ბრძანება N 1102-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1102
29/01/2021
შპს -----
(მის.: ქ. ------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 09 სექტემბერს და 21 დეკემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №65, №100) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 29 იანვრის №18658/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 31 დეკემბრის №002-548 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას მოგების გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში. კერძოდ, არ ეთანხმება კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირი შპს ----- სთვის გაწეული მომსახურებების ფასის კორექტირებას (გაზრდას) და საბაზრო ფასის დადგენის პრინციპს, გამოუქვითავი ხარჯების ოდენობით კომპანიის მიერ შპს ----- სთვის გაწეული მომსახურებების ფასის კორექტირებას ე.წ. „გაუმიჯნავი ხარჯის“ პროპორციის პრინციპით. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაშიც გაუმიჯნავ ხარჯებზე კომპანიის ცალკეული ხარჯების მიკუთვნება არასწორია, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში არასწორად არის გაანგარიშებაში შეტანილი ცალკეული ხარჯები. კერძოდ: ხელფასის ხარჯი, ცალკეული სახის ხარჯები, თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის/მომსახურების ხარჯი, 2016 წლის პროგრამის გატესტვის ხარჯი, შპს ----- ს მიერ გაწეული მომსახურება. ამასთან, შემოწმებით საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა ორი სხვადასხვა იურიდიული პირის მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემების გამოყენება, რაც ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული მოგების გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის კორექტირებას (შემცირებას).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის №8603 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 31 დეკემბრის №47618 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №002-548 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 2 137 533 ლარით, მათ შორის: გადასახადი 1 304 163 ლარი, ჯარიმა 275 253 ლარი, საურავი 558 117 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 24 დეკემბერს და ამავე პერიოდიდან მისი ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სისტემურ-ელექტრონული აზარტული თამაშობების მოწყობა, კერძოდ: კაზინო, სლოტი, პოკერი, P2P თამაშები (ნარდი, დომინო და სხვა) და ტოტალიზატორი. კომპანია საქმიანობას ეწევა ვებ გვერდ ------ის საიტიდან. კომპანიის საქმიანობის საგანს ასევე, წარმოადგენს ე.წ. მიწის კაზინოს, სლოტის და ტოტალიზატორის მოწყობა, რომელიც განთავსებულია -----ში სასტუმრო -----ის ტერიტორიაზე იჯარით აღებულ ფართში, თუმცა აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი კომპანიის ძირითადი საქმიანობით მიღბულ შემოსავალთან შედარებით შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოდ.
კომპანიას საიტზე განთავსებული აქვს რეზიდენტი და ძირითად შემთხვევაში არარეზიდენტი პირების საკუთრებაში არსებული ელექტრონული აზარტული თამაშები, რომლის სარგებლობისთვისაც განსაზღვრულია ყოველთვიური საკომპენსაციო თანხა. სისტემურ-ელექტრონული აზარტული თამაშის მსურველი შედის ვებსაიტზე ------- და რეგისტრირდება მომხმარებლად, შემდგომ კომპანიის კომერციული ბანკის ანგარიშზე ათავსებს ან კომპანიის სალაროში შეაქვს გარკვეული თანხა. შეტანილი თანხა მომენტალურად იმავე ოდენობით აისახება მომხმარებლის ბალანსზე (ე.წ. საერთო ბალანსზე), რომლის გამოყენებაც მას შეუძლია ნებისმიერი თამაშისთვის. კონკრეტული თამაშის დასაწყებად მომხმარებელმა საერთო ბალანსიდან თანხა ვირტუალურად უნდა გადაიტანოს თამაშის სახეობაზე (ტოტალიზატორი, კაზინო ან სხვა დანარჩენი).
სისტემურ-ელექტრონული თამაშებიდან კომპანიის მიერ მოგების მიღება ხდება შემდეგნაირად: ა) კაზინოს და სლოტის კატეგორიას მიკუთნებული თამაშებით მოთამაშე უშუალოდ ეთამაშება კომპანიას. კერძოდ, კონკრეტულ თამაშში ირჩევს გარკვეულ კომბინაციას, რომლის მოსვლის მოლოდინიც აქვს მოთამაშეს და დებს გარკვეულ თანხას (ე.წ. ----ს). აღნიშნული საქმიანობიდან კომპანიის მოგებას წრმოადგენს სხვაობა მოთამაშის მიერ დადებულ ----ებსა და მათ მიერ მოგებულ თანხებს შორის; ბ) პოკერის და P2P კატეგორიას მიკუთნებული თამაშებით მოთამაშეები ეთამაშებიან ერთმანეთს, რა დროსაც კომპანიის მოგება განისაზღვრება ცალკეული თამაშის დროს გათამაშებული თანხის გარკვეული პროცენტულობით; გ) ტოტალიზატორის შემთხვევაში მოთამაშე უშუალოდ ეთამაშება კომპანიას. კერძოდ, მომხმარებელი ირჩევს საიტზე განთავსებული სპორტული თამაშების პროგნოზთან დაკავშირებულ კოეფიციენტს, რომლის მოხდენის მოლოდინიც აქვს მოთამაშეს და დებს თანხას (ე.წ. ფსონს). აღნიშნული საქმიანობიდან კომპანიის მოგებას წარმოადგენს სხვაობა მოთამაშის მიერ დადებულ ფსონებსა და მათ მიერ მოგებულ თანხებს შორის.
