საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.10.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტი
ნომერი
#2-13551/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

წერილი
2-13551/26 09-10-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დასამტკიცებლად გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის დებულების პროექტს. დანართი: 14 (თოთხმეტი) ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დებულება
პროექტი დიასპორის კომიტეტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1 ამ დებულებით განისაზღვრება დიასპორის კომიტეტის (შემდგომ - კომიტეტი) საქმიანობის მიმართულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. მუხლი 2 საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს პარლამენტი უზრუნველყოფს კომიტეტების, მათ შორის დიასპორის კომიტეტის მეშვეობით. მუხლი 3 საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 4 კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. თავი II. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მუხლი 5 კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში: ა) კოორდინაციას უწევს ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრას; ბ) ამზადებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობებისა და მჭიდრო კავშირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს; გ) ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტში შემოსული წინადადებების დამუშავებაგანხორციელებას ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით; დ) უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ფართო სპექტრის კავშირების დამყარებას; ე) მუშაობს ქართულ დიასპორასთან საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე; 1 ვ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას და მათ ინტეგრაციას ერთიან ეროვნულ სივრცეში; ზ) დიასპორის აქტიური ჩართულობით, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს, საზღვარგარეთ საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას, თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესებში დიასპორელთა ჩართვას; თ) ქართული დიასპორის ჩართულობით, თანამშრომლობს უცხოეთში არსებულ კავკასიის ხალხების დიასპორებთან, მათ დიასპორულ და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან; ი) სწავლობს მიგრაციული პროცესების ტენდენციებს, რეგულირებისა და მართვის შესაძლებლობებს; კ) ხელს უწყობს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას; ლ) ხელს უწყობს მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დახვეწას; მ) ახორციელებს დიასპორასთან ურთიერთობისა და დიასპორის/მიგრაციის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლს; ნ) მხარს უჭერს ქართული დიასპორის წარმომადგენლების ღვაწლის აღიარებასა და დიასპორული კაპიტალის მოზიდვას; ო) ხელს უწყობს ახალგაზრდა დიასპორელების ჩართულობას საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში; პ) თანამშრომლობს მიგრაციის და დიასპორის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და დარგის ექსპერტებთან; ჟ) მუშაობს ქართული ისტორიული დიასპორის საკითხებზე, ახდენს ამ კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს მათი გადაჭრის გზებს; რ) ქართული ისტორიული დიასპორის ჩართულობით, თანამშრომლობს რეგიონის ხალხებთან და სახელმწიფოებთან, მეგობრული სამეზობლო პოლიტიკის შემუშავებისა და უცხოეთში ქართული ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებზე. თავი III. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია მუხლი 6 1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და ამტკიცებს პარლამენტი დადგენილებით. 2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 9 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. მუხლი 7 1. კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი. 2 2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის დანიშვნიდან, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომენტიდან 7 დღის ვადაში. 3. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება სახელობითი ბიულეტენებით. 5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. 6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე. 7. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 8. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 9. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 10. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა. მუხლი 8 1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. 2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის რამდენიმე კანდიდატურის ერთდროულად წარდგენა დაუშვებელია. კომიტეტის თავმჯდომარის 1 მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო 1 მოადგილის კანდიდატურისა – საპარლამენტო 3 ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. 3. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. 4. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 5. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. 6. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. 7. თუ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ითვლება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ ამ წესით არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 8. არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყების შემთხვევაში შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს, თუ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ვერ აირჩა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლე უნდა აირჩეს. 10. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხი აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილებას იძენს კომიტეტის მიერ მისი არჩევისთანავე. თავი IV. კომიტეტის თავმჯდომარე და მოადგილეები მუხლი 9 1. კომიტეტის თავმჯდომარე თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. 2. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ე) ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წინა წლის შედეგების მიხედვით; ვ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; 4 ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 5. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის ერთ-ერთ წევრს ავალებს. 7. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. 8. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 9. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის წერილობითი განცხადების პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან ამ კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება. 10. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება. 11. ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის 5 შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება. 12. