„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.10.2026
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#374/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გავიდეს მხოლოდ ორჯერ. ამასთან, გამოცდებს შორის სავალდებულოა 6-თვიანი ინტერვალის დაცვა. აღნიშნული რეგულაცია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით დაშვებას უკავშირებს კუმულატიურად მოქმედ შეზღუდვებს - განმეორებითი მცდელობების რაოდენობას, მათი განხორციელების პერიოდსა და გამოცდებს შორის სავალდებულო 6-თვიან ინტერვალს. შედეგად, პირს, რომელიც სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე მიიღებს უარყოფით შეფასებას, გამოცდაზე ხელახლა გასასვლელად უწევს კანონით განსაზღვრული ხანგრძლივი პერიოდის დაცვა, მიუხედავად იმისა, თუ რა ვადაში შეძლებს იგი ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებას და განმეორებითი გამოცდისთვის სათანადოდ მომზადებას. ამდენად, მოქმედი რეგულაცია არ ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ გარემოებებს - მის მიერ გამოვლენილი ცოდნის ნაკლოვანების ხასიათს და განმეორებითი გამოცდისათვის მომზადების ფაქტობრივ შესაძლებლობას. ამასთან, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის კანონით დადგენილი 6-თვიანი ინტერვალი აფერხებს სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვებას და პირის მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დაწყებას. შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვა უშუალო გავლენას ახდენს პირის პროფესიაში შესვლის ვადაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღება ადასტურებს კონკრეტულ დროს გამოცდის წარმატებით ჩაუბარებლობას, თუმცა, თავის მხრივ, არ წარმოადგენს პირის მიერ განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლების ხანგრძლივი პერიოდით შეზღუდვის აუცილებელ და საკმარის საფუძველს. საექიმო საქმიანობის სათანადო ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზანი უზრუნველყოფილია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების სავალდებულო მოთხოვნით. პირი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას ვერ მოიპოვებს, ვიდრე იგი გამოცდით არ დაადასტურებს შესაბამის ცოდნასა და პროფესიულ კომპეტენციას. შესაბამისად, გამოცდაზე განმეორებით გასვლის პერიოდულობის შეზღუდვის გაუქმება არ ამცირებს პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების სტანდარტს და არ წარმოშობს არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაზე დაშვების რისკს. უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდებს შორის დადგენილი სავალდებულო 6-თვიანი ინტერვალი უშუალოდ არ უკავშირდება პირის ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციის შეფასებას. კანონით არ არის განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც ყველა შემთხვევაში ამ კონკრეტული ხანგრძლივობის ინტერვალის დაცვის აუცილებლობას დაასაბუთებდა. შესაბამისად, არსებული შეზღუდვა სცდება იმ ფარგლებს, რაც აუცილებელია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მიზნის მისაღწევად, მაშინ, როდესაც პირის პროფესიული მზაობის შემოწმება შესაძლებელია მის მიერ შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის თავდაპირველ, 2001 წლის რედაქციაში განსახილველი შეზღუდვის დაწესებას, დიდი ალბათობით, ჰქონდა შესაბამისი დასაბუთებაც, რომელიც 25წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ არის რელევანტური და არ გააჩნია რაიმე სახის ლოგიკური ახსნა, ვინაიდან არ არსებობს მნიშვნელოვანი სიკეთე, რომლის მისაღწევადაც შეიძლება გამართლებული იყოს ასეთი შეზღუდვის შენარჩუნება. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ ტარდება და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს, საგამოცდო სესიებს შორის შუალედი კი ხშირად ექვს თვეზე ნაკლებია. ის გარემოება, პირს წელიწადში ერთხელ მიეცემა გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა თუ ორჯერ, არსებული რეგულირების პირობებში, დამოკიდებულია იმაზე, გამოცდების დაგეგმვისას რეალურად დაცულია თუ არა 6-თვიანი დროის შუალედი. შესაბამისად, პრაქტიკაში წარმოიქმნა შემთხვევები, როდესაც, რამდენიმედღიანი ცდომილებიდან გამომდინარე 6-თვიანი ვადის დაცვის ფაქტობრივად შეუძლებლობის გამო დაინტერესებულმა პირებმა, პრაქტიკულად, მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაკარგეს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, რასაც ფორმალურის გარდა, სხვა რაიმე მიზეზი არ გააჩნდა. წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების გაუქმებას და სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების პროცესში არსებული არათანაზომიერი დროითი ბარიერის აღმოფხვრას. ცვლილების შედეგად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლა განხორციელდება გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების აუცილებელ წინაპირობად კვლავაც დარჩება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ამასთან, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება არ გულისხმობს სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დადგენილი პროფესიული მოთხოვნების ან გამოცდის ჩაბარებისთვის