საქმიანობის პროცესში კომპანიას გააჩნია იდენტიფიცირებადი ხარჯი (მაგალითად ელექტრონული თამაშებით სარგებლობის ხარჯი, იმ თანამშრომელთა სახელფასო ხარჯი რომელთა საქმიანობა დამოკიდებულია კონკრეტულ თამაშთან და სხვა), რომელთა მიკუთვნება შესაძლებელია კონკრტული დასაბეგრი ან სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებისთვის, ასევე გააჩნია ისეთი ხარჯი ე.წ. „გაუმიჯნავი ხარჯები“, რომელთა მიკუთვნება კონკრეტულად დასაბეგრი ან სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებისთვის შეუძლებელია (მაგალითად: სარეკლამო მომსახურების ხარჯი, პროვაიდერების და ბანკის საკომისიო ხარჯი, IT მომსახურების ხარჯი, თამაშებზე პლათფორმის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯი, სერვერის ხარჯი, ხელფასის ხარჯი, ოფისის იჯარის ხარჯი და სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, სისტემურ- ელექტრონული აზარტული თამაშობების მოწყობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორისა, ექვემდებარება დაბეგვრას სტანდარტულად (დასაბეგრი მოგების 15%), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (იგულისხმება დადებული ფსონი) იბეგრება მოგების გადასახადის სპეციალური წესით. კერძოდ, მიღებული შემოსავლის (დადებული ფსონის) 5%-ით. 2015 წლის ბოლოდან ------ის საიტიდან სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორით საქმიანობის ოპერირება დაიწყო სხვა კომპანიამ (2016 წელს შპს ----- (ურთიერთდამოკიდებული პირი)). თუმცა, ფაქტობრივად თამაშები ისევ ერთ ბაზაშია მოთავსებული, ერთ საიტზე განთავსებული და ბიზნესის მართვის რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი აქ აქვს. პირველადი დოკუმენტების და ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზის შედეგად სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორის სხვა იურიდიულ პირზე გადატანის მიუხედავად 2016 წლის საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებული „გაუმიჯნავი ხარჯები“ კვლავ რჩება შპს ----- ს სახელზე და სრულად ექვემდებარება გამოქვითვას. ხოლო, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის ნაწილში კომპანიებზე მიკუთვნებულია მხოლოდ ამ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული ხარჯები. ვინაიდან კომპანია ე.წ. „გაუმიჯნავი ხარჯების“ სრულად გამოქვითვას თვითონვე ახდენს, განიხილავს, რომ სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორის მომწყობ კომპანიას ამ ნაწილში უწევს მომსახურებას (ფინანსური, პროგრამული და ვებ-გვერდის მომსახურება), თუმცა მომსახურების განსაზღვრული საკომპენსაციო ფასი გამოქვითულ „გაუმიჯნავ ხარჯთან“ შედარებით უმნიშვნელოა.
საგადასახადო შემოწმებით 2015 წლის საანგარიშო პერიოდზე დაკორექტირდა/შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. კერძოდ, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის ნაწილში დადებული ფსონისა და სისტემურ-ელექტრონული სხვა თამაშობების ნაწილში დადებული ---ის საერთო ოდენობაში ტოტალიზატორის წილმა შეადგინა 16%. გაუმიჯნავმა ხარჯებმა შეადგინა 24 839 654 ლარი. შედეგად, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილმა თამაშობის წილმა ხარჯმა შეადგინა 3 950 048 ლარი, რომლის მიხედვითაც შემცირდა 2015 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ხარჯი.
