვე ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარების გზით.

e. ნორმატიული სამართლებრივი აქტების, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური მასალების გაცვლა.

 

მუხლი 4

თანამშრომლობის პროცედურა

1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მხარეებს შორის თანამშრომლობა ხორციელდება მოთხოვნის საფუძველზე.

2. მოთხოვნები და პასუხები მოთხოვნებზე იგზავნება წერილობით. გადაუდებელ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ზეპირად, შემდგომი სავალდებულო წერილობითი დასტურით მოთხოვნის ზეპირად გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში. მოთხოვნისა და პასუხების წერილობით გადაცემა ხდება ფოსტით ან ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომელიც ნებადართულია მხარეთა სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით. თუ არსებობს რაიმე ეჭვი მოთხოვნის ნამდვილობაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დამატებით დადასტურება.

3. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

a. მოთხოვნის წარმდგენი და მოთხოვნის მიმღები მხარის დასახელებას;

b. მოთხოვნის მიზანსა და შინაარსს, მის დასაბუთებას და მისი განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას, აგრეთვე მოთხოვნაში შემავალი ინფორმაციის გამოყენების შესაძლო შეზღუდვების ჩამონათვალს;

c. კითხვების სიას, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი, ან განსახორციელებელ ქმედებებს;

d. მოთხოვნის შესრულებისთვის სასურველ დროს;

e. საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნას შეიძლება თან ერთოდეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრების შესახებ მოთხოვნა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოთხოვნის შესასრულებლად ღონისძიებების განხორციელებისას.

4. მოთხოვნებს მხარეები ასრულებენ მათი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოთხოვნის მიმღები მხარე იღებს ყველა საჭირო ზომას მოთხოვნის სრული, დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველსაყოფად და დაუყოვნებლივ პასუხობს მას.

5. თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს ესაჭიროება შინაარსის გარკვევა ან სხვა ინფორმაციის მიწოდება, რომელიც აუცილებელია მოთხოვნის სათანადოდ შესასრულებლად, მას შეუძლია დაუკავშირდეს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს მის მისაღებად.

6. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია უფლება მისცეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლებს დაესწრონ მოთხოვნის შესრულების ღონისძიებების განხორციელებას თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.

7. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია გადადოს მოთხოვნის შესრულება ან მოთხოვნის შესასრულებლად, საჭიროებისამებრ, განსაზღვროს სავალდებულო პირობები, მოთხოვნის წარმდგენ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ. თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე თანახმაა დაწესებული პირობებით მოთხოვნის შესრულებაზე, იგი ვალდებულია დაიცვას ეს პირობები.

8. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება შეიძლება უარყოფილ იქნეს მთლიანად ან ნაწილობრივ და მისი გადაგზავნა შეიზღუდება, თუ მოთხოვნა ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ეროვნულ კანონმდებლობას ან არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ვალდებულებებს, რომლის წევრიც ორივე მხარეა.

9. თუ მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულება შეუძლებელია, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ სხვა ზომებზე, რომლებიც აკმაყოფილებს ორივე მხარის ინტერესებს.

10. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები მხარე გადაწყვეტს უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს, ასეთი უარის მიზეზის მითითებით.

11. თითოეულ მხარეს, თავისი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია პროაქტიურად გადასცეს ინფორმაცია მეორე მხარეს, თუ არსებობს სარწმუნო საფუძველი, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამ მხარის ინტერესს, კერძოდ, ხელს შეუწყობს დანაშაულების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას, ასევე მის გამოძიებას.

 

მუხლი 5

უფლებამოსილი დანაყოფები

1. მხარეები დიპლომატიური არხებით ცვლიან ინფორმაციას უფლებამოსილი დანაყოფების შესახებ, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ ამ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობას და მათ საკონტაქტო მონაცემებს.

2. უფლებამოსილი დანაყოფის ან მისი საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში შესაბამისი მხარე იღებს ვალდებულებას აცნობოს მეორე მხარეს ასეთი ცვლილებების შესახებ და მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ.

3. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შორის თანამშრომლობა ასევე შეიძლება განხორციელდეს მხარეთა ორგანოების (დანაყოფების) წარმომადგენლების პირდაპირი კომუნიკაციით. ამ შემთხვევაში მხარეები ადგენენ საკონტაქტო პირებს და აცნობებენ ერთმანეთს მათ შესახებ წერილების გაცვლით.

