,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2026 წლის 3 ივლისი ქ. ლაგოდეხი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადამიანური კაპიტალის მართვას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
ა) კომუნიკაციის, დოკუმენტბრუნვისა და ტერიტორიული კოორდინაციის განყოფილება;
ბ) ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილება.“.
3. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კომუნიკაციის, დოკუმენტბრუნვისა და ტერიტორიული კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები
1. კომუნიკაციის, დოკუმენტბრუნვისა და ტერიტორიული კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, ელექტრონული საქმისწარმოების ფუნქციონირებას;
ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
გ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების და მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
დ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ე) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას;
ვ) ერთიან საჯარო რეესტრში ინფორმაციის შეტანას;
ზ) უზრუნველყოფს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას;
ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
კ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ლ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;
მ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ნ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადებასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
ო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობას;
პ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურული საკითხის მოგვარებას;
ჟ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, პიარის დაგეგმვასა და განხორციელებას, ვებგვერდისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო უზრუნველყოფას, ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან.
1. ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) მონიტორინგს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
დ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
ე) მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ვ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;
ზ) ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე;
თ) მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას, მონიტორინგს მერიის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;
ი) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;
კ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;
ლ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
მ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ნ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
|