კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №1/11/1963 |
|
2026 წლის 24 ივნისი ქ. ბათუმი |
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე ;
ევა გოცირიძე – წევრი ;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი .
სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე .
საქმის დასახელება : კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .
დავის საგანი : საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლის სიტყვების „მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება , რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის “ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 23-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1963) მომართა კახა კუკავამ . №1963 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , გადმოეცა 2026 წლის 11 მაისს . №1963 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2026 წლის 24 ივნისს .
2. №1963 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი , 31-ე მუხლი , 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი .
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლის თანახმად , მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება , რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის , გამოიწვევს მის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით .
4. საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია . დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო . ამავე მუხლის მე -5 პუნქტი ადგენს , რომ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად , სხვათა უფლებების დასაცავად , კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად . საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეების უფლებას , ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში .
5. №1963 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა , რომ მოსარჩელე კახა კუკავა არის პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს “ თავმჯდომარე . იმავდროულად , იგი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას , კერძოდ , არის „შპს ხატიაშვილი და კუკავას “ დირექტორი და 80%-იანი წილის მფლობელი . მოსარჩელე მხარის განმარტებით , სადავო ნორმა ადგენს შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებით , რომელიც , თავის მხრივ , შესაძლოა , მოიცავდეს როგორც პოლიტიკურ განცხადებებს , ასევე სხვა ქმედებებს , მაგალითად , პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობების განხორციელებას . აღნიშნულის გამო მოსარჩელე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი და მე -5 პუნქტებისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს .
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება , თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს “. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით კი , განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას .
2. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , მოსარჩელე მხარე ვალდებულია , რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით სასამართლო დაარწმუნოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობაში . კერძოდ , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება , აუცილებელია , მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია , რომელიც გარკვეული ხარისხით , მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/11/1619 განჩინება საქმეზე „სალომე ზეინკლიშვილი , მარიამ ტაგანაშვილი , ანა ნაკანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი “, „შპს სვეტი ჯგუფი “, „შპს სვეტი “, „შპს სვეტი ნუცუბიძე “, გივი ჯიბლაძე , თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა , რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას .
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი სამართალწარმოების პრაქტიკაში ყოველთვის განსაკუთრებულად , ხაზგასმით მიუთითებს კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების მნიშვნელობასა და მოსარჩელე მხარის ვალდებულებაზე , გარკვეულ ხარისხით მაინც წარმოადგინოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მაიდენტიფიცირებელი არგუმენტაცია . მოსარჩელე მხარის მიერ ამგვარი ვალდებულების შესრულება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების მნიშვნელოვანი წინაპირობაა . კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნა არ არის თვითმიზნური , არამედ ემსახურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დროითი , ადამიანური თუ სხვაგვარი რესურსის დაზოგვას , ისევე , როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფას . ყოველივე ხსენებული , თავის მხრივ , იცავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთვისაგან და ანიჭებს მას შესაძლებლობას , განიხილოს ის საქმეები , რომლებიც რეალურად არის მიმართული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისაკენ . იმავდროულად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განტვირთვა ხელს უწყობს მის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის ეფექტიან და დროულ აღსრულებას . გარდა ამისა , კონსტიტუციური სარჩელის შინაარსობრივი დასაბუთების ვალდებულების მოსარჩელე მხარისათვის დაკისრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას , სათანადოდ გამოკვეთოს მოსარჩელე მხარის რეალური მოთხოვნა , სადავო ნორმის უფლებაშემზღუდველი შინაარსი , შესაბამის კონსტიტუციურ დებულებასთან სადავო ნორმის მიმართება და კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის გამომრიცხველი სხვა რომელიმე გარემოების არსებობა .
4. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ , №1963 კონსტიტუციური სარჩელის შინაარსი შემოიფარგლება მხოლოდ იმაზე ზოგადი მითითებით , რომ სადავო ნორმა აწესებს შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობაზე – პოლიტიკური განცხადებების გავრცელებასა თუ სხვა პოლიტიკური ქმედებების განხორციელებაზე . აღსანიშნავია , რომ მოსარჩელე მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით , თუ რატომ მიიჩნევს სადავო ნორმას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ . მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს , სადავო ნორმის შედეგად , ძირითადი უფლების შეზღუდვას /დარღვევას . მოსარჩელე მხარე ასევე არ წარმოაჩენს საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით , საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცული უფლების რა ასპექტს ზღუდავს მეწარმე იურიდიული პირისთვის დადგენილი აკრძალვა – რა თვალსაზრისით ხდება ჩარევა პოლიტიკური პარტიის შექმნისა თუ მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლებაში . შესაბამისად , №1963 კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის მოყვანილი არგუმენტაცია , რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლით დადგენილი წესის შესაძლო არაკონსტიტუციურობას წარმოაჩენდა . ამდენად , იმ პირობებში , როდესაც კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დასაბუთება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის განმაპირობებელი ფაქტორების თაობაზე , კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნა ვერ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად .
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1963 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის საფუძველზე .
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 პუნქტის , 31-ე მუხლის , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის მე -2 პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტისა და მე -2 პუნქტის , 43-ე მუხლის საფუძველზე ,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს :
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1963 კონსტიტუციური სარჩელი („კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.
კოლეგიის შემადგენლობა :
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე