ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2026 წლის 24 ივნისი ქ. ჩხოროწყუ |
ა) „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №46 დადგენილება;
ბ) „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №47 დადგენილება.
|
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „კულტურის შესახებ“,„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ. №10.
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურის, სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია, ტურიზმის განვითარებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის თაობაზე წინადადებების მომზადება.
2. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტის, საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად.
3. განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება.
4. კულტურულ-საგანმანათლებლო და სასპორტო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება.
5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების, ტურისტული ობიექტების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია.
6. ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია.
7. სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფის კოორდინაცია, მათში მედპუნქტის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
8. კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, ხელოვნების სხვა დარგების და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
9. კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია, ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
10. მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ) აღრიცხვის, დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალური პროგრამათა შემუშავება და განხორციელება.
11. თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
12. ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
13. სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის შესაბამის საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევა.
14. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სემინარების, კონკურსების, სპორტული შეჯიბრებების, გამოფენების, კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა.
15. შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა.
16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა.
17. შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია.
18. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში – მერი) სხვა დავალებების შესრულება.
19. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელისგან (მოხელეებისგან).
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და მერის სამართლებრივი აქტებით.
7. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
დ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
9. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ა.შ) აღრიცხვის, დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
გ) კულტურული ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
10. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) წინადადებების შემუშავებას მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე;
გ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობას, ახალგაზრდული და მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;
დ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენას და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;
ე) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.