გადაწყვეტილება №22747/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22747/2/2024
04 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: კოოპერატივი --------ა (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება კოოპერატივი -------ას 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22747/2/2024).
დავის საგანი:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №071-51 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №071-52 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №071-53 საგადასახადო მოთხოვნა;
4. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნა;
5. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №5723 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 46 964.4 ლარი.
მათ შორის:
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნით - 46 950 ლარი:
მიწის გადასახადი (სასოფლო) – 27 340
ჯარიმა - 13 669
საურავი - 5 941
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №071-51 საგადასახადო მოთხოვნით:
მიწაზე ქონების გადასახადი - 4.80 ლარი
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №071-52 საგადასახადო მოთხოვნით:
მიწაზე ქონების გადასახადი - 4.80 ლარი
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №071-53 საგადასახადო მოთხოვნით:
მიწაზე ქონების გადასახადი - 4.80 ლარი
სადავო საკითხები:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1128 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კოოპერატივის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 12 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა წარდგენილი 2021, 2022 და 2023 წლების მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები. მომჩივანს სახელმწიფოსგან ხელშეკრულებით 25 წლიანი იჯარით -----ის რაიონში, სოფელი ------ის ტერიტორიაზე აღებული ჰქონდა სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (1. მიწის ნაკვეთი (საძოვარი) საკადასტრო კოდით: ------- – 413,91 ჰექტარი; 2. მიწის ნაკვეთი (სათიბი) საკადასტრო კოდით: ------- – 45,87 ჰექტარი; 3. მიწის ნაკვეთი (სათიბი) საკადასტრო კოდით: ------- – 77,74 ჰექტარი). აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდით: ------ – 0,25 ჰექტარი და საკადასტრო კოდით: -------- – 0,08 ჰექტარი). მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №3140 ბრძანება და №071-2 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 46 950 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 4 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 18 მარტის №5723 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობის დროს არაერთხელ შედგა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან, თუმცა არგუმენტაციის შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები მომჩივნის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა. აგრეთვე, არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. 2018 წლის 13 ივნისს მეიჯარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოიჯარე - კოოპერატივ -------ას შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილია და განსაზღვრულია მხარეთა უფლება-მოვალეობები. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების და მისი რეალური შედეგების საფუძვლები ზუსტად ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. აღნიშნულში გულისხმობენ იმ რეალურ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით ფიქტიურად განსაზღვრული უძრავი ქონებები კოოპერატივისთვის იყო და არის მიუწვდომელი, გამოუყენებელი მათი ბუნებრივი განლაგების და გეოგრაფიული არეალის გამო. ანუ უძრავი ქონებები, რომლის გამოყენების შედეგადაც უნდა მომხდარიყო კოოპერატივის ფუნქციონირება, ძირითად და ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენდა ამ საკითხში.
ზემოთხსენებული ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტით განსაზღვრულია, რომ „მეიჯარის“ მიერ უნდა შესრულებულიყო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები. ხსენებული დადგენილებით განსაზღვრულია, რომ - „ამ პროგრამაში ჩართულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათიბებამდე და საძოვრებამდე გზის მიყვანას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო და შესაბამისი მუნიციპალიტეტები“.
კოოპერატივის მიერ არაერთხელ წერილობით მიემართა შესაბამის ორგანოებს იმის თაობაზე, რომ კოოპერატივი ვერ იყენებდა და სარგებლობდა იმ უძრავი ქონებებით, რაც ხელშეკრულებით მათ იჯარის სახით გადაეცათ. ამ დაბრკოლების მიზეზი კი იყო უმნიშვნელოვანესი გარემოება. პირველი ის, რომ ხელშეკრულებაში მოხსენიებული ტერმინი „სათიბი“ რეალურად არ იყო სწორად განსაზღვრული სტატუსი, ვინაიდან ის უძრავი ქონებები, რაც იჯარის ხელშეკრულებით განისაზღვრა, წარმოადგენს ციცაბო მთებს და იქ თივის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მეორე ის, რომ არ არსებობდა უძრავ ქონებებამდე მისასვლელი გზები, რომლის გაყვანის ვალდებულება „მეიჯარის“ ვალდებულებას წარმოადგენდა. ამ რეალური გარემოებების გამო ვერ მოხდა მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება. შესაბამისად, ამ ნაწილში ხელშეკრულება დარჩა ფიქტიური სახის და მისი ფუნქციონირება ვერ შედგა.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილ გარემოებას - პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებას - ადგილი არ ჰქონია. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ეს უძრავი ქონებები კოოპერატივს სარგებლობაში და მფლობელობაში არ მიუღია მათი განთავსების ადგილის, რელიეფის და გეოგრაფიული განლაგების გამო.
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ქონების გადასახადის გადამხდელია პირი იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობს.
