„საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, გაციფრულების, ინოვაციებისა და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30-80
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016857
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, გაციფრულების, ინოვაციებისა და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – მოხსენიებულნი, როგორც „მხარეები“ და ინდივიდუალურად მოხსენიებული, როგორც „მხარე“),

ცდილობენ რა, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (შემდგომში – „სსტ“), გაციფრულების, ინოვაციებისა და ფოსტის სფეროში, ორივე ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ფარგლებში;

აღიარებენ რა, სსტ-ის, 5G-ის, ნივთების ინტერნეტის (IoT), ღრუბლოვანი სერვისების, ხელოვნური ინტელექტის, საფოსტო მომსახურებებისა და გაციფრულების სფეროებში საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის, შესაძლებლობებისა და პერსპექტივების გაფართოების მიმართ ორმხრივ ინტერესს;

აცნობიერებენ რა, არსებული პოტენციალისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენების აუცილებლობას სსტ-ის, გაციფრულების, ინოვაციებისა და ფოსტის სფეროში ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად;

ხელმძღვანელობენ რა, ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის ეფექტიანი და მდგრადი მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული საერთო მიზნებითა და ინტერესებით;

აღიარებენ რა, გაციფრულებისთვის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას;

აღიარებენ რა, სსტ-ის, გაციფრულების, ინოვაციებისა და ფოსტის სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესისა და ეკონომიკური ურთიერთობების როლს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

თანამშრომლობის მიზნები

მხარეები თავიანთ ურთიერთობებს დააფუძნებენ ორმხრივ სარგებელზე. ისინი იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას სსტ-ის, საფოსტო მომსახურების, გაციფრულებისა და ინოვაციების სფეროებში, თავიანთი შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების, ასევე წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად.

 

მუხლი 2

თანამშრომლობის სფეროები

თითოეული მხარის უფლების შეუზღუდავად განახორციელოს შემდგომი ინიციატივები, მხარეებს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროები მოიცავს შემდეგს:

– ინფორმაციის გაცვლას სსტ-ის, საფოსტო მომსახურების, გაციფრულებისა და ინოვაციების სფეროებში პოლიტიკისა და პროგრამების/პროექტების შესახებ და ამ სფეროებში ინვესტიციების ხელშეწყობას;

– მხარეთა შორის თანამშრომლობის წახალისებას ციფრული ტრაფიკის გაცვლის გაფართოების მიმართულებით, მხარეთა ტერიტორიების გავლით ევროპა-აზიის დაკავშირებადობის უზრუნველყოფის მიზნით;

– თანამშრომლობას ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით;

– მონაცემთა დამუშავების ცენტრებისა და ღრუბლოვანი გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას;

– სსტ-ის სფეროში პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში მეწარმეობის ხელშეწყობას;

– ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული დიზაინის პროექტების იდენტიფიცირებისა და შემუშავების ხელშეწყობას;

– საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერას;

– საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ციფრული საჯარო სერვისების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • ტელემედიცინის დანერგვას, მათ შორის, დისტანციური სამედიცინო კონსულტაციების გამართვასა და დიაგნოსტიკას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერებას ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებისა და ონლაინ და დისტანციური განათლების შესაძლებლობების შემდომი გაუმჯობესების გზით;
  • ელექტრონული ხელმოწერებისა და ციფრული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიების დანერგვასა და ფართოდ გამოყენებას.
  • – საინფორმაციო ტექნოლოგიების, საფოსტო მომსახურებების, ხელოვნური ინტელექტისა და გაციფრულების სფეროებში შესაბამის ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და საწარმოებს შორის თანამშრომლობის წახალისებას;

    – სსტ-ის, გაციფრულების, ინოვაციებისა და ფოსტის სფეროებში ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, ფორუმებისა და გამოფენების ორგანიზებას;

    – საფოსტო სფეროს განვითარების ხელშეწყობას საქართველოსა და უზბეკეთის გავლით საერთაშორისო საფოსტო გადაზიდვების მოცულობის გაზრდის გზით;

    – საერთაშორისო ორგანიზაციებში (როგორიცაა მსოფლიო საფოსტო კავშირი და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი) ურთიერთმხარდაჭერას, სადაც ეროვნული ინტერესები ემთხვევა ერთამანეთს;

    – გამოცდილების გაცვლის მიზნით ექსპერტთა ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ორგანიზებას.

    მხარეები ასევე თანხმდებიან, მხარი დაუჭირონ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი საკომუნიკაციო ქსელების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ტექნოლოგიების სრულყოფა და ჭკვიანი ქალაქის გადაწყვეტილებების განხორციელება – იმ პირობით, რომ ამგვარი აქტივობები არ ეწინააღმდეგება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.


    მუხლი 3

    კომპეტენტური ორგანოები

    წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოები არიან:

  • საქართველოს მთავრობის სახელით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით – უზბეკეთის რესპუბლიკის ციფრული ტექნოლოგიების სამინისტრო.
  • მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აცნობებენ ერთმანეთს კომპეტენტურ ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

     

    მუხლი 4

    ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

    წინამდებარე შეთანხმების განხორციელების დროს ან მისი განხორციელების შედეგად შექმნილი ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლების განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები ექვემდებარება რეგულირებას ცალკე კონტრაქტებით, რომლებიც ფორმდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის თითოეული კონკრეტული სფეროსთვის.

    თითოეული მხარე ინარჩუნებს საკუთრების უფლებას ნებისმიერ იმ ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებით, რომელიც მან დამოუკიდებლად შექმნა ერთობლივი საქმიანობის დაწყებამდე, ან ამ შეთანხმებისგან დამოუკიდებლად.

     

    მუხლი 5

    კონფიდენციალურობა

    თავიანთი შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის ერთობლივი საქმიანობის პერიოდში მიწოდებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და არ გაუმჟღავნონ ასეთი ინფორმაცია მესამე მხარეს ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ამ მუხლის დებულებები ძალაში რჩება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.

    მუხლი 6

    დავების მოგვარება

    მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასა და/ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და/ან კონსულტაციების გზით.

     

    მუხლი 7

    კორესპონდენციის ენა

    მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა კორესპონდენცია უნდა წარიმართოს ინგლისურ ენაზე.

     

    მუხლი 8

    ცვლილებები და დამატებები

    მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და უნდა გაფორმდეს ცალკე დოკუმენტების სახით.

     

    მუხლი 9

    სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართება

    წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ ახდენს მხარეთა იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მხარეებიც ისინი არიან.

     

    მუხლი 10

    დასკვნითი დებულებები

    წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ერთი მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მიიღებს მეორე მხარის შეტყობინებას შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

    შეთანხმება ფორმდება ოთხი (4) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ოთხ (4) წლიანი პერიოდებით.

    თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს მისი მოქმედების პერიოდში ინიცირებული და შეწყვეტის თარიღისთვის დაუსრულებელი ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე.

    წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, მოქმედებას წყვეტს 1995 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის დარგში თანამშრომლობის შესახებ“.

    მხარეთა სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

    შესრულებულია ქ. თბილისში, 2026 წლის 3 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებისას შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

     

    საქართველოს მთავრობის

    სახელით

    (ხელმოწერილია)

    უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის

    სახელით

    ​(ხელმოწერილია)

     


     

     

    📎 დანართები (1)
    ნორმატიული-აქტი-2 PDF

    PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