დადგენილი სტანდარტის შემცირებას. ამდენად, ცვლილება შეეხება მხოლოდ გამოცდაზე განმეორებით დაშვების პერიოდულობას და არა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად დადგენილ საკვალიფიკაციო წინაპირობებს, გამოცდის ჩატარების წესს ან შეფასების კრიტერიუმებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის შეზღუდვის გაუქმება გავლენას არ მოახდენს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილ პროფესიულ სტანდარტზე და თავისთავად არ გამოიწვევს პაციენტის უსაფრთხოების დაცვის ხარისხის შემცირებას. აღნიშნული ცვლილება აღმოფხვრის პროფესიულ საქმიანობაზე დაშვების არათანაზომიერ დროით ბარიერს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვის გარანტიად კვლავ დარჩება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის დადგენილი სტანდარტით წარმატებით ჩაბარების ვალდებულება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის შესაძლებლობათა რაოდენობა და გამოცდებს შორის სავალდებულო 6-თვიანი ინტერვალი განსაზღვრულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით. შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვების გაუქმებისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გაუქმდება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის რაოდენობასა და გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალის დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვა და დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ, გამოცდის ჩატარების დადგენილი წესისა და განრიგის შესაბამისად, განმეორებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას, რომლითაც დადგენილია, რომ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით გავიდეს გამოცდაზე მხოლოდ ორჯერ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალის დაცვით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, ვინაიდან ცვლილება აუქმებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებულ შემზღუდველ საკანონმდებლო რეგულაციას და მისი ამოქმედებისთვის დამატებითი მოსამზადებელი ან გარდამავალი პერიოდი საჭირო არ არის. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის პერიოდულობასთან დაკავშირებული შეზღუდვის გაუქმების შედეგად მოსალოდნელია გამოცდაზე გასვლის მსურველთა მიმართვიანობისა და, შესაბამისად, სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების საფასურის სახით მისაღები შემოსავლის ზრდა, რაც პროპორციულად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც, საბიუჯეტო კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო საკუთარი შემოსავლების არანაკლებ 10%-ს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს. აღნიშნული გავლენის ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის მსურველ პირთა ფაქტობრივ რაოდენობასა და, შესაბამისად, მათ მიერ გადახდილი საფასურის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრირება სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განხორციელდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის“ შესაბამისად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური შეადგენს 120 ლარს. კანონპროექტით არ იცვლება აღნიშნული საფასური ოდენობა და პირს არ ეკისრება ახალი ფინანსური ხარჯები. ამასთან, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმების შედეგად პირს მიეცემა გამოცდაზე დამატებით გასვლის შესაძლებლობა, თითოეულ ასეთ შემთხვევაში კი მოუწევს კანონმდებლობით განსაზღვრული 120 ლარის გადახდა. შესაბამისად, დაინტერესებული პირის ფინანსური ხარჯი გაიზრდება მხოლოდ მის მიერ გამოცდაზე განმეორებით გასვლის შესაძლებლობის ნებაყოფლობით გამოყენების შემთხვევაში და განისაზღვრება გამოცდის ჩაბარების მცდელობათა რაოდენობის შესაბამისად. მოქმედი შეზღუდვების გაუქმების შედეგად მოსალოდნელია გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობის ზრდა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, გაზარდოს სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული გავლენის ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის მსურველ პირთა ფაქტობრივ რაოდენობაზე. ამასთან, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის კანონით დადგენილ 6-თვიან ინტერვალთან დაკავშირებული შეზღუდვის გაუქმება ფინანსური თვალსაზრისით დადებით გავლენას მოახდენს დაინტერესებულ პირებზე, რამდენადაც მათ შესაძლოა, შედარებით ადრე მოიპოვონ პროფესიაში შესვლის უფლება, რაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ამ საქმიანობის განხორციელებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას უკავშირდება. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი გადასახადის, შენატანის) ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ან ბიუჯეტში სხვა და სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ირ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხი განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის №29 სხდომაზე. საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს წარდგენილი ინიციატივა და ერთხმად დაუჭირეს მხარი წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.