გადაწყვეტილება №24235/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24235/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 1.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24235/2/2024).
დავის საგანი:
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შედეგად დარიცხული თანხები (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი);
2. დაკისრებული სანქციები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22226 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 461 950 ლარი.
მათ შორის:
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 200 000
ჯარიმა - 200 000
საურავი - 61 950
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სატელეფონო ცენტრის (Call center) ოპერირება.
აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.07.2021 წლიდან 11.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22226 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შედეგად დარიცხული თანხები (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი)
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. მომხმარებელთა მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საკითხებს, მათ შორის, მომხმარებლების ტექნიკური პრობლემის გადაჭრას და კლიენტთა ვებგვერდების გამოყენების შესახებ რჩევების გაცემას.
საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით დგინდება, რომ შპს „-----ის“ წარმომადგენლებს შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, როგორც ოპერატორს/აგენტს, უფლება აქვს გასცეს ბონუსი, თუ კლიენტი აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქმის მასალებიდანვე დგინდება აგენტის/ოპერატორის მიერ ბონუსების გაცემის ფაქტი. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის საქართველოს მთავრობის 15.02.2022 წლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის საფუძველზე მომჩივნის საქმიანობა/გაწეული მომსახურება მიჩნეულ იქნა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობს, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდენს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტის და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ მე-7 მუხლის გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 14.12.2021 წლის საქართველოს კანონზე ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა უნდა უზრუნველყონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რაც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.
ამავე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებითი პროდუქცია/მომსახურება არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 15.02.2022 წლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებით პროდუქციას/მომსახურებას წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების თანმდევი, დამხმარე მომსახურება, მათ შორის, სერვერებისა და მოწყობილობების ოპერირება.
ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, არსებით პროდუქციას/მომსახურებას ასევე წარმოადგენს ამ ნუსხის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი არსებითი პროდუქციის/მომსახურების აღწერილი იდენტური შინაარსისა და ფუნქციური დანიშნულების მქონე მოწყობილობა/დანადგარი/მომსახურება, მიუხედავად მწარმოებლის ან/და ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ მითითებული დასახელებისა/ინფორმაციისა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტის მიხედვით, ნებართვის სახეა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა.
სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − წელიწადში 100 000 ლარი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 276-ე მუხლზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „-----ის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატელეფონო ცენტრის (Call center) ოპერირება. სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „-----ის“ წარმომადგენლებს, შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, როგორც ოპერატორს/აგენტს, უფლება აქვს გასცეს ბონუსი, თუ კლიენტი აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქმის მასალებიდანვე დგინდება აგენტის/ოპერატორის მიერ ბონუსების გაცემის ფაქტი. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან დგინდება, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას.
შემოწმებით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ და „წ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „------ის“ საქმიანობა/გაწეული მომსახურება (ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვა) წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდენს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას. კერძოდ, აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება (ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვა) გავლენას ახდენს თამაშის საბოლოო შედეგებზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს ,,-----ის“ მიერ გაწეული მომსახურება არის არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება და შესაბამისად, წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოწმებით, შპს „-----ის“ მიერ არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის გაწეული მომსახურების, კერძოდ, გაწეული საქმიანობის ფარგლებში არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მომხმარებელთათვის ბონუსის გაცემის მომსახურების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შესაბამისად თანხების დარიცხვა, სანქციის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ თანხების დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილებში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 276-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგი. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშიც არის მითითებული, კომპანიის ძირითადი მოვალეობები მოიცავს ონლაინ ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის დახმარების აღმოჩენას. მომხმარებელთა მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საკითხებს, მათ შორის მომხმარებლების ტექნიკური პრობლემის გადაჭრას და კლიენტთა ვებ-გვერდების გამოყენების შესახებ რჩევების გაცემას და სხვა. კერძოდ, -----ს გაფორმებული აქვს მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც იგი მომსახურებას უწევს სხვადასხვა არარეზიდენტ სათამაშო ბიზნესის ოპერატორს. ამ ურთიერთობის ფარგლებში, კონკრეტულ ოპერატორს წერილობითი ან სატელეფონო ფორმით უკავშირდება არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მოთამაშე/მომხმარებელი (მომხმარებელი) და ითხოვს გარკვეულ საკითხში დახმარებას. აღნიშნული შეტყობინება/ზარი ავტომატურად მისამართდება -----ის შესაბამის თანამშრომელთან, რომელიც ემსახურება მომხმარებელს სათამაშო ბიზნესის ოპერატორის სახელით, უწევს მას შესაბამის ტექნიკურ დახმარებას და ეხმარება გარკვეული პრობლემის გადაჭრაში.
სხვა საკითხების გადაჭრასთან ერთად, მომხმარებელთა განცხადებების ერთ-ერთი ფორმაა სათამაშო ბიზნესის ოპერატორისაგან ბონუსის მოთხოვნა. ასეთი მოთხოვნის დამუშავების პროცესში ------ის თანამშრომელი მთლიანად ხელმძღვანელობს თავად სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ წინასწარ დადგენილი გზამკვლევით/ინსტრუქციებით და პროგრამით და არ იღებს ინდივიდუალურ ან/და დისკრეციულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, განცხადების განხილვა მოიცავს ორ ეტაპს:
1. პირველ ეტაპზე, -----ის თანამშრომელი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად ადგენს, შეიძლება თუ არა კონკრეტულ მომხმარებელზე ბონუსის გაცემა.
2. თუ დადგინდა, რომ ბონუსის გაცემა დასაშვებია, -----ის თანამშრომელს გადადის მეორე ეტაპზე და სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ წინასწარ მომზადებულ პროგრამაში (ე.წ. კალკულატორში) შეჰყავს კონკრეტული მომხმარებლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. პროგრამა (კალკულატორი) ავტომატურად აგენერირებს გასაცემი ბონუსის თანხას. თუ ბონუსის თანხა დადებითია, -----ის თანამშრომელს ხელით შეჰყავს ეს თანხა პროგრამაში და ღილაკზე თითის დაჭერით ადასტურებს სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ მოთამაშისათვის ბონუსის დარიცხვას.
