ბრძანება N 27434
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27434
26 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----------ის (ს/ნ --------------)
(მის.: ქ. ---------------------------)
2024 წლის 5 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) 2024 წლის 5 დეკემბრის №93190/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის №079-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს პურის ნაწარმის შოთის, ბატონის, ბაგეტის და სერი პურის გამოცხობა, საგადასახადო შემოწმებით 580 გრამიან გამომცხვარ შოთის პურზე ჩამოწერილია 312 გრ. ფქვილი, რეალურად კი საჭიროა 453 გრ. ფქვილი, 550 გრამიან ბატონის და 550 გრამიან ბაგეტის პურზე საგადასახადო შემოწმებით ჩამოწერილია 350 გრ. და 350 გრ. ფქვილი, რეალურად კი საჭიროა თითეულისთვის ცალ-ცალკე 430 გრ. ფქვილი, 380 გრამ სერ პურზე ჩამოწერილია 200 გრ. ფქვილი, რეალურად კი საჭიროა 297 გრ. ფქვილი. ამასთან, 1 კგ. ფქვილიდან მიიღება ცომის სახით 1,6 კგ. ცომის მასა, რომელიც ცხობის პროცესში განიცდის დანაკარგს 15%-20%-ს, რაც ყველაზე დიდი დანაკარგია პურის წარმოებაში. ასევე აღნიშნავს, რომ 50 კილოგრამიანი ფქვილის წარმოებაში ჩაშვების დროს საშუალოდ 1,5-2კგ. ფქვილი გამოიყენება სამუშაო სივრცეში მოსაყრელად, რომელსაც სარეალიზაციო ღირებულება არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აცხადებს, ვინაიდან წარმოების პროცესში ერთ ცალ პურზე ჩამოწერილია იმაზე ნაკლები ოდენობის ფქვილი, ვიდრე რეალურად სჭირდება წარმოების პროცესში, საგადასახადო ორგანომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პროპორციის დაცვით გაანგარიშება, რაც გამოიწვევს დარიცხული თანხის შემცირებას. ითხოვს მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მარტის №6762 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 8 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 14 ნოემბრის №24153 ბრძანება და ამავე თარიღის №079-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 157 942 ლარი, მათ შორის, გადასახადი 88 489 ლარი, ჯარიმა 40 200 ლარი და საურავი 29 253 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პურისა და სხვადასხვა ფუნთუშეულის წარმოება ქ. ----- და ------ში. აღნიშნულ საქმიანობაზე მეწარმეს 2016 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გარდა ამისა, აქვს თონე და 2016 წლიდან სარგებლობს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად, შემოწმების პროცესში ვერ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოებასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 164 723 ლარს. მის მიერ ბიუჯეტში გადახდილია 2 255 ლარი. ამასთან, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების (ფქვილი) ღირებულება შეადგენს 434 251 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი ფქვილი გაიმიჯნა თონესთვის და პურის საცხობისთვის სასაქონლო ზედნადების შესაბამისად (მითითებული აქვს ,,თონე“), ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით განისაზღვრა წარმოებული პურის (თეთრი/რუხი) რაოდენობა (გაანგარიშებაში გათვალისწინებულია ფქვილის დანაკარგი 1.66%-ის ოდენობით და ნაშთი ინვენტარიზაციისას). გადამხდელის განმარტებით, 2024 წლამდე მხოლოდ პური იწარმოებოდა საცხობში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოებული პურის რაოდენობაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასები, რაც თეთრი პურის შემთხვევაში შეადგენს 1 (ერთ) ლარს, ხოლო რუხი პურის შემთხვევაში - 0.6 ლარს. აღნიშნულის შედეგად, გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 11 აგვისტოს. აღნიშნული თარიღიდან გაანგარიშდა წარმოებული თონის პურის რაოდენობა (განმარტების საფუძველზე, 50კგ. ფქვილიდან იწარმოება 160 ცალი თონის პური), რაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე საცხობის შემოსავალთან ერთად დაიბეგრა დღგ-ით შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შემოწმების მიერ ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ (სულ 47 503 ლარი). ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემდეგ მეწარმეს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, თონედან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საერთო წესით დაბეგვრას. შემოწმებით განისაზღვრა 2021 და 2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. გამოქვითვებში არ იქნა გათვალისწინებული გაუმიჯნავი ხარჯები. მეწარმის დასაბეგრ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულია ასევე იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავალი. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სტატუსის გაუქმების შემდგომ პერიოდზე შემცირდა ბარათზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 955 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.
3. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების პირობის დადგომის დღიდან.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:
1. საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის განსაზღვრის შემდეგ აღნიშნული საქმიანობ(ებ)ის განმახორცილებელ პირებზე არ გაიცემა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი.
2. თუ ფიზიკური პირი, დამატებით ახორციელებს სხვა საქმიანობას და აკმაყოფილებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმთან ერთად დამატებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილში ისარგებლოს სპეციალური დაბეგვრის სხვა რეჟიმით (მიკრო ან მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებით).
ამავე ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის 71 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი შემოწმებით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმებით ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების (ფქვილი) ღირებულება შეადგენს 434 251 ლარს. შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა შემდეგნაირად, შეძენილი ფქვილი გაიმიჯნა თონესთვის და პურის საცხობისთვის სასაქონლო ზედნადების შესაბამისად (მითითებული აქვს ,,თონე“), ხოლო გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციების მიხედვით განისაზღვრა წარმოებული პურის (თეთრი/რუხი) რაოდენობა (გაანგარიშებაში გათვალისწინებულია ფქვილის დანაკარგი 1.66%-ის ოდენობით და ნაშთი ინვენტარიზაციისას). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოებული პურის რაოდენობაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასები, რაც თეთრი პურის შემთხვევაში შეადგენს 1 (ერთ) ლარს, ხოლო რუხი პურის შემთხვევაში - 0.6 ლარს. აღნიშნულის შედეგად, გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი და გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 11 აგვისტოს. აღნიშნული თარიღიდან გაანგარიშდა წარმოებული თონის პურის რაოდენობა, რაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე საცხობის შემოსავალთან ერთად დაიბეგრა დღგ-ით შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შემოწმების მიერ ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ (სულ 47 503 ლარი). ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემდეგ მეწარმეს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, თონედან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საერთო წესით დაბეგვრას. შემოწმებით განისაზღვრა 2021 და 2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. გამოქვითვებში არ იქნა გათვალისწინებული გაუმიჯნავი ხარჯები. მეწარმის დასაბეგრ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულია ასევე იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავალი. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სტატუსის გაუქმების შემდგომ პერიოდზე შემცირდა ბარათზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6762 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №24153 ბრძანება და №079-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 157 942 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პურისა და სხვადასხვა ფუნთუშეულის წარმოება . აღნიშნულ საქმიანობაზე მეწარმეს 2016 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გარდა ამისა, აქვს თონე და 2016 წლიდან სარგებლობს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად, შემოწმების პროცესში ვერ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოებასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 164 723 ლარს. მის მიერ ბიუჯეტში გადახდილია 2 255 ლარი. ამასთან, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების ღირებულება შეადგენს 434 251 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, აღნიშნულის შედეგად, გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 11 აგვისტოს.
აღნიშნული თარიღიდან გაანგარიშდა წარმოებული თონის პურის რაოდენობა , რაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე საცხობის შემოსავალთან ერთად დაიბეგრა დღგ-ით შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შემოწმების მიერ ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ (სულ 47 503 ლარი). ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემდეგ მეწარმეს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, თონედან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საერთო წესით დაბეგვრას. შემოწმებით განისაზღვრა 2021 და 2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. გამოქვითვებში არ იქნა გათვალისწინებული გაუმიჯნავი ხარჯები. მეწარმის დასაბეგრ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულია ასევე იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავალი. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სტატუსის გაუქმების შემდგომ პერიოდზე შემცირდა ბარათზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 269(7); 275; 282;