მოცემულ შემთხვევაში კოოპერატივ ------ას მფლობელობასა და სარგებლობაში არ მიუღია 2024 წლის 12 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტში ჩამოთვლილ საკადასტრო კოდებზე მდებარე უძრავი ქონებები. ამდენად, ამ ქონებების დაბეგვრა არის უსამართლო და უკანონო ქმედება, ვინაიდან მათზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მფლობელობა და სარგებლობა, რაც დადგენილია საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, კოოპერატივს არ განუხორციელებია. აღნიშნულის დადასტურებაა ასევე ის გარემოებაც, რომ კოოპერატივი დღემდე არ მუშაობს და ის უფუნქციოა.
ასევე, არ ეთანხმება შემოწმების აქტში მითითებულ მეთოდს, რითაც გაანგარიშებულია დასარიცხი თანხები. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენება მიაჩნიათ მნიშვნელოვან დარღვევად, ვინაიდან აღნიშნულის საფუძველი არ არსებობდა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს შეეძლოთ კოოპერატივის დირექტორებთან დაკავშირება და რეალური, ზუსტი ინფორმაციის მიღება. ეს მათ ვალდებულებასაც წარმოადგენდა, რადგან მომჩივანი მათ დადასტურებულად დაუმტკიცებდა, რომ საიჯარო ქონების რეალური მფლობელობა და სარგებლობა კოოპერატივს არც კი დაუწყია, ვინაიდან მათი გეოგრაფიულად განთავსების ადგილებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია მანამდე, სანამ „მეიჯარე“ თავის ვალდებულებას არ შეასრულებს. ამ საიჯარო ქონებით ვერ სარგებლობას და არ შემდგარ მფლობელობას ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ კოოპერატივს არც კი დაუწყია ფუნქციონირება.
ეს ფაქტები და გარემოებები დასტურდება კონკრეტული მტკიცებულებებით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით და არსებული რეალური მდგომარეობით. ყველა ეს გარემოება კი საფუძველია იმისა, რომ კოოპერატივის მიმართ დარიცხული თანხა არის უკანონო და უსაფუძვლო და ის უნდა გაუქმდეს.
გადასახადის გადამხდელის საჩივარი 2024 წლის 14 თებერვლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, რაც უკანონოა.
საჩივარში ასევე ითხოვდნენ 2024 წლის 12 თებერვლის შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №3140 ბრძანების ბათილად ცნობას, რასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ უმსჯელია და ამ ნაწილში საჩივარი არ განუხილია, რაც ასევე უკანონობაა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით ლარში.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №33251-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ იყო წარდგენილი 2021, 2022 და 2023 წლების მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ სახელმწიფოსაგან 25 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით -----ის რაიონ სოფელ ----ის ტერიტორიაზე აღებულია სხვადასხვა ტიპის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ასევე, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთები. შემოწმების მიმდინარეობის დროს არაერთხელ შედგა კომუნიკაცია მომჩივანთან, თუმცა ქონებით ვერ სარგებლობის დამადასტურებელი არგუმენტები და მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა. ასევე, არ არსებობს არანაირი ინფორმაცია სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნები 2024 წლის 4 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 18 მარტის №5723 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნებში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 მარტის №5723 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 301-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 19 აპრილს წარადგინა მიწაზე 2018, 2019 და 2020 წლის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები. აღნიშნული დეკლარაციების საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნები. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, კოოპერატივის საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური ბრძანებაში მოიხსენიებს 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52 და №071-53 საგადასახადო მოთხოვნებს, ისინიც უნდა იქნეს ბათილად ცნობილი, რადგან სწორედ ის საფუძველია მათი გაუქმების საფუძველი, რაზეც ზემოთ აღინიშნა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ ეთანხმებიან შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 601 , 95-ე, 97-ე, 99- ე, 180-ე მუხლების და საგადასახადო კოდექსის მე-4, 41-ე მუხლების გათვალისწინებით, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი და კოოპერატივი გათავისუფლდეს დარიცხული გადასახადისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 19 აპრილს წარადგინა 2018, 2019 და 2020 წლების მიწაზე ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები. აღნიშნული დეკლარაციების საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სადავო საგადასახადო მოთხოვნებში ასახული საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, რაც საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.საჩივრის განუხილველად დატოვება(გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება).
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1128 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კოოპერატივის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა წარდგენილი 2021, 2022 და 2023 წლების მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები. მომჩივანს სახელმწიფოსგან ხელშეკრულებით 25 წლიანი აღებული ჰქონდა სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთები . მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №3140 ბრძანება და №071-2 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 46 950 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №5723 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი.
ასევე,შემოსავლების სამსახურის №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №5723 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნებში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახურის №5723 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203( „ა“ და „ბ“); 204(1.4); 205(2.7); 301( „ლ“);