არც ე.წ. კალკულატორი და არც თავად მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემა, რომელშიც ტექნიკურად ხდება ბონუსის დადასტურება არ წარმოადგენს შპს -----ის საკუთრებას და შესაბამისად არ იმართება მის მიერ. ამასთან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ის კრიტერიუმებიც, რომლის საფუძველზეც -----ის თანამშრომელი პირველ ეტაპზე აფასებს კონკრეტულ მომხმარებელზე ბონუსის გაცემის შესაძლებლობას, შემუშავებული და წინასწარ დადგენილია არა -----ის, არამედ უშუალოდ თამაშის ორგანიზატორის მიერ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ----ი თავად არ ურიცხავს ბონუსს მოთამაშეებს, და ეს ბონუსი ირიცხება სათამაშო ბიზნესის უშუალოდ იმ არარეზიდენტი ოპერატორის მიერ, რომლის მომხმარებლის განცხადებაც განიხილა -----ის თანამშრომელმა. გარდა ამისა, ბონუსი არ არის რაიმე სახის ჯილდო/პრიზი, რომელიც გავლენას ახდენს მოთამაშის მიერ მიღებულ მოგებაზე და რომლის გატანაც მოთამაშეს შეუძლია დაუყოვნებლივ. ამ ბონუსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სათამაშო ბიზნესის იმავე ოპერატორთან და კონკრეტული აზარტული/მომგებიანი თამაშობების სათამაშოდ. ბონუსის დარიცხვით -----ის როლი ამ პროცესში მთლიანად სრულდება. ------ს არ აქვს არანაირი წვდომა სათამაშო ბიზნესის ოპერატორის შესაბამის სათამაშო მოდულზე. შესაბამისად, ბონუსის დარიცხვის შემდეგ ------ი არ და ვერ გააკონტროლებს იმას, საერთოდ გამოიყენებს თუ არა მოთამაშე ამ ბონუსს, ითამაშებს თუ არ ითამაშებს, თუ გამოიყენებს - რა თამაშზე და რა ოდენობით. შესაბამისად, ------ს არ აქვს არათუ რაიმე გავლენა, არამედ არანაირი კავშირი მოთამაშის მიერ არც უშუალოდ რომელიმე თამაშობის დაწყებაზე და მითუმეტეს არც ამ თამაშის დასრულებაზე - მის შედეგზე. ბონუსის ჩარიცხვის შემდეგ ------ი სრულიად იზოლირებულია როგორც მოთამაშის, ისე სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ განხორციელებული ყველა ქმედებისაგან. შესაბამისად, მოთამაშე ითამაშებდა -----ის მიერ დარიცხული ბონუსით, თუ თავის მიერ სათამაშო ანგარიშზე შეტანილი თანხით - იგი თამაშობებს ზუსტად იგივე შედეგით დაასრულებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ -----ის ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ სათამაშო ბიზნესის არარეზიდენტი ორგანიზატორების მომხმარებელთა ტექნიკური დახმარებით და მისი საქმიანობა არანაირად არ მოიცავს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, რასაც რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს თამაშების შედეგებზე. ბონუსის გაცემა/არ გაცემის საკითხი წყდება სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ წინასწარ დადგენილი წესებით და ბონუსის თანხა ანგარიშდება ორგანიზატორის მიერ წინასწარ შექმნილი ალგორითმის/პროგრამის გამოყენებით. ბონუსი გადაიხდება სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ. ამ პროცესში -----ის როლი შემოიფარგლება მხოლოდ ამ ინსტრუქციების ზედმიწევნით მიყოლით და მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგის საქმიანობის პროცესში მოთამაშის მოთხოვნის დაკმაყოფილების მექანიკური აღსრულებით.
როგორც ზემოთაც აღინიშნა, არც -----ს და არც მის რომელიმე თანამშრომელს არ აქვს წვდომა/კავშირი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის არც ერთ კონკრეტულ თამაშობასთან და მას არ აქვს ინფორმაცია/კონტროლი იმაზე, საერთოდ გამოიყენებს თუ არა ამ ბონუსს მოთამაშე, თუ კი - რა ფორმით, რომელ თამაშზე მოხდება დარიცხული ბონუსის გამოყენება, ან რა შედეგით დასრულდება ეს თამაში. -----ის თანამშრომლის როლი სრულდება მომხმარებლის ზარის დასრულებისას და შესაბამისი საკითხის მოგვარებისთანავე.
დეტალური ინფორმაცია ბონუსის გაცემის პროცესთან დაკავშირებით წარმოდგენილია დანართი №2-ის სახით.
სამართლებრივი პოზიცია:
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვის საჭიროება:
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის (კანონი) თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება არის თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება.
ამასთან, არსებითი პროდუქცია/მომსახურება განმარტებულია კანონის 3.წ. მუხლში, როგორც კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე.
შესაბამისად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საჭიროების შესაფასებლად, კანონი ითვალისწინებს ორ-წვერიან ტესტს, რომელიც კუმულატიურად უნდა დაკმაყოფილდეს: (i) წარმოადგენს თუ არა განსახილველი მომსახურება კანონით ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ მომსახურებას; და (ii) ახდენს თუ არა აღნიშნული მომსახურება გავლენას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე.
1. წარმოადგენს თუ არა განსახილველი მომსახურება კანონით ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ მომსახურებას:
კანონის 3.ც მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება არის თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება. ამასთან, არსებითი პროდუქცია/მომსახურება განმარტებულია კანონის 3.წ. მუხლში როგორც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას.
ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არსებითი პროდუქცია/მომსახურება არის ისეთი მომსახურება, რომელიც ერთი მხრივ განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ, მეორე მხრივ კი მოიცავს იმ პროდუქციას/მომსახურებას, რომელიც პირდაპირაა მითითებული/ჩამოთვლილი ამ კანონში.
კანონის დანაწესის წაკითხვისას ცხადი ხდება, რომ -----ის მიერ თავისი არარეზიდენტი კლიენტებისათვის გაწეული მომსახურება (მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგი) არ შეესაბამება კანონში ამომწურავად ჩამოთვლილ არც ერთ მომსახურებას/პროდუქციას. კერძოდ, -----ი კლიენტებს არ აწვდის თამაშობებს, RNG-ს, ჯეკპოტის ან სათამაშო პლატფორმას, სერვერს, მონაცემთა ბაზას თუ მენეჯმენტის სისტემას. როგორც ზემოთაც აღინიშნა, -----ის ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების მომხმარებელთა ტექნიკური მომსახურებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უშუალოდ თამაშობებთან.