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც. თავი V. კომიტეტის უფლებამოსილებები მუხლი 10 1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; გ) განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; დ) პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს; ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ზ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; ი) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი. გამონაკლისია პარლამენტის შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნის, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს პრეზიდენტის არჩევისა და თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხები, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისები. 3. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. 4. კომიტეტის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით. 6 მუხლი 11 1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება. 2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ან დანიშნულებისამებრ იგზავნება. 3. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შეიძლება პარლამენტს წარედგინოს ან რეაგირებისთვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს. 4. კომიტეტი იმ საკითხზე, რომელზეც იგი დასკვნას ან რეკომენდაციას არ შეიმუშავებს, იღებს გადაწყვეტილებას. 5. კომიტეტის მიერ მიღებული აქტი, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხის მოკლე აღწერილობას, კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. მუხლი 12 საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. კომიტეტის თავმჯდომარე ამ მუხლით გათვალისწინებულ კომიტეტის გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს. მუხლი 13 1. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. 2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შესაბამისი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგში შეიტანოს ნორმატიული აქტის აღსრულების საკითხი. ეს საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ მოსმენის გამართვის შემდეგ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს: ა) პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით; ბ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის მიზნით სათანადო ცვლილების მომზადების შესაბამისი კომიტეტისთვის დავალება. მუხლი 14 1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შეამოწმოს საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო 7 უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა. იგი შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას. 2. კომიტეტი ამოწმებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას. თუ აღნიშნული დავალებების შესასრულებლად ვადა არ არის დადგენილი, ვადას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას კომიტეტი უდგენს. კომიტეტი ამ პუნქტით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად აწვდის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას შეისწავლის და 3 თვეში ერთხელ წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დავალების ან რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომიტეტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მუხლი 15 1. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მისი მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა. 2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში გენერალური აუდიტორი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე: ა) ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ბ) მოსაზრებებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, ფრაქციას აღნიშნული პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში წევრი. 8 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ფრაქციის მიმართვიდან ან კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლის შემდეგ გამართულ პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. 7. კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო პარლამენტის წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით დასწრებიდან 2 თვის ვადაში დაესწროს კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით. 10. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ პუნქტით კომიტეტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. 11. ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვა კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე 9 თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები, აგრეთვე მოწვეული პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. მუხლი 16 1. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 1 სხდომისა (პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. 2. კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის ან პარლამენტის ბიუროს დავალების შემთხვევაში არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის სხდომის მოწვევის ინიციატორის მიერ განსაზღვრული კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში 1 სესიის განმავლობაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაუმეტეს ხუთჯერ. ამასთანავე, აღნიშნულ რაოდენობაში არ ჩაითვლება, თუ ფრაქციის წევრს კომიტეტის სხდომაზე დასწრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება. 5. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და იმავე პუნქტის მოთხოვნების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ყოველი სესიის ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების საკითხს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე წერილობით მიეწოდება კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით). ამ პუნქტის მიზნებისთვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 7. თითოეული კომიტეტი ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნის კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის მიზეზებთან დაკავშირებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით მიმართვებს. 10 8. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან ერთად ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. კომიტეტის სხდომა შეიძლება გაიმართოს კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მე-2 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შემთხვევაზე, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემთხვევაზე, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვაზე, ფრაქციის რეგისტრაციის საკითხის განხილვაზე, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრაზე, აგრეთვე კომიტეტის სხდომის იმავე დღისთვის გადადების შემთხვევაზე. 