ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების განაწილების წესი და
პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი განსაზღვრავს სისხლის დაწესებულების მიერ ადამიანის სისხლისა
(შემდგომ - სისხლი) და მისი კომპონენტების განაწილებასთან დაკავშირებულ
ცალკეულ საკითხებს.
2. ამ წესის მიზანია სისხლისა და მისი კომპონენტების განაწილებასთან
დაკავშირებული ისეთი ორგანიზაციული და სამართლებრივი პროცედურების
უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს ცენტრალური სისხლის დაწესებულებისა და
სხვა სისხლის დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობას,
პაციენტისთვის/კლინიკისთვის საჭირო სისხლის და მისი კომპონენტების მოძიების
ხელშეწყობისა და სამართლიანი განაწილების ორგანიზებული ციკლის შექმნას,
ხელმისაწვდომი რესურსების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციის გზით.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობები, რაც
არის „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლის 2. სისხლის და მისი კომპონენტების
განაწილება
1. სისხლისა და მისი კომპონენტების განაწილება მოიცავს დამზადებული
სისხლისა და მისი ყველა კომპონენტის კატეგორიის და ABO/Rh(D) ჯგუფის
მიხედვით ინფორმაციის მოპოვებას, აღრიცხვას და ტრანსფუზიის მიზნით
განაწილების რუტინული პროცედურების ხელშეწყობას.
2. სისხლის დაწესებულებების მიერ დამზადებული სისხლის და მისი
კომპონენტების რაოდენობისა და განაწილების შესახებ ინფორმაციის
კონსოლიდაციას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვაში
არსებული ა(ა)იპ - ცენტრალური სისხლის დაწესებულება (შემდგომ - ცენტრალური
სისხლის დაწესებულება), რომელიც:
ა) უზრუნველყოფს სისხლის დაწესებულებებიდან დადგენილი ფორმით მიღებული
მონაცემების კონსოლიდაციას და პროცესების მიმდინარეობაზე
მეთვალყურეობას;
ბ) ფორსმაჟორულ გარემოებებში საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების
რესურსების თაობაზე ინფორმაციის მოძიებას და მიწოდების ხელშეწყობას.
მუხლი 3. ხელმისაწვდომი რესურსების შესახებ
ინფორმაციის კონსოლიდაცია
1. სისხლის და მისი კომპონენტების განაწილების სისტემის შეუფერხებელი
ფუნქციონირებისათვის სისხლის დაწესებულება ვალდებულია ცენტრალურ სისხლის
დაწესებულებას წარუდგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, რომლებთანაც მიმდინარე წელს
აქვს მოქმედი ხელშეკრულება სისხლის კომპონენტების მიწოდების თაობაზე
(მოქმედების ვადის მითითებით) - ერთჯერადად არაუგვიანეს 2026 წლის 1
სექტემბრისა და შემდეგ, ყოველწლიურად - 1 თებერვლამდე;
ბ) ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, რომლებთანაც
კალენდარული წლის განმავლობაში გააფორმა ან შეწყვიტა მოქმედი ხელშეკრულება
სისხლის კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებით (გარდა ერთჯერადი
ხასიათის მიწოდებისა) - ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ინფორმაციის მიწოდების შემდგომ, პერმანენტულად, გაფორმებიდან/შეწყვეტიდან
არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
გ) ყოველი წლის 1 თებერვლამდე:
გ.ა) სისხლის და მისი კომპონენტების გასული წლის საწარმოო შესაძლებლობის
(დამზადებული სისხლის და მისი კომპონენტების დასახელება და რაოდენობა)
თაობაზე;
გ.ბ) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან გასული წლის ურთიერთობის
მასშტაბის შესახებ - მიწოდებული სისხლის და მისი კომპონენტის დასახელების,
რაოდენობისა და აღნიშნულის % სისხლის დაწესებულების მიერ დამზადებული
სისხლისა და მისი კომპონენტების საერთო ოდენობაში.