საგადასახადო შემოწმების აქტში საგადასახადო ორგანო უთითებს „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით (დადგენილება 69) დადგენილი ნუსხის პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე, რომელიც არსებით მომსახურებებად განიხილავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების თანმდევ, დამხმარე მომსახურებას, მათ შორის, სერვერებისა და მოწყობილობების ოპერირებას. ამ მუხლის კონტექსტში, საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ -----ის მიერ გაწეული მომსახურება წარმოადგენს არსებითი მომსახურების თანმდევ, დამხმარე მომსახურებას.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ დადგენილება 69-ის პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი არ არის უსაზღვრო და არ მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას, რომელიც გაწეულია სათამაშო ბიზნესის ოპერატორისათვის. ეს მუხლი უნდა განიმარტოს კანონის საერთო კონტექსტისა და 3.წ მუხლით დადგენილი ფარგლების გათვალისწინებით. კერძოდ, ეს უნდა იყოს კანონში ამომწურავად ჩამოთვლილი რომელიმე კონკრეტული არსებითი მომსახურების თანმდევი მომსახურება, რომელიც თავისი შინაარსით ასევე არსებითი ხასიათის მქონეა. -----ის როლის მხოლოდ რუტინული, ტექნიკური შინაარსი ცხადყოფს, რომ იგი სათამაშო ბიზნესის არარეზიდენტ ორგანიზატორებს არ აწვდის არსებითი ხასიათის მომსახურებას და შესაბამისად, მისი საქმიანობა არ წარმოადგენს დადგენილება 69-ის პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამხმარე მომსახურებას.
დადგენილება 69-ის პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის სწორი განმარტებისათვის და კანონმდებლის მიზნის დასადგენად, მომჩივანი ეყრდნობა სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს გაკეთებულ განმარტებებს; და (ii) სადავო მომსახურებიდან GGR-ის დათვლის შეუძლებლობაზე. კანონშემოქმედებით ეტაპზე გაკეთებული განმარტებები:
ის, რომ ------ის რუტინული, ტექნიკური ფუნქციების რეგულირება არ ექცევა კანონის მიზნის ქვეშ ნათლად ჩანს თავად ამ კანონის მიღების პროცესში მიმდინარე განხილვებიდანაც. კერძოდ, სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, კანონის მიზანზე საუბრისას აღინიშნა, რომ ცვლილების მიზანია ფულის გათეთრების კონტროლი და რომ არ დარჩეს კონტროლს გარეთ შემთხვევები, როდესაც ქართული კომპანია ჩართულია არარეზიდენტი პირის სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაში ან არსებით მომსახურებას უწევს ასეთ პირს. ამავე სხდომაზე განიმარტა, რომ აქ იგულისხმება პროგრამის მიწოდება, კონტროლი, თამაშის მიწოდება, სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაში ჩართვა. ნებისმიერი ჩართულობა, როცა სახეზეა თამაშის ორგანიზებაში არსებითი ჩართულობა და ადგილობრივი ორგანიზაციიდან ხდება ყველა სისტემურად მნიშვნელოვანი პროგრამის და მომსახურების მიწოდება.
იმავე სხდომაზე მოყვანილი იყო საილუსტრაციო მაგალითი, თუ რის დარეგულირებას ემსახურებოდა საკანონდებლო ცვლილებები. მოყვანილი მაგალითის თანახმად, ------ის რეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის პლატფორმაზე თამაშობს არარეზიდენტი პირი. თუმცა, თამაშის კრუპიე ზის საქართველოში და კრუპიეს მომსახურებას უწევს -----ის რეზიდენტ ორგანიზატორს. შედეგად, მოთამაშე თამაშობს -----ის რეზიდენტი ორგანიზატორის წინააღმდეგ, თუმცა -----ის რეზიდენტ ორგანიზატორს არსებით მომსახურებას უწევს ქართული კომპანია.
აღნიშნული ცხადყოფს, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი არის პირი, რომელიც არსებითად ჩართულია სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაში და ორგანიზატორს აწვდის სისტემურად მნიშვნელოვან პროგრამასა თუ მომსახურებას. თუმცა, როგორც ზემოთაც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგი და მოთამაშეთა განცხადებების განხილვა და პრობლემების ტექნიკური/მექანიკური გადაჭრა რაიმე სახის გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციის გარეშე ვერ ჩაითვლება ასეთი ტიპის არსებით მომსახურებად.
GGR-ის დაანგარიშების შეუძლებლობა:
კანონის მიზნების უფრო ცხადად განსამარტავად და იმის ცხადად დასანახად, თუ მომსახურებათა რა კატეგორიის რეგულირება სურდა კანონმდებელს დაგვეხმარება ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილება „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ (დადგენილება 455). დადგენილება 455-ის მე-5 მუხლი განსაზღვრავს ნებართვის მფლობელის მიერ შერჩეული პირისათვის ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირების (საოპერაციო) საფასურებს. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელებისთვის შერჩეული პირისათვის გადასახდელი საოპერაციო საფასურია სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე − არაუმეტეს GGR-ის 5%-ისა ყოველთვიურად.“
თავის მხრივ, იმავე წესის 2.დ პუნქტში განმარტებულია GGR (Gross Gaming Revenue) როგორც ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა (IN-OUT). ხოლო ამავე პუნქტის შენიშვნაში მითითებულია, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის შემთხვევაში, GGR მოიცავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ნებართვის მფლობელისთვის მის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობას (IN-OUT).
აღნიშნული ცხადყოფს, რომ აზარტული/მომგებიანი თამაშობის მიმწოდებელი არის ისეთი პირი, რომლის მიმართაც აღნიშნული GGR-ის დათვლა შესაძლებელია. კერძოდ, თამაშების მიმწოდებლის საქმიანობა ისეთ კავშირში უნდა იყოს უშუალოდ თამაშების ორგანიზატორის საქმიანობასთან, რომ თამაშების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება შემოსავლის გენერირების (GGR-ის) შესაძლებლობას აძლევდეს თავად ორგანიზატორს. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ამ GGR-ის მიკუთვნება უშუალოდ თამაშების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან. მაგალითად, თუ ქართული კომპანია არარეზიდენტ სათამაშო ბიზნესის ოპერატორს აწვდის ონლაინ ბლექ-ჯეკის პროგრამულ უზრუნველყოფას (თამაშის მიწოდება), შესაძლებელია დავითვალოთ ოპერატორის მიერ უშუალოდ ამ მომსახურების ფარგლებში (----ს თამაშიდან) მიღებული GGR და ასე დავთვალოთ თამაშის მიმწოდებლის მომსახურების საფასური.
