„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016570
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 7 ივლისი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი, matsne.gov.ge 01/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.164.016285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის (სამსახურის დებულების) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულება“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის (სამსახურის დებულების) პირველი მუხლის სათაური და ამავე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადამიანური რესურსების მართვას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის (სამსახურის დებულების)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (განყოფილებები):

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;

გ) შესყიდვების განყოფილება;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის (სამსახურის დებულების) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ სამსახურებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან;

დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების მონიტორინგს;

ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს ერთიან ელექტრონულ საქმისწარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და არქივირებას;

ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

კ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური ვებგვერდების ადმინისტრირებას;

ლ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

მ) სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის ურთიერთობის ორგანიზებას;

ნ) მასმედიასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მერიის საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებას;

ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას, მერიის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას;

პ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ჟ) მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

რ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;

ს) მუნიციპალიტეტის ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

ტ) მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; მონიტორინგს მერიის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;

უ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ფ) მონიტორინგს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

ქ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;

ღ) მერიის პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;

ყ) მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

შ) მუნიციპალიტეტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ჩ) მუნიციპალიტეტის მოხელეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;

ც) თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ძ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტაციისა და სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას;

წ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების კოორდინაციას;

ჭ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებას, ელექტრონული ტენდერებისა და შესყიდვების სხვა პროცედურების მომზადებას, ჩატარებასა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (სპა) ადმინისტრირებას;

ხ) სატენდერო კომისიის სხდომების ორგანიზებას, ოქმების წარმოებას, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებას და შესყიდვების ანგარიშების მომზადებას;

ჯ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე;

ჰ) მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას, ფოტო და ვიდეოკადრების არქივის შექმნას;

ჰ.ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ჰ.ბ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში;

ჰ.გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

ჰ.დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ჰ.ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ჰ.ვ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას;

ჰ.ზ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;

ჰ.თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

ჰ.ი) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;

ჰ.კ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;

ჰ.ლ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (განყოფილებების) ფუნქციურ კოორდინაციას და ერთიან საქმისწარმოებას;

ჰ.მ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;

ჰ.ნ) მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ჰ.ო) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;

ჰ.პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 5 აგვისტოდან.

 


ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ ჩხეიძე