ამასთან, საგადასახადო შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კომპანიის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე გაიზარდა სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორის წილი გაუმიჯნავი ხარჯის შესაბამისად და შეადგინა 3 665 845 ლარი. შედეგად, 2016 წლის საანგარიშო პერიოდში გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2016 წლის სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორის წილის გაუმიჯნავი ხარჯის შესაბამისად, სულ 2 548 668 ლარის ოდენობით. აგრეთვე, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაზრდა (შესაბამისი პროპორციით). კომპანიას დაეკისრა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
2015 წლის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და ექვემდებარება დეკლარირებასა და გადახდას საშემოსავლო/მოგების გადასახადისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი სახის მომსახურების გაწევა ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შპს ----- წარმოადგენს აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს. მოგების გადასახადის მიზნებისთვის, კომპანიას გააჩნია როგორც საერთო წესით დასაბეგრი ოპერაციები, ანუ როდესაც დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს სხვაობა ერთობლივ შემოსავლებსა და საგადასახადო კოდექსით დადგენილ გამოქვითვებს შორის, ასევე სპეციალური წესით - საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი. კომპანიას გააჩნია როგორც იდენტიფიცირებადი ხარჯები, რომელთა მიკუთვნება შესაძლებელია კონკრეტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლისათვის, ასევე გააჩნია ისეთი ხარჯები, რომელთა გამიჯვნა შეუძლებელია. მაგალითად, ასეთია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯი, სარეკლამო მომსახურების ხარჯი, გადახდილი მოსაკრებლები, პროვაიდერების საკომისიო, IT-ის მომსახურებები, თამაშებზე პლატფორმის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯი, სერვერის ხარჯი და სხვა.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილიდან გამომდინარე, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირისათვის, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის დადგენილია სპეციალური წესი. კერძოდ, მოგების გადასახადის დეკლარირება ხორციელდება მოგების გადასახადისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, ხოლო დაბეგვრის ობიექტად, ნაცვლად ზოგადი წესისა, რომლის შესაბამისადაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის, მიჩნეულია ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივ შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, საქმიანობის ამ ნაწილში გაწეული ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.
აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მიკუთვნება ხორციელდება მოგების გადასახადის საერთო წესით და მოგების გადასახადის სპეციალური წესით (ტოტალიზატორი სისტემურ-ელექტრონული ფორმით) დაბეგვრას დაქვემდებარებულ ოპერაციებზე, გარდა ისეთი სახის ხარჯებისა, რომელთა გამიჯვნა საქმიანობის სახეების მიხედვით შეუძლებელია. ამრიგად, შპს ----- ს გააჩნია ხარჯები, რომელთა მიკუთვნება კონკრეტული საქმიანობით მიღებულ შემოსავალზე და, შესაბამისად, კონკრეტული საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალთან დაკავშირება შეუძლებელია.
ასევე, დადგენილი გარემოების მიხედვით, 2016 წლის საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2016 წლის სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორის წილის გაუმიჯნავი ხარჯის შესაბამისად, სულ 2 548 668 ლარის ოდენობით. აგრეთვე, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაზრდა (შესაბამისი პროპორციით).
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული დარიცხვის საფუძვლები განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით სრულყოფილ შესწავლას/გამოკვლევას. შესაბამისად, 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული (გამიჯნული) ხარჯისა და 2016 წლის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხის იდენტიფიცირების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ასევე, 2016 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი და სპეციალური წესით დასაბეგრ შემოსავალთან დაკავშირებული გაუმიჯნავი ხარჯების შესაბამისად, შპს ----- სთვის გაწეული მომსახურებების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ საექსპერტო პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე (ექსპერტიზაზე დასასმელი შეკითხვების შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება 2016 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი და სპეციალური წესით დასაბეგრ შემოსავალთან დაკავშირებული გაუმიჯნავი რეკლამის ხარჯების მიხედვით, შპს ----- სთვის გაწეულ რეკლამის მომსახურებაზე. შესაბამისად, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ნაწილში, რეკლამის მომსახურების მიწოდების საფუძვლით მოგების გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილებში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული (გამიჯნული) ხარჯისა და 2016 წლის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხის იდენტიფიცირების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი და სპეციალური წესით დასაბეგრ შემოსავალთან დაკავშირებული გაუმიჯნავი ხარჯების შესაბამისად, შპს ----- სთვის გაწეული მომსახურებების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ საექსპერტო პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე (ექსპერტიზაზე დასასმელი შეკითხვების შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილება არ ვრცელდება 2016 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი და სპეციალური წესით დასაბეგრ შემოსავალთან დაკავშირებული გაუმიჯნავი რეკლამის ხარჯების მიხედვით, შპს ----- სთვის გაწეულ რეკლამის მომსახურებაზე. შესაბამისად, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ნაწილში, რეკლამის მომსახურების მიწოდების საფუძვლით მოგების გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილებში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.