მომჩივანი როგორც აღნიშნავს, ------ს აქვს მხოლოდ ტექნიკური ფუნქცია - სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორთა მომხმარებლებისათვის დახმარების აღმოჩენა, რომელიც უშუალო კავშირში არ არის არცერთ აზარტულ/მომგებიან თამაშობასთან. შესაბამისად, -----ის მიერ გაწეული მომსახურება არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს ორგანიზატორის მიერ შემოსავლის (GGR-ის) გენერირებაში. გარდა ამისა, თუკი -----ის თანამშრომლების მიერ ტექნიკურად დადასტურებული ბონუსებით მომხმარებელი ითამაშებს ოპერატორის პლატფორმაზე, ამ თამაშის შედეგად ეს ორგანიზატორი ვერ მიიღებს ვერანაირ მოგებას, რადგან მოთამაშეები თამაშობენ არა თავიანთი ნამდვილი ფულით, არამედ თავად ორგანიზატორის მიერ შექმნილი ვირტუალური სათამაშო ქულებით, რომელთა წაგების (ანუ ორგანიზატორისათვის გადაცემის) შემთხვევაში ორგანიზატორის ქონება არ იზრდება, არ გენერირდება შემოსავალი (GGR). მეტიც, ბონუსებით თამაშის შედეგი ორგანიზატორისათვის ვერასოდეს იქნება მოგების (GGR-ის) მიღება, თუმცა შესაძლებელია იყოს წაგება, რადგან გარკვეულ შემთხვევებში მოთამაშემ ხანგრძლივი თამაშის შემდეგ შესაძლოა დარიცხული ბონუსით მიიღოს მოგება, რაც კომპანიისათვის ზარალს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, -----ის მომსახურება არ წარმოადგენს სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორთათვის გაწეულ ისეთ მომსახურებას, რომელიც მას ხელს უწყობს შემოსავლის (GGR-ის) გენერირებაში და შედეგად ის ვერ იქნება ის არსებითი ხასიათის მომსახურება, რომლის რეგულირებაც კანონმდებლის მიზანია.
შესაბამისად, როდესაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტს განვმარტავთ არა უსაზღვროდ, არამედ კანონის მიზნებისა და კანონითვე დადგენილი კონკრეტული სერვისების ფარგლებში კიდევ ერთხელ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ -----ის მომსახურება არ წარმოადგენს არსებით მომსახურებას.
1.2. გავლენა თამაშის შედეგებზე:
გარდა იმისა, რომ არსებითი მომსახურება პირდაპირ უნდა იყოს განსაზღვრული მთავრობის დადგენილებით და ასევე მოიცავდეს კანონის 3.წ მუხლში ჩამოთვლილ მომსახურებებს, მომსახურების ასეთად მიჩნევისათვის აუცილებელია კიდევ ერთი ელემენტის - თამაშის შედეგებზე გავლენის არსებობა. როგორც კანონის შინაარსიდან, ისე მისი მიზნებიდან გამომდინარე, თამაშის შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არსებითი ელემენტია ლიცენზირებადი სუბიექტების იდენტიფიცირებისას და ზოგადად ლიცენზირების საჭიროების განსასაზღვრად, რაზედაც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.
საქართველოში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხის რეგულირებისას (საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისას) ძირითადად გადმოღებულია -----ის იურისდიქციის პრაქტიკა. შესაბამისად, ქართული რეგულაციების განმარტებისას და პრაქტიკის არ არსებობის პირობებში მნიშვნელოვანია ------ი კანონმდებლობის დამკვიდრებული განმარტების და პრაქტიკის გამოყენება. -----ის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, „არსებითი მომსახურების მიწოდება არის ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდება, რომელთა როლიც შეუცვლელია თამაშების შედეგების განსაზღვრაში“ („critical supply means a material supply which is indispensable in determining the outcome of game or games forming part of the gaming service.“2).
შესაბამისად, არსებითი მომსახურების განმარტებისას ორივე ქვეყნის კანონმდებლობა აუცილებელ ელემენტად მიიჩნევს მომსახურების გამწევის (თამაშის მიმწოდებლის) მიერ შესაბამისი თამაშის შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირის მიერ გაწეული მომსახურება ვარდება კანონით ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებების ჩამონათვალში, ეს პირი მაინც არ დაექვემდებარება ლიცენზირებას, თუკი მას მომსახურების გაწევისას არ აქვს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს კონკრეტული თამაშის შედეგებზე.
თამაშის შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის აუცილებელ ელემენტად შემოღებას აქვს კონკრეტული მიზანი. კერძოდ, როგორც ----ის, ისე -----ის მაგალითის შესაბამისად მოქმედი ქართული საკანონმდებლო ორგანოს მიზანი იყო აზარტულ/მომგებიან თამაშობებში სამართლიანობის უზრუნველყოფა და თამაშის შედეგებზე არაკეთილსინდისიერი გავლენის აღმოფხვრა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი მომსახურება რომლის მანიპულირების შედეგად შესაძლებელია თამაშის შედეგზე ზეგავლენა, უნდა დაექვემდებაროს ნებართვას. აღნიშნული ემსახურება ორი ძირითადი მიზნის მიღწევას:
1. მომხმარებლის (მოთამაშის) ინტერესების დაცვა იმ გზით, რომ შემთხვევითობაზე დაფუძნებული თამაში, რომელსაც ის თამაშობს, იყოს ნამდვილად შემთხვევითი და არ გახდეს სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის ან სხვა ნებისმიერი პირის (თამაშის მიმწოდებლის) მხრიდან მანიპულირების საგანი.
2. მეორე უმნიშვნელოვანესი მიზანი კი არის ფულის გათეთრების პრევენცია იმავე გზით, რომ სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორმა ან ნებისმიერმა სხვა პირმა (თამაშის მიმწოდებელმა) თამაშის შედეგების მანიპულირების გზით არ შეძლოს ფულის გათეთრება - კონკრეტული პირისაგან ფულის გამიზნულად მიღება (მოთამაშის მიერ წაგება) და სხვა პირისათვის გამიზნულად გადაცემა (მოთამაშის მიერ მოგება).
აღნიშნული მიზნები მიიღწევა სწორედ იმ პირების კონტროლით, რომლებიც ისეთ არსებით მომსახურებას უწევენ თამაშობის ორგანიზატორს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ თამაშობის შედეგებზე, ანუ აქვთ თამაშების შედეგების პოტენციური მანიპულირების საშუალება. ასეთი გავლენის ქონის გარეშე კი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორისათვის გაწეული ნებისმიერი მომსახურების კონტროლი არ ემსახურება რაიმე მიზანს. არც ----ის და არც ქართველი კანონმდებლის მიზანი არ ყოფილა ლიცენზირებას დაქვემდებარებოდა ყველა მომსახურება რაც დაკავშირებულია სათამაშო ბიზნესთან. ასეთი მიზნის არსებობის შემთხვევაში კანონმდებელი ძალიან მარტივად მოახერხებდა შესაბამისი რეგულაციების შექმნას.
ამ პრინციპის უფრო ნათლად საილუსტრაციოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ -----ის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა პირდაპირ გამორიცხავს ლიცენზირების ვალდებულებას ისეთი მომსახურებებისათვის, რომლებიც უკავშირდება მაგალითად „უნარებზე დამოკიდებულ თამაშებს“ (“skill games”). -----ის კანონმდებლობაში გაკეთებული განმარტების თანახმად, „უნარებზე დამოკიდებულია თამაშები, რომელთა შედეგებიც სრულად ან ძირითადად დამოკიდებულია მოთამაშის უნარებზე“ („activity the outcome of which is determined by the use of skill alone or predominantly by the use of skill.”3).