9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრისას კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. 10. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განხილვა სხდომის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე შესაძლებელია წარიმართოს გამომსვლელთა (გარდა მომხსენებლისა) რიგითობისა და განსაზღვრული დროის შესაბამისად. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. 11. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისთვის (უფლებამოსილების დადგენისთვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 12. კომიტეტის სხდომა საჯაროა. კომიტეტის საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დაიხუროს. კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომის კანონპროექტის განხილვის დროს დახურვა დაუშვებელია. 13. კომიტეტის სხდომაზე დგება კომიტეტის სხდომის ოქმი. კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი აღნიშნული სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევისა, როდესაც კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი ან მათი შესაბამისი ნაწილები არ ქვეყნდება. 14. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები. 15. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები. მათ სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. 11 16. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. 17. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში გამართვა დაუშვებელია. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა არ იმართება, მიღებულია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება ან კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტისა და საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემთხვევები. 18. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 2 კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა ერთ დღეს იმართება და ერთ-ერთი მათგანი მაინც გასვლითია. მუხლი 17 პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ. მუხლი 18 კომიტეტის თავმჯდომარე ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წინა წლის შედეგების მიხედვით. მუხლი 19 1. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით, აგრეთვე სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი თავისი გადაწყვეტილებით ქმნის სამუშაო ჯგუფს. 2. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, კომიტეტის შეხედულებისამებრ, შეიძლება შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. 3. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადას ადგენს კომიტეტი. აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. 4. ორმა ან ორზე მეტმა კომიტეტმა ამ მუხლის შესაბამისად შეიძლება შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. ამ შემთხვევაში აღნიშნული კომიტეტები ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტენ ცალ-ცალკე. თითოეული ასეთი საკითხი გადაწყვეტილად მიიჩნევა, თუ მას ყველა ეს კომიტეტი ერთგვაროვნად გადაწყვეტს. მუხლი 20 1. პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობების უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის 12 ცალკეული წევრი/წევრები შეიძლება განისაზღვროს/განისაზღვრონ კომიტეტის თემატურ მომხსენებლად/მომხსენებლებად. 2. კომიტეტი განსაზღვრავს აგრეთვე კომიტეტის თემატური მომხსენებლის სამუშაო სფეროს/სფეროებს ან მიმართულებას/მიმართულებებს. მუხლი 21 1. კომიტეტთან, მისი დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადისა შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა, აგრეთვე მისი საქმიანობის ვადა და წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს მხოლოდ კომიტეტის წევრი. 2. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე. თავი VI. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა მუხლი 22 1. კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად. 2. კომიტეტის კომპეტენციისა და საქმიანობის ფარგლებში კომიტეტის აპარატი უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა აქტების პროექტების მომზადება; ბ) უზრუნველყოს კომიტეტის აქტების პროექტებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; გ) უზრუნველყოს საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება; დ) უზრუნველყოს კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესწავლა და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ე) უზრუნველყოს განცხადებების, მიმართვების, წერილებისა და პეტიციების შესწავლა, ანალიზი და კომიტეტის მიერ სათანადო რეაგირებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება; ვ) უზრუნველყოს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების პროექტების მომზადება; ზ) უზრუნველყოს კომიტეტის სამუშაო ჯგუფების მუშაობის ორგანიზება; თ) უზრუნველყოს კომიტეტის მიერ განსახილველი/განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული ან წარდგენილი შენიშვნების დამუშავება და დადგენილი წესით ასახვა; ი) უზრუნველყოს კომიტეტის სხდომების გამართვა; კ) უზრუნველყოს კორესპონდენციის დამუშავება, გაგზავნა და სხვა საჭირო კომუნიკაციის განხორციელება; ლ) კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საზოგადოებისა და ცალკეული დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა; 13 მ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები კომიტეტის საქმიანობის სამართლებრივი, ანალიტიკური, დოკუმენტური, საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 23 1. კომიტეტის აპარატს ჰყავს კომიტეტის აპარატის უფროსი. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 2. კომიტეტის აპარატის უფროსი ხელმძღვანელობს კომიტეტის აპარატს. იგი გეგმავს, ორგანიზებას უწევს და წარმართავს კომიტეტის აპარატის საქმიანობას. 3. კომიტეტის აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანების საფუძველზე კომიტეტის აპარატის უფროსის უფლებამოსილების განხორციელება დროებით შეიძლება დაეკისროს კომიტეტის აპარატის მთავარ სპეციალისტს. 4. კომიტეტის აპარატის უფროსი პასუხისმგებელია კომიტეტის თავმჯდომარის წინაშე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე. კომიტეტის აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეები პასუხისმგებელნი არიან კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის აპარატის უფროსის წინაშე. 5. კომიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კომიტეტის თავმჯდომარის ან კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებით და მასთან/მათთან შეთანხმებით. 6. კომიტეტის აპარატის საჯარო მოხელის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოს აღწერილობით, ხოლო კომიტეტის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოსილებები − სათანადო ხელშეკრულებით. 7. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 8. კომიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი. 14