ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.167.016666
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 3 ივლისი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში ცნობის გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია



 

დანართი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში ცნობის გაცემის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებისა და „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილების საფუძველზე და განსაზღვრავს ამ წესის შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (შემდგომში „მერის წარმომადგენელი“) მიერ, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტისა და მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემის  პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.

2. მერის წარმომადგენლის მიერ გასაცემი ცნობის ფორმები მტკიცდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მერის წარმომადგენლის მიერ ცნობის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დაინტერესებული პირის განცხადება წარედგინება მატერიალური სახით. განცხადების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში – apps.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ, მისი განხილვა, დოკუმენტის ვიზირება და შესაბამისი ცნობის გაცემა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით – apps.gov.ge.

4. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემიდან – apps.gov.ge-დან ამობეჭდილი ცნობა არის ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ასლი, რაზეც დაისმება მერის წარმომადგენლის შტამპი შემდეგი წარწერით „ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ასლი“.

მუხლი 2. მერის წარმომადგენლის ფუნქციები და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტები

1.  მერის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46  დადგენილებით და ამ წესის შესაბამისად.

2. მერის წარმომადგენელი:

ა) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში გასცემს ცნობას იმ პირებზე, რომლებიც მიმართავენ მას წერილობით. მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ბ) ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით მერის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი, არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც ადასტურებენ და ხელს აწერენ ოქმს. მოწმეთა ვინაობის დადგენა ხდება ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით (მოქალაქის პასპორტი/პირადობის მოწმობა/აიდი ბარათი), რისი ასლიც თან ერთვის ოქმს.

3.  თუ მერის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს, ვალდებულია უარი თქვას ოქმის შედგენაზე.

4. მერის წარმომადგენელი ვალდებულია ოქმის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს ოქმის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს ოქმში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ოქმში ასახული უნდა იყოს როგორც დაინტერესებული პირის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).

6. მერის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში მას უფლება აქვს გასცეს დასაბუთებული უარი ცნობის გაცემაზე.

7. მერის წარმომადგენელს უფლება აქვს:

ა) უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას;

გ) განახორციელოს ადგილზე დათვალიერება;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.

8. მერის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, მერიის დებულებით და სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 3. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების თაობაზე

1. საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე ცნობა შეიძლება იყოს როგორც ხე-მცენარეების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ. განცხადებას სავალდებულო წესით თან უნდა ერთოდეს განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად, კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთში მოჭრილი ხის (ხეების) თაობაზე მისი საშეშედ ან სამასალედ რეალიზაციისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით.

3. ცნობის მოქმედების ვადა საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე  განისაზღვრება მისი გაცემიდან:

ა) ხე-მცენარეების შემთხვევაში არაუმეტეს 30 კალენდარული დღით;

ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემთხვევაში არაუმეტეს 7 კალენდარული დღით.

4. ცნობაში უნდა მიეთითოს ცნობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

5. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე, ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 4. ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე

1. ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე  გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირი ცხოვრობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ასევე, თუ მასთან ერთად ცხოვრობს/ცხოვრობენ სხვა პირ(ებ)იც;

ბ) პირი ცხოვრობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე კონკრეტულ წლებში (წლების მითითებით);

დ) პირი ცხოვრობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე კონკრეტულ წლებში კონკრეტულ პიროვნებასთან ერთად.

2. ცნობის მოქმედების ვადაა 30 კალენდარული დღე. ცნობაში უნდა მიეთითოს ცნობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

3. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე, ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 5. ცნობა მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ

1. ცნობა მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ გაიცემა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისთვის, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადგენის მიზნით.

2. ცნობის გაცემა შესაძლებელია, თუ:

ა) პირი მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას, ფლობს, სარგებლობას და განკარგავს მას;

ბ) პირი იღებს ორი მამკვიდრებლის სამკვიდროს, რომელთაგან ერთი მამკვიდრებელი  გარდაცვალებამდე იყო მეორე მამკვიდრებლის მემკვიდრე (ე.წ. „ორმაგი სამკვიდროს მიღება“).

3. ცნობას მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ არ აქვს მოქმედების ვადა.

4. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე, ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 6. დოკუმენტების (ოქმი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები

1. დოკუმენტები უნდა შედგეს მკაფიო და გამართული ენით, ისე რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება, დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი).

2. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა.

3. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.

4. საბუთები, რომელთა საფუძველზე შედგა ოქმი, დაერთვის ოქმის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება მერის წარმომადგენელთან რეესტრში.

მუხლი 7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მერის წარმომადგენლისგან ინფორმაციის გამოთხოვა

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი არიან, მერის წარმომადგენლისგან წერილობით გამოითხოვონ ინფორმაცია პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის  თაობაზე, ასეთ შემთხვევაში ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ არ გაიცემა. მერის წარმომადგენელი წერილობით აცნობებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მოკვლეულ ინფორმაციას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის – apps.gov.ge მეშვეობით.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის  დადსტურებისას, მერის წარმომადგენელი უფლებამოსილია არ შეავსოს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ოქმი.

მუხლი 8. მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება

1. მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.