ასეთი თამაშების და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ლიცენზირების ვალდებულებისაგან პირდაპირ გამორიცხვა გამომდინარეობს სწორედ იმ მიზნებიდან, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კერძოდ, ვინაიდან ასეთი თამაშები დამოკიდებულია არა რაიმე ალგორითმზე (მაგ. RNG - შემთხვევითი ციფრის გენერატორი), არამედ უშუალოდ მოთამაშის უნარებზე. შესაბამისად, თამაშობის ორგანიზატორის ან/და თამაშის მიმწოდებლის მიერ ამ თამაშის შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია და არ არსებობს არც ამ თამაშის მიმწოდებლის კონტროლის მიზანი/მოტივი.
მაგალითისათვის, თუკი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის ონლაინ პლატფორმა საშუალებას იძლევა მოთამაშეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშონ ჭადრაკი, ამ თამაშის (ჭადრაკის) მიმწოდებელი არც ------ის და არც ქართული კანონმდებლობით არ დაექვემდებარება ლიცენზირებას. ამისი მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ თამაშის შედეგები მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეთა უნარებზე და თამაშის მიმწოდებელს ამ შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. შედეგად არ არის საჭიროება თამაშის მიმწოდებლის გაკონტროლების (ლიცენზია/ნებართვის გზით). შესაბამისად, ასეთი პირი ვერ ჩავარდება ვერც კანონის პირდაპირ, იმპერატიულ დანაწესში და ვერც კანონის რეგულირების მიზნებში.
აღნიშნულის საპირისპიროდ, თუ სათამაშო ბიზნესის ოპერატორის ონლაინ პლატფორმაზე შემოთავაზებულია მაგ. სათამაშო ბორბლის (რულეტის) თამაში, ამ თამაშის მიმწოდებელი დაექვემდებარება ლიცენზირებას, ვინაიდან მას აქვს საშუალება, გავლენა მოახდინოს თამაშის შედეგზე. კერძოდ, თამაშის მიმწოდებელს შეუძლია პროგრამული უზრუნველყოფის მანიპულირება იმგვარად, რომ კონკრეტული თამაში დასრულდეს კონკრეტული შედეგით (წითელი, შავი ან ე.წ. „ზერო“).
შესაბამისად, პირს, რომელიც ამ ფორმით აკონტროლებს თამაშის შედეგებს, ერთი მხრივ შეუძლია დაარღვიოს თამაშის შემთხვევითობის პრინციპი და დააზიანოს მომხმარებელი, ხოლო მეორე მხრივ მონაწილეობა მიიღოს ფულის გათეთრების სქემებში. სწორედ ამიტომ, კანონმდებელმა გადაწყვიტა რომ ლიცენზირების გზით აკონტროლოს ასეთი პირები და ამ გზით შეძლოს თამაშის შედეგების მანიპულირების პრევენცია.
მსგავსი რეგულირება ------სა და საქართველოს გარდა გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით და ზემოაღნიშნულის მსგავსად მიზნად ისახავს აზარტული და მომგებიანი თამაშობების სამართლიანობისა და შემთხვევითობის უზრუნველყოფას. კერძოდ, არაერთი სახელმწიფო აკონტროლებს სათამაშო აპარატებისა და მათი სისტემების, ასევე ონლაინ თამაშების და მათ უკან მდგომი სისტემების/პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობას და დაცულობას. ამ გზით სახელმწიფო რწმუნდება, რომ არც-ერთ პირს არ აქვს საშუალება, პროგრამული უზრუნველყოფის მანიპულირების გზით გავლენა მოახდინოს თამაშის შედეგებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიზანია ისეთი პირის კონტროლი, „რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე“ - ან როგორც ამას ----ის კანონმდებლობა უთითებს, რომელთა როლიც შეუცვლელია თამაშების შედეგების განსაზღვრაში. კერძოდ, მაკონტროლებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ყველა ის პირი, ვისაც შეუძლია თამაშების შედეგების მანიპულირება და უზრუნველყოს მათი მხრიდან კანონის დაცვა და თამაშის სამართლიანობის/შემთხვევითობის შენარჩუნება.
მომჩივნის მიერ საქმეში წარმოდგენილია ექსპერტის მოსაზრება, რომელშიც სწორედ ამაზეა ხაზი გასმული, რომ ბონუსების გაცემის მომსახურება არ შეიძლება რაიმე ფორმით გავლენას ახდენდეს თამაშის შედეგზე და ასევე ამ ტიპის მომსახურება ვერ იქნება არსებითი, რამდენადაც ბონუსების გაცემის გარეშეც შეუფერხებლად ფუნქციონირებს აზარტული თამაშები. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ისე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში, ყოველგვარი ახსნისა და დასაბუთების გარეშე მითითებულია, რომ -----ის მიერ გაწეული მომსახურების კონკრეტული ნაწილი - ბონუსების გაცემა - გავლენას ახდენს თამაშების შედეგებზე. კერძოდ, ორივე ინდ. აქტში ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა შემოიფარგლება შემდეგ ერთ წინადადებაში: „ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას“.
ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მითითებული მსჯელობა ფაქტობრივად მცდარია და საგადასახადო ორგანო არასწორად განმარტავს თამაშობის შედეგებზე გავლენას. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ----ის თანამშრომლების მიერ მექანიკურად (დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გარეშე) დადასტურებული ბონუსი არ წარმოადგენს მოთამაშეთა მიერ პირდაპირ განაღდებად ჯილდოს და მოთამაშეს შეუძლია ეს ბონუსი გამოიყენოს მხოლოდ სათამაშო ბიზნესის შესაბამისი ორგანიზატორის პლატფორმაზე სათამაშოდ. თუმცა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოთამაშე მიღებულ ბონუსს იყენებს სათამაშოდ არ შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ეს გავლენას ახდენს თამაშის შედეგზე. მოთამაშე რეალურად ითამაშებს თუ არა, ან, რომელ თამაშს ითამაშებს და მითუმეტეს ამ თამაშს რა შედეგით დაასრულებს (მოიგებს თუ წააგებს), აღნიშნულზე -----ს არანაირი გავლენა არ აქვს. შესაძლებელია რომ მოთამაშემ გადაიფიქროს და საერთოდ არ ითამაშოს. თამაშის გადაწყვეტილების შემთხვევაში რა შედეგით დასრულდება მიღებული ბონუსით თამაში - ამაზე გავლენა აქვს მხოლოდ ამ თამაშის ორგანიზატორს ან/და ამ თამაშის მიმწოდებელს, ასევე იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ ბიზნესს პროგრამულად უზრუნველყოფენ (ანუ იმ პირს, რომლის რეგულირებასაც ისახავს მიზნად კანონი). თავად ბონუსის ტექნიკურად დამადასტურებელს კი თამაშის შედეგებზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მაგალითად, თუკი -----ის თანამშრომელი დაადასტურებს კონკრეტული მოთამაშისათვის 50 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსის ჩარიცხვას, მოთამაშემ შეიძლება ეს ბონუსი გამოიყენოს სათამაშო ბიზნესის შესაბამისი ორგანიზატორის მიერ შემოთავაზებული თამაშის, მაგ. რულეტის სათამაშოდ. თუმცა, თამაშის დაწყების დროისათვის -----ის თანამშრომელს უკვე აღარანაირი კავშირი აღარ აქვს მოთამაშესთან ან თამაშთან. მისი როლი დასრულდა მოთამაშესთან კომუნიკაციის დასრულებისთანავე. ამასთან, -----ის თანამშრომელს არანაირი გავლენა არ აქვს და ვერც ექნება თამაშის შედეგზე. კერძოდ, რა შედეგით დასრულდება რულეტის დატრიალება, რომელზედაც ფსონი დადო მოთამაშემ - იქნება ეს შედეგი წითელი, შავი თუ „ზერო“. მეტიც, ----ის თანამშრომლის ქმედება - ბონუსის ტექნიკური დადასტურება არანაირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ არის თამაშის შედეგებთან და მას არ შეუძლია ამ შედეგების არათუ კონტროლი/მანიპულაცია არამედ დანახვაც კი.
იმის ნათლად საილუსტრაციოდ, რომ აუდიტის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის ლოგიკა მცდარია, შეგვიძლია მოვიყვანოთ მარტივი პრაქტიკული მაგალითი იმავე ინდუსტრიიდან. კერძოდ, განვიხილოთ მოთამაშის მიერ საკუთარ სათამაშო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ამ ტრანზაქციაში ჩართულია რამდენიმე პირი და პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად:
• მას შემდეგ, რაც მოთამაშე შევა ონლაინ კაზინოს სისტემაში და დააჭერს ანგარიშის შევსების ღილაკს, გადახდის ოპერატორი (მაგალითად Stripe, PayPal, Adyen, ა.შ.) აგროვებს მოთამაშის ბარათის/ანგარიშის მონაცემებს და ამ მონაცემებს, თანხის გადარიცხვის ავტორიზაციის მოთხოვნასთან ერთად, აწვდის საბარათე მომსახურების მიმწოდებელს (მაგალითად VISA, Mastercard, ა.შ.);
• საბარათე მომსახურების მიმწოდებელი იღებს თანხის გადარიცხვის ავტორიზაციის მოთხოვნას და ამ მოთხოვნას უგზავნის საბანკო დაწესებულებას - ბანკს, რომელშიც გახსნილი აქვს ანგარიში მოთამაშეს (ნებისმიერი ქართული თუ უცხოური კომერციული ბანკი);
• საბანკო დაწესებულება ადასტურებს გადარიცხვას და უგზავნის ამ დასტურს საბარათე მომსახურების მიმწოდებელს და გადახდის ოპერატორს;
• საბარათე მომსახურების გამწევის დახმარებით, მოთამაშის საბანკო დაწესებულება თანხას რიცხავს ონლაინ კაზინოს საბანკო დაწესებულებაში;
როდესაც თანხა ჩაირიცხება ონლაინ კაზინოს საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, მიმღები ბანკი ინფორმაციას უგზავნის კაზინოს და კაზინოს პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხული თანხა ისახება მოთამაშის პირად სათამაშო ანგარიშზე.
შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხივე პირი (მაგალითად, PayPal-ი, VISA, მოთამაშის ბანკი და კაზინოს ბანკი) ქმნის შესაძლებლობას, რომ მოთამაშემ დაიწყოს თამაში. მეტიც, მათი ჩართულობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მოთამაშემ დაიწყოს თამაში. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ თუკი ესა თუ ის კომპანია (მათ შორის, შპს „----ი“) კაზინოსთვის გაწეული მომსახურების ფარგლებში მოთამაშეს თანხას (მათ შორის ბონუსის სახით) უსვამს სათამაშო ანგარიშზე, ასეთი კომპანია გავლენას ახდენენ თამაშის საბოლოო შედეგზე. თუკი ამ ლოგიკას გავიზიარებთ, გამოვა, რომ გადახდის ოპერატორიც (PayPal), საბარათე მომსახურების გამწევიც (VISA) და მოთამაშისა და კაზინოს ბანკებიც, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან მოთამაშის ანგარიშზე თანხის დარიცხვაში, ვალდებულნი იქნებიან აიღონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ნებართვა.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ თუკი -----ი, როგორც ბონუსის ტექნიკურად დამრიცხველი ვალდებულია აიღოს აზარტული თამაშობის მიმწოდებლის ნებართვა, იგივე ტიპის ნებართვის აღება მოუწევთ ზემოთ ჩამოთვლილ ფინანსურ ინსტიტუტებს. მეტიც, ზემოთ ჩამოთვლილი ფინანსური ინსტიტუტები სათამაშო ბიზნესის ოპერატორს უწევენ ისეთ მომსახურებას, რომლის გარეშეც სათამაშო ბიზნესის (ონლაინ კაზინოს) ოპერირება შეუძლებელია - რადგან შეუძლებელია აზარტული თამაში ფულის გარეშე. სამაგიეროდ, სავსებით შესაძლებელია სათამაშო ბიზნესის ოპერირება ბონუსის გარეშე. გარდა ამისა, -----ის მიერ დარიცხული ბონუსის წაგების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესი არ იღებს მოგებას (GGR) და არც მოთამაშე აგებს რამე რეალურს. ხოლო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დარიცხული ნაღდი ფულის წაგების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესი აგენერირებს მოგებას (GGR-ს) და მოთამაშე ნამდვილად აგებს თანხას. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტების მიერ თანხის ჩარიცხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მომსახურებაა სათამაშო ბიზნესისათვის, ვიდრე----ის მიერ ბონუსის (ფიქტიური აქტივის) დარიცხვა.