2. სისხლის დაწესებულება ვალდებულია:
ა) ხელშეუხებელ მარაგში იქონიოს სისხლის კომპონენტების მინიმალური
რაოდენობა, რომელიც ინახება ყველა სისხლის დაწესებულებაში საგანგებო
სიტუაციებისა და დაგეგმილი მკურნალობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად:
ერითროციტები და ახლად გაყინული პლაზმა, ყველა ჯგუფის და რეზუსის, მინიმუმ
თითო-თითო. ხელშეუხებელი მარაგი მუდმივად განახლებადია;
ბ) ცენტრალურ სისხლის დაწესებულებას ყოველდღიურად წარუდგინოს არსებულ
მარაგებზე (მათ შორის, ხელშეუხებელ მარაგებზე) ინფორმაცია სისხლისა და მისი
ყველა კომპონენტის კატეგორიის და ABO/Rh(D) ჯგუფის მიხედვით
(დასახელებებისა და რაოდენობის გათვალისწინებით);
გ) ხელშეუხებელი მარაგის ხარჯვა განახორციელოს ცენტრალური სისხლის
დაწესებულებასთან შეტყობინებითა და მისი თანხმობით.
3. სისხლის დაწესებულება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში
მითითებულ ინფორმაციას ცენტრალური სისხლის დაწესებულებას უგზავნის
არაუგვიანეს ყოველი სამუშაო დღის 16:00 საათისა, ელფოსტაზე: bloodstocks@moh.gov.ge,
ცენტრალური სისხლის დაწესებულების მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად.
4. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება ელექტრონული
შეტყობინების გაკეთება, ინფორმაციის მიწოდება ხდება შემდეგი სატელეფონო
ნომრის მეშვეობით: (+995 32) 2 95 42 64 ან (+995 32) 2 95 99 76, (+995) 5
77 44 40 02. აღნიშნული შეტყობინება, პირველივე შესაძლებლობისთანავე,
მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, უნდა გაიგზავნოს ელფოსტის
საშუალებითაც.
მუხლი 4. სისხლის გადაუდებელი მიწოდების მართვა
1. სისხლის დაწესებულებას, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკს, იმ
სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც ხორციელდება ტრანსფუზია,
სისხლის ან მისი კომპონენტების დეფიციტის პრევენციის მიზნით, უნდა ჰქონდეს
შემუშავებული მარაგების მართვის გეგმა, საჭიროების შემთხვევაში - სისხლის
მარაგების შენარჩუნებისთვის.
2. როდესაც ვლინდება სისხლის და მისი კომპონენტების დეფიციტი, რომლის
მართვაც გაუთვალისწინებელი მიზეზით ვერ ხერხდება და რომელიც საჭიროებს
გადაუდებელ რეაგირებას, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია,
აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ცენტრალურ სისხლის დაწესებულებას.
3. შეტყობინების მიღებისას ცენტრალური სისხლის დაწესებულება სისხლის და
მისი კომპონენტების შესახებ ყოველდღიურად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
უზრუნველყოფს:
ა) სისხლის და მისი კომპონენტების საჭირო მარაგების მოძიებას ყველა
სისხლის დაწესებულებაში;
ბ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, დროის უმოკლეს
მონაკვეთში სისხლის დაწესებულებების შერჩევას (მათ შორის, თუ შეუძლებელია
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა, სისხლის საჭიროების მქონე
სამედიცინო დაწესებულებას მიეწოდება ინფორმაცია იმ სისხლის დაწესებულებაზე,
სადაც არის საჭირო კომპონენტები), შესაბამის კომუნიკაციას დაინტერესებულ
მხარეებთან და პროცესის მოდერაციას სისხლის და მისი კომპონენტის შესაბამისი
სახეობისა და ოდენობის კონკრეტული დაწესებულებისათვის მიწოდების
მიზნით.
4. შერჩეული სისხლის დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სისხლის და
მისი კომპონენტის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისათვის მიწოდება და
ტრანსპორტირება.
5. სისხლის და მისი კომპონენტების გადაუდებელი საჭიროების მქონე
სამედიცინო დაწესებულება სატელეფონო ან/და ელექტრონული კომუნიკაციის
მეშვეობით ადასტურებს მოთხოვნილი სისხლის და მისი
კომპონენტის/კომპონენტების მიღების ფაქტს.
6. სისხლის და მისი კომპონენტების გადაუდებელი მიწოდება უნდა მოხდეს
იმგვარად, რომ სისხლის კომპონენტები აკმაყოფილებდეს ხარისხის და
უსაფრთხოების, მათ შორის, ეტიკეტირების, ყველა დადგენილ წესს, რომ დაცული
იყოს კომპონენტების სრული მიკვლევადობა.
მუხლი 5. ელექტრონულ მოდულზე წვდომა
სისხლის და მისი კომპონენტების განაწილების მეთვალყურეობის მიზნით,
ცენტრალური სისხლის დაწესებულებისთვის ხელმისაწვდომია სისხლის დონაციებისა
და ტრანსფუზიების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში არსებული შესაბამისი
ინფორმაცია.