 

მუხლი 6

ინფორმაციის დაცვა

ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებსაც მხარეები გაცვლიან წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, არ შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს იმ მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე, რომელმაც ის გადასცა. მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე ინფორმაცია და დოკუმენტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნით,  გარდა იმისა, რისთვისაც ისინი იქნა გადაცემული.

 

მუხლი 7

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

1. ტერმინი „პერსონალური მონაცემი“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

2. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა, დაცვა და დამუშავება ხორციელდება მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და შემდეგი მინიმალური მოთხოვნების დაცვით:

a. პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად, კანონიერად და მხოლოდ იმ მოცულობით და პროპორციით, რომელიც აუცილებელია შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მისაღწევად;

b. გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს დამუშავებული მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც განხორციელდა მათი გადაცემა. გადაცემული მონაცემების დამუშავება სხვა მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით;

c. მიღებული პერსონალური მონაცემების მესამე მხარისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით. მიღებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია;

d. მოთხოვნის საფუძველზე მიმღებმა მხარემ უნდა აცნობოს გადამცემ მხარეს პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგების შესახებ;

e. გადამცემმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები ნამდვილი, ზუსტი და განახლებული იყოს. თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ნამდვილი, ზუსტი ან განახლებული, გადამცემმა მხარემ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს;

f. თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ნამდვილი, ზუსტი ან განახლებული, ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, მიმღებმა მხარემ გადამცემ მხარესთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა შეასწოროს და განაახლოს ისინი, ან უნდა წაშალოს/გაანადგუროს პერსონალური მონაცემები და დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ გადამცემ მხარეს;

g. გადაცემული პერსონალური მონაცემები მიმღები მხარის მიერ უნდა წაიშალოს/განადგურდეს მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და მიიღწევა მიზანი, რისთვისაც მოხდა მონაცემთა გადაცემა. გადამცემ მხარეს ეცნობება მონაცემთა წაშლის/განადგურების შესახებ;

h. გადამცემი მხარე და მიმღები მხარე ვალდებულნი არიან აწარმოონ მონაცემების აღრიცხვა;

i. გადამცემი მხარე და მიმღები მხარე ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონაცემების ეფექტური დაცვა არაუფლებამოსილი მოპოვებისაგან, მასში ცვლილებების შეტანისაგან ან გამჟღავნებისაგან;

j. მიმღებმა მხარემ უნდა მოახდინოს მიღებული პერსონალური მონაცემების შემცველი მასალის პერიოდული გადახედვა და, თუ აღმოჩნდება, რომ აღარ არსებობს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და მიღწეულია მიზანი, რისთვისაც მოხდა მონაცემთა გადაცემა, უზრუნველყოს მათი წაშლა/განადგურება. გადამცემ მხარეს უნდა ეცნობოს მონაცემთა წაშლის/ განადგურების შესახებ.

 

მუხლი 8

სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები

1. მხარეთა წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში, ატარებენ სამუშაო შეხვედრებსა და კონსულტაციებს, რათა განიხილონ თანამშრომლობის შედეგები და ზომები მისი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

2. ორმხრივი თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ შექმნან სამუშაო ან საკოორდინაციო ჯგუფი ხელმძღვანელების ან ექსპერტების დონეზე, რომელთა შეხვედრები გაიმართება პარიტეტის საფუძველზე.

 

მუხლი 9

ხარჯები

მხარეები დამოუკიდებლად ფარავენ წინამდებარე შეთანხმების შესრულებისას წარმოშობილ ხარჯებს, მათი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

 

მუხლი 10

ენა

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის სამუშაო ენაა ინგლისური, რაც არ აბრკოლებს მხარეებს მათთვის მისაღები სხვა ენების გამოყენებაში.

 

მუხლი 11

დავების გადაწყვეტა

წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 12

მიმართება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან

წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ ახდენს მხარეების იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომელთა წევრებიც არიან მათი სახელმწიფოები.

 

მუხლი 13

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე შეთანხმებაში მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-14 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 14

ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

2. თითოეულ მხარეს აქვს უფლება, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას აღნიშნული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.

3. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეთანხმებით დაწყებული და მიმდინარე აქტივობების განხორციელებაზე, აგრეთვე მხარეთა ვალდებულებებზე, დაიცვან ინფორმაცია ამ შეთანხმებით, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.

 

შესრულებულია ქ. ტაშკენტში 2026 წლის 18 აპრილს ორ დედნად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტებისა ან/და გამოყენების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან

საქმეთა სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

 


 

 

📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