ზემოთ განხილული მაგალითიდან ნათელია, რომ აბსურდული იქნებოდა ფინანსური ინსტიტუტებისათვის იმის მოთხოვნა, რომ მათ აეღოთ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ნებართვა. ისეთივე აბსურდული, როგორც ამ ნებართვის აღების ვალდებულების დაკისრება ------თვის. ამის მიზეზი კი მარტივია - თამაშის დაწყების საშუალების მიცემას არანაირი კავშირი/გავლენა არ აქვს თამაშის შედეგებზე. ნებართვა უნდა აიღოს ისეთმა პირმა - ვისაც უშუალოდ აქვს საშუალება, გავლენა მოახდინოს თამაშის შედეგზე (შეცვალოს თამაშის ლოგიკა, RNG, პროგრამული უზრუნველყოფა, ა.შ.), და არა ყველა იმ პირებმა, ვინც ზოგადად შესაძლებელს ხდის თამაშს. ასეთი განმარტების შემთხვევაში ნებართვას დაექვემდებარებოდა თელმიკო, სილქნეტი და ყველა სხვა ის პირი, რომელიც ქმნის საჭირო ინფრასტრუქტურას ონლაინ თამაშობაში მონაწილეობის მისაღებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ------ის მიერ გაწეული არც ერთი მომსახურება თუ ქმედება გავლენას არ ახდენს და ვერ მოახდენს თამაშის შედეგებზე. მეტიც, -----ს არ აქვს კონტროლის საშუალება იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს თამაშის ორგანიზატორისაგან მიღებულ ბონუსს კონკრეტული მოთამაშე, რა თამაშს ითამაშებს და რა შედეგით დაასრულებს ამ თამაშს. -----ის როლი სრულდება მომხმარებელთან ზარის/ჩათის დასრულებასა და კონკრეტული საკითხის გადაჭრასთან ერთად. ამ ბონუსის გამოყენება/არგამოყენების საკითხი, კონკრეტული თამაშის შერჩევა, ფსონის დადება/არ დადება და დადებული ფსონის ოდენობა მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეზე. ხოლო კონკრეტული თამაშის შედეგი დამოკიდებულია თამაშის ორგანიზატორზე ან/და ამ თამაშის მიმწოდებელზე. შესაბამისად, ვთვლით რომ -----ის მიერ გაწეულ მომსახურებას არანაირი გავლენა არ აქვს თამაშის შედეგებზე და შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს იმ არსებით მომსახურებას, რომელიც საჭიროებს ნებართვას.
1.3. ექსპერტის დასკვნა სადავო საკითხზე:
საქმეში წარმოდგენილია ექსპერტის მოსაზრება, რომელიც შედგენილია შვეიცარიის კონფედერაციის ლიცენზირებული იურისტის, დოქტორი -----სა და -----ის ლიცენზირებული იურისტის, ----ის თამაშების ორგანოს (-------) ყოფილი მთავარი მრჩეველისა და თამაშების მარეგულირებელთა ევროპული ფორუმის (Gaming Regulators European Forum) ბორდის წევრის, დოქტორი--------ს თანაავტორობით.
დასკვნაში სადავო თემა განხილულია -----ის საკანონმდებლო ნორმებსა და ------ის თამაშების ორგანოს (MGA) პრაქტიკაზე დაყრდნობით. აღნიშნული ანალიზი რელევანტურია მათი საქმისათვის, რამდენადაც ქართული კანონმდებლობა ეფუძნება სწორედ ------ის მოწესრიგებას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით.
ექსპერტის მოსაზრებაში რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზეა გამახვილებული ყურადღება, რომელზედაც ქვემოთ მოკლედ მოგახსენებთ. ექსპერტის დასკვნის სრულად გასაცნობად იხილეთ დანართი №3.
ქართული კანონმდებლობა, -----ის კანონმდებლობის მსგავსად, ერთმანეთისაგან მიჯნავს არსებით და არაარსებით მომსახურებებს. კერძოდ, თუ პირი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორს აწვდის არსებით მომსახურებას, როგორც ქართული, ისე ------ი კანონმდებლობით მას მოეთხოვება ნებართვა. ხოლო თუ პირი სათამაშო ბიზნესის ოპერატორს აწვდის არაარსებით მომსახურებას, ასეთ შემთხვევაში ნებართვის აღების ვალდებულება არ არსებობს.
ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, როგორც ქართულ, ისე ----ის კანონმდებლობაში არსებითი და არაარსებითი მომსახურებების გასამიჯნად გამოყენებული ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ის, მომსახურებას აქვს თუ არა გავლენა თამაშის შედეგებზე. ამ მხრივ ექსპერტის დასკვნაში გაანალიზებულია, ახდენს თუ არა გავლენას ----ის მიერ გაწეული მომსახურება თამაშის შედეგებზე. ექსპერტს გამოყოფილი აქვს რამდენიმე ძირითადი არგუმენტი:
• ექსპერტის მოსაზრებაში მკაფიოდაა გამოხატული პოზიცია იმის შესახებ, რომ ბონუსის გაცემა არ ცვლის თამაშის ლოგიკას, შემთხვევითი რიცხვების გენერატორს, არც თამაშის პროგრამულ უზრუნველყოფას და არც მის საწყის კოდს. შესაბამისად, ბონუსის გაცემა არ და ვერ მოახდენს რაიმე გავლენას თამაშის შედეგებზე.
• ექსპერტის მოსაზრებაში ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზეც, რომ ბონუსის გაცემა თითქმის ნაღდი ფულის ჩარიცხვის იდენტურია. ამ მხრივ კი, ----ის როლი ფაქტობრივად უთანაბრდება იმ პირების როლს, რომლებიც მოთამაშის ანგარიშზე თანხის განთავსებაში იღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან VISA, MASTERCARD და საბანკო დაწესებულებები. საბანკო დაწესებულებები, როგორც პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოთამაშის ანგარიშზე ნაღდი ფულის ჩარიცხვას „გარკვეულწილად“ ჩართული არიან სათამაშო ბიზნესში. თუმცა ისინი არ იღებენ არანაირ უშუალო მონაწილეობას თავად სათამაშო ეკოსისტემაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, არც საბანკო დაწესებულებები, არც პლასტიკური ბარათის მომსახურების მიმწოდებლები (VISA, MASTERCARD) და არც -----ი არანაირ გავლენას არ ახდენენ თამაშის შედეგებზე.
• ექსპერტის მოსაზრებაში ერთმანეთისაგან ასევე გამიჯნულია ბონუსის თანხის გაცემა და ბონუსის თანხის სათამაშოდ განთავსება. იმ მომენტში, როდესაც ----ი გასცემს ბონუსს, ეს თანხა ისახება მოთამაშის პირად ბალანსზე. ამ ეტაპზე ეს თანხა ჯერ გადატანილი არ არის კონკრეტული აზარტული თამაშობის პროგრამულ მოდულზე. მოთამაშემ თავად უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ გადაიტანს თუ არა ამ ბონუსს კონკრეტული თამაშის მოდულზე, რომელ თამაშს შეარჩევს, და შემდეგ დაიწყებს თუ არა თამაშს. შესაბამისად, ----ი არ ახდენს გავლენას არა თუ თამაშის შედეგზე, არამედ მის დაწყებაზეც კი. ------ი სრულიად დისტანცირებულია ამ პროცესისაგან.
