გადაწყვეტილება №21212/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21212/2/2023
17 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (21212/2/2023).
დავის საგანი:
1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №001-183 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23346 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 55 797,46 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 33 863
ჯარიმა - 16 932
საურავი - 5 002,46
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, ივნისის და 2023 წლის მარტის საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციაში ანგარიშ-ფაქტურების ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის, 9.08.2023 წლის №001-183 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იყო დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები. გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტების (ელ საგადასახადო ა/ფაქტურების) მიხედვით, საზოგადოება ელ. ტენდერების საშუალებით მომსახურებას უწევდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, რომელიც არ იყო ასახული დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებში, გამოვლენილი სხვაობების მიხედვით გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება დამატებული ღირებულების გადასახადში. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში (2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, ივნისისა და 2023 წლის მარტის საანგარიშო პერიოდები) გადამხდელის მიერ საქონელი და/ან მომსახურება შეძენილი არ არის. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილია გადამხდელის მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვით, არცერთ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელების პერიოდი არ ემთხვევა შესამოწმებელ პერიოდს. ამასთან, აღნიშნული ანგარიშფაქტურები მიბმულია სხვა პერიოდების (2022 წლის დეკემბრის) დღგ-ის დეკლარაციაზე და განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, საჩივარში დაფიქსირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა-------) თანახმად ოპერაციის განხორციელების პერიოდია 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდი, რაც შემოწმების ბრძანებით არ წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის დეკემბრის თვეში 2022 წელს შესყიდულ საქონელსა და მომსახურებაზე 5835,50 ლარის დღგ-ის ჩათვლა არ იქნა აქტში გათვალისწინებული ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და დღგ-ის თანხის შემცირებას 5835,50 ლარით, მომჩივანი აგრეთვე განმარტავს, რომ 2023 წლის აპრილის თვეში ეა------- ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით უნდა მიეღოთ ჩათვლა 162,46 ლარის ოდენობით, სულ შესამოწმებელ პერიოდზე ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში უნდა შემცირდეს 5997,96 ლარით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანი აღნიშნავს რომ შემოწმდა 2021 წლის დეკემბრის 2022 წლის იანვრის, ივნისის და 2023 წლის მარტის საანგარიშო პერიოდები და დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა შემმოწმებელთა მხრიდან არ მომხდარა 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე. აგრეთვე არ მომხდარა 2023 წლის აპრილის თვეში ეა------- ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინება.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის აქტის საფუძველზე 9.08.2023 წელს გამოიცა ამავე დეპარტამენტის №19619 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 9.08.2023 წლის №001- 183 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც პირისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა შეადგენს 16 932 ლარს, ხოლო საურავი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის დროისთვის 5 002,46 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აგრეთვე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას და ძირითადი თანხის გადახდევინების გადანაწილებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელს აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, დღგ-ის დეკლარაციაში ანგარიშ-ფაქტურების ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 269(7)