ექსპერტის მოსაზრებაში დასკვნის სახით ნათლად არის მითითებული, რომ ------ის მიერ ბონუსების გაცემა არ წარმოადგენს ისეთ საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ლიცენზიას ან/და ნებართვას -----ის სათამაშო კანონმდებლობის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 14.12.2021 წლის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირებს, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა განესაზღვრათ ვალდებულება უზრუნველეყოთ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რაც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.
ამავე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებითი პროდუქცია/მომსახურება არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 15.02.2022 წლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებით პროდუქციას/მომსახურებას წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების თანმდევი, დამხმარე მომსახურება, მათ შორის, სერვერებისა და მოწყობილობების ოპერირება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, არსებით პროდუქციას/მომსახურებას ასევე წარმოადგენს ამ ნუსხის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი არსებითი პროდუქციის/მომსახურების აღწერილი იდენტური შინაარსისა და ფუნქციური დანიშნულების მქონე მოწყობილობა/დანადგარი/მომსახურება, მიუხედავად მწარმოებლის ან/და ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ მითითებული დასახელებისა/ინფორმაციისა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტის მიხედვით, ნებართვის სახეა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა.
სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 პუნქტის მიხედვით, კერძოდ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − წელიწადში 100 000 ლარი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
2. დაკისრებული სანქციები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 12.06.2024 წლის №006-285 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 461 950 ლარის ოდენობით, მათ შორის, მოსაკრებელი 200 000 ლარი, ჯარიმა 200 000 ლარი და საურავი 61 950 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე საქმიანობისათვის. კერძოდ, მუხლის თანახმად, „პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.“ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება და ობიექტები რეგულირდება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
• სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
• წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
• სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის, სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორის თამაშობები;
• ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
• სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
ამასთან, ამავე კანონის 6.5 მუხლის თანახმად, მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის, სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორის თამაშობებისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროსთვის ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორის თამაშობების, ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეული სალაროს მოწყობის უფლებას. მათ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ----ს ედავება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.1011 მუხლით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის გადაუხდელობას. ზემოთ მითითებული მუხლები კი ცხადყოფს, რომ თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებელი არ არის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და არ არის გათვალისწინებული ასეთი მოსაკრებლის არცერთ ობიექტში. ამასთან, თამაშების მიმწოდებელზე არ გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშანი. შესაბამისად, -----ს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომელიც პირს ჯარიმას აკისრებს მოსაკრებლის ნიშნის გარეშე საქმიანობისათვის, ვინაიდან თამაშების მიმწოდებლისათვის ასეთი ვალდებულება კანონით გათვალისწინებული არ არის. ამ საკითხს ხაზი გაესვა სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, სადაც ნათლად ითქვა, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი არ იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს და ის იხდის მხოლოდ ამ კონკრეტული საქმიანობის სანებართვო მოსაკრებელს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ის რეგულირება და სანქციები, რაც ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც იხდიან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში ---ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე საქმიანობას და მომჩივანისათვის საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით პასუხისმგებლობის დაკისრება სრულიად უსაფუძვლოა და დარიცხული ჯარიმა უნდა გაუქმდეს.
2.2. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით დაკისრებული საურავის უკანონობასთან დაკავშირებით.
საგადასახადო კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. გადასახადის ცნებას ადგენს სსკ-ის მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც „გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.“ ამავე მუხლში მითითებულია გადასახადების ამომწურავი ჩამონათვალი - საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი და ქონების გადასახადი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ტერმინი გადასახადი არ მოიცავს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსაკრებლებს. ამასთან, არც საგადასახადო კოდექსით და არც სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის პირისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი საურავის დაკისრება თამაშების მიწოდების სანებართვო მოსაკრებლის ვადაში გადაუხდელობისათვის. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპების შესაბამისად, სანქცია, როგორც მზღუდავი ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. სანქციის დაკისრებისას დაუშვებელია ანალოგიის გამოყენება, ან ნორმის ფართოდ განმარტება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად კანონმდებლობა არ გაძლევს ამის საშუალებას. უდავოა ის გარემოება, რომ გადასახადისა და მოსაკრებლის ცნებები ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება და მათი გაიგივება და გადასახადების მარეგულირებელი წესების (განსაკუთრებით კი სანქციების) გამოყენება მოსაკრებლის მიმართ დაუშვებელია, თუ კი ეს კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული..
შესაბამისად, -----თვის საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის დაკისრება სრულიად უსაფუძვლოა და დარიცხული საურავი უნდა გაუქმდეს.
იმ შემთხვევაში, თუ დავების განხილვის საბჭო ჩათვლის, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში ზემოთ მითითებული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვითხოვთ საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და ----ი გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციებისგან. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმებისას არ დადგენილა არანაირი საგადასახადო დარღვევა, გადასახადის გადამხდელი კანონმდებლობის სრული შესაბამისობით იხდიდა გადასახადებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად. მეტიც, მომჩივანს ზედმეტად ჰქონდა დეკლარირებული და გადახდილი წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვითხოვთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტების გაუქმებას და დარიცხული მოსაკრებლისა და სანქციების განულებას. ხოლო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე საქმიანობისათვის. თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებელი არ არის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და არ არის გათვალისწინებული ასეთი მოსაკრებლის არცერთ ობიექტში. ამასთან, თამაშების მიმწოდებელზე არ გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშანი. შესაბამისად, ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომელიც პირს ჯარიმას აკისრებს მოსაკრებლის ნიშნის გარეშე საქმიანობისათვის, ვინაიდან თამაშების მიმწოდებლისათვის ასეთი ვალდებულება კანონით გათვალისწინებული არ არის. ამ საკითხს ხაზი გაესვა სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, სადაც ნათლად ითქვა, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი არ იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს და ის იხდის მხოლოდ ამ კონკრეტული საქმიანობის სანებართვო მოსაკრებელს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ის რეგულირება და სანქციები, რაც ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც იხდიან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე საქმიანობას და მომჩივანისათვის საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით პასუხისმგებლობის დაკისრება სრულიად უსაფუძვლოა და დარიცხული ჯარიმა უნდა გაუქმდეს. ასევე, უნდა გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავიც, რომლის დაკისრება სრულიად უსაფუძვლოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22226 ბრძანება;
3. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შედეგად დარიცხული თანხები (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი);
2. დაკისრებული სანქციები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.07.2021 წლიდან 11.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №22226 